ლევან ჯავახიშვილი
თბილისში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ქართველი გიდების ერთმა ნაწილმა აქცია გამართა. ისინი ამბობენ, რომ უსამსახუროდ რჩებიან და ეს მალე ძალიან ბევრს შეუქმნის პრობლემას.მათი განცხადებით, უცხოენოვანი გიდები კანონით უნდა იყვნენ ვალდებულნი, ფლობდნენ სახელმწიფო ენას და იყვნენ ამ ქვეყნის მოქალაქეები. ქართული ენა უნდა იცოდნენ მძღოლებმაც. ისინი ამბობენ, რომ უცხოელი გიდები ისე წარადგენენ საქართველოს, როგორც სურთ:„ხან ირანის პროვინცია ვართ და ხან რუსეთის გუბერნია“ – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ, გიდმა ქეთი ბურნაძემ. ტურიზმის შესახებ კანონზე მსჯელობა ჯერ არ დასრულებულა და უცნობია, როგორ დარეგულირდება ახალი კანონით გიდების საკითხი. აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ ახალი კანონი ადგილობრივ გიდებს არ დაიცავს, უცხოეთის მოქალქეთა ინტერსებს დაიცავს და საქართველოს მოქალაქეები უმუშევრები დარჩებიან. გარდა ამისა, გიდებსა და მძღოლებს სხვა პრობლემები აქვთ, რომელთა შესახებაც „ალიას“ ესაუბრება გიდი, ნატალია ანდრონიკაშვილი.
–ქალბატონო ნატალია, რა სახის პრობლემები გაქვთ გიდებს?
–პრობლემები უკვე დიდი ხანია გვაქვს. როდესაც რაღაც დარგი ვითარდება ქვეყანაში, ცხადია, მას თან უნდა მიყვებოდეს გარკვეული რეგულაციები, კანონმდებლობა უნდა იყოს მოწესრიგებული, რომ ქაოსი არ უნდა შეიქმნას. წლების მანძილზე, როდესაც მეურნეობა და მეწარმეობა ჩამოიშალა ქვეყანაში, აღმოჩნდა, რომ ტურიზმი არის წამყვანი დარგი. 70% ჩვენი მოსახლეობისა, პირდაპირ თუ ირიბად, ჩართულია ამ სფეროში. პანდემიის დროს ყველა დავზარალდით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ განსაკუთრებით საქართველოში დავზრალდით ტურიზმის სფეროში დასაქმებული და არაპირდაპირ ჩართული ადამიანები, რადგან არ არსებობს შესაბამისი, ადეკვატური კანონმდებლობა, რომელიც მოაწესრიგებს დარგში არსებულ პრობლემებს. დაიწყო კანონის განხილვა შემოდგომით. ცოტა ხნის წინ, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსმა, მაია ომიაძემ ინტერვიუში თქვა ასეთი რამ, რომ ხელს ვერ შევუშლით უცხოელების საქართველოში დასაქმებას, ჩვენ ლიბერალური ეკონომიკა და ლიბერალური მიდგომები გვაქვსო. ომიაძის ამ ინტერვიუმ გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა, რადგან ვფიქრობთ, რომ მისი ეს განწყობა, აისახება კანონში და ის მორგებული იქნება უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეთა ინტერესებს, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ უცხოელები ქართველ გიდებს ნელ–ნელა ჩაანაცვლებენ. წლების მანძილზე ხდება საქართველოს ისტორიის დამახინჯება, ყველა უცხოელი გიდი სათავისოდ, საკუთარი ქვეყნის ინტერესების შესატყვისად უყვება ტურისტებს ჩვენი ქვეყნის ისტორიას. ცხადია, უპირველესად ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ვგულისხმობ, რომელთაც თავიანთი ინტერესები აქვთ საქართველოში. კი, ბატონო, ლიბერალური ეკონომიკა გვაქვს ქვეყანაში, მაგრამ არის ისეთი დარგები, სადაც უცხოელებს კანონით უნდაშეეზღუდოთ დასაქმება. ინდოელი, პაკისტანელი, ირანელი, თურქი, პოლონელი რა ენაზე კითხულობს ჩემი ქვეყნის ისტორიას? ცხადია, თავიანთ მშობლიურ ენაზე და თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ამ ენებზე ყველა ისტორიული წყარო, საქართველოს ისტორიის ყველა მონაკვეთი დეტალურად არის ნათარგმნი? ცხადია, არ არის. 5 000 გიდი ვართ, როგორც თავად სახელწიფო გვეუბნება. უმეტესობა, წლებია ამ სფეროში ვართ. მე 2010 წლიდან სრულად ამ სფეროში ვმუშობ. თითქმის ყველა მეორე გიდი ერთმანეთს ვიცნობთ. ვზივართ არქივებში, საჯარო ბიბლიოთეკაში, ვეძებთ ინფორმაციას და სხვა საშუალებებითაც ვიღრმავებთ ცოდნას. არ არის ეგრე, 3 თვიანი კურსი გაიარო, გიდის ლიზენცია აიღო და ამით მორჩე ყველაფერს.
–გარდა მაგისა, ახალ–ახალი ლოკაციები ჩნდება,კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები, რომელთა შესახებაც მწირი ინფორმაცია არსებობს და დიდი შრომა უნდა იმდენი ინფორმაციის მოპოვებას, რომ ტურისტს ფასეული, მეტ–ნაკლებად სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდო. უცხოელი გიდი ამას მოახერხებს, თუ ქართული ენა არ იცის?
– რაც გადაღეჭილია, იმის შესახებ არ ფლობენ უცხოელი გიდები სათანადო ინფორმაციას და ცხადია, ახალი ლოკაციები მათთვის ყამირია. ყველაზე დიდი საშიშროება ის არის, რომ მიდის საქართველოს ისტორიის დამახინჯება– გადაწერა. ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, რუს ტურისტებს ვლადიკავკაზელი გიდი როგორ უხსნიდა – რუსეთმა აულებიდან გამოიყვანა ქართველები, საქართველო ცივილიზაციას აზიარა, მანამდე პაპუასები იყვნენო. მეორე უყვება, რომ კასპიიდან შავ ზღამდე მთელი ტერიტორიები თურმე რუსეთისა ყოფილა. ირანელი გიდი ირანელ ტურისტებს ეუბნება, რომ აღმოსავლეთ საქართთველო სპარსეთის იმპერიისა იყო. თურქები ყვებიან, რომ დასავლეთ საქართველო მათია. ნარიყალაზე თურმე თამარ მეფის ძეგლი გვიდგას, მეფე ერეკლე მოხუცი და მარაზმატიკი იყო და მუხლებში ჩაუვარდა ეკატერინე მეორეს, არიქა მიშველეო. მილიონი მსგავსი შემთხვევაა და მიდის გათახსირება ჩვენი ისტორიისა. ეს ჩვენმა ჩინოვნიკებმა არ იციან, არც ტურიზმის ადმინისტრაციაში და არც არსად და უნდა გაიგონ. მე არ ვამახინჯებ ჩემი ქვეყნის ისტორიას, მაგრამ ვახერხებ და ამაშია ჩემი პროფესიონლიზმი, რომ უზბეკეთიდან ჩამოსულ ტურისტებს საქართველოს ისტორიის ის მონაკვეთი, როდესაც ჯალალ–ედინი და თემურ ლენგი აოხრებდნენ საქართველოს და ორივენი ჩემთვის მტრები არიან, ვახერხებ ისე მოვუყვე, რომ შეურაცხყოფილნი არ დარჩნენ. ჯერ ჩვენი, გიდების სტატუსი არ არის განსაზღვრული, ტურისტული მძოლების სტატუსი მთლად ჰაერში ჰკიდია. პანდემიის დროს, ჩვენ ვერ დაგვეხმარა სახელმწიფო, რადგან ფრილანსერები ვართ, ერთ კონკრეტულ ტურისტულ კომპანიაში არ ვმუშაობთ. ინდმეწარმეებად ვართ დარეგისტრირებულნი და გადასახადებსაც ვიხდით, მაგრამ მაინც არ დაგვეხმარნენ. ბევრ მძღოლს მანქანები, ავტობუსები გასაყიდი გაუხდა, რადგან ლიზინგით ჰყავდათ გამოყვანილი და პანდემიისას, ორი წელი რომ ვერ იმუშავეს და ვერ გადაიხადეს ლიზინგის გადასახადი. ამ მძიმე ფონის მერე, ნაცვლად იმისა, რომ მუშაობის საშუალება მოგვცემოდა, ახლა უკვე სხვა პრობლემა გაჩნდა. რუსეთიდან ჩამოდიან ტურისტები ავტობუსებით, თავიანთი გიდებით და შემოსავლის 2/3 ამგვარი ტურისა გადის ქვეყნიდან–მძღოლის ხელფასი, გიდის ხელფასი, ტურ–ლიდერის ხელფასი, 30%–დან 40%–მდე კომპანიის მოგება. რა რჩება ქვეყანაში? რაც ჭამეს და ღამისთევის ფული,ისიც დაბალფასიან ადგილებში. რას უყვებიან და როგორ წარმოაჩენენ საქართველოს, ეს კიდევ სხვაა. აქ ტურისტების უსაფრთხოების საკითხიც დგას. ჩვენმა მძღოლებმა კარგად იციან ყველა გზა, გზების ყველა მეტ–ნაკლებად სარისკო მონაკვეთი, ეს ადგილები უამრავჯერ აქვთ გავლილი. რუსმა თუ თურქმა მძღოლმა, ეს გზები არ იცის, მათთვის დიდი რისკია ამ გზებზე სიარული და ეს რისკი მათი და ტურისტების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა. მერე, ჩვენი მძღოლები ყველა ერთმანეთს იცნობს, ერთმანეთს ეხმრებიან. ზოგჯერ, ავტობუსი გაფუჭებულა და ისე გამოუცვლიათსხვა ავტობუსით, ტურისტები ვერც მიმხვდარან–ვიდრე ტურისტები ობიექტს ათვალიერებენ, ან საჭმელს მიირთმევენ, სხვა მძღოლი მოსულა თავისი ავტობუსით, დაუტოვებია და გაფუჭებული თავადვე წაუყვანია შესაკეთებლად, ან ახალი ნაწილი მოუტანია და გაფუჭებული ადგილზე შეუცვლია ახლით. ერთ–ერთი ტურის დროს, რაჭაში, ღამის 3 საათზე ორი საბურავი დაეშვა ავტობუსს. მძღოლი ადგილობრივი იყო, ერთი სათადრიგო საბურავი ჰქონდა, მეორე არა. 40 წუთში არათუ, ორივე ახალი საბურავი ეყენა ავტობუსს, უკვე სასტუმროში ვიყავით. ადგილობრივი ღამითაც ვიღაცას გააღვიძებს. იგივე რომ დაემართოს თურქ და ირანელ მძღოლს, რას იზამენ? ვერაფერს. ადგილობრივი მაცხოვრებელი რომც გააღვიძოს, ვერ გააგებინებს რა უნდა, რადგან ქართული არ იციან. ავტობუსში უნდა გაათენოს ხალხმა ღამე და დილით თუ მოახერხებს საბურავების შეცვლას. ბევრი ასეთი და უარესებიც ხდება, ამაზე არავინ ფიქრობს. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოში უნდა იმუშაონ ადგილობრივმა მძღოლებმა. რატომ უნდა დაიჩაგრონ ჩვენი მძღოლები? ამისთვის მინდა სახელმწიფო, რომ დაგვიცვას, მისი მოვალეობაა მოიფიქროს, როგორ შეიძლება შეეზღუდოთ უცხოელ გიდებს და მძღოლებს მუშობა. ჩვენზეა დამოკიდებული არა მარტო ტურისტების კმაყოფილება, მათი უსფრთხოებაც და ამ შემთხვევაში, იმ ლიბერალური კანონებით, მიდგომებით, რომელიც ომიაძემ მოიშველია, ტურისტები უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული.
– თუ ხელისუფლებამ არაფერი მოიმოქმედა საქართველოს მოქალაქე გიდებისა და მძღოლების დასაცავად, თუ არ შეუზღუდა რუს და სხვა ეროვნების ადამიანებს კანონით ამ სფეროში საქმიანობა, დაახლოებით რამდენი ადამიანი შეიძლება დარჩეს უმუშვარი?
–მოგახსენეთ, 5 ათასამდე გიდი თავად სახელმწიფომ დაგვთვალა, არანაკლები რაოდენობის მძღოლია–4–დან 5 ათასამდე. ამ ადამიანების უკან ოჯახებია. მარტო 5 000 გიდი აიღეთ, სულ მცირე, მეუღლე და თითო შვილი ხომ ჰყავთ, მშობლებზე არაფერს ვამბობ. თუ ყველა უმუშვარი დავრჩით, გამოდის, მინიმუმ 15 000 ადამიანი დარჩება შემოსავლის გარეშე. ამ ზაფხულს რუსი გიდების შემოსევაა და ეს თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება სრულად ჩააანაცვლონ ქართველები. რუსი გიდების, მძღოლების პრობლემა რუსეთ–უკრაინის ომის მერე დაიწყო. სხვებიც ხომ არიან–თურქები, ინდოელები, არაბები, პაკისტანელები, ირანელები… ყველა ჯურის და ჯიშის ხალხი მუშაობს. დიდი პრობლემაა, რომ ჩვენ სამუშაო ვიზა არ გვაქვს, ვისაც მოესურვება, ყველა ჩამოსული მუშაობს და სადაც უნდა, იქ მუშაობენ. ეს სამუშაო ვიზა უნდა დაწესდეს, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაშია. ვინც აქ ჩამოდის, უმეტესობა შესეეულია ტურიზმს. კი, ბატონო, დაარსონ უცხოელებმა ტურისტული კომპანიები, ამას ვერ აუკრძლავ, მაგრამ გიდებად და მძღოლებად ადგილობრივებმა უნდა იმუშაონ. სულ არ გვჭირდება, ხელისუფლების ჩარევა, კანონების მიღება. ყველაფერი კარგად მიდიოდა, გადასახადებსაც ვიხდიდით და ვმუშაობდით ნორმალურად. ხელისუფლებისგან ველოდებით უმარტივეს რაიმეს–მიიღონ კანონი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ქართული ენის არცმცოდნეებს არ მიეცეთ გიდად და მძღოლად მუშაობის უფლება. ჩვენ გვითხრეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს როგორ დავავალდებულოთ ქართული ენის ცოდნა, საკუთარი მოქალაქეები გვყავს, რომელთაც ენა არ იციანო. უკაცრავად, მაგრამ თუ მარნაულში აზერბაიჯანელებმა არ იციან ქართული, ეს ჩემი პრობლემა არ არის. ჯავახეთში ისევ რომ გაუხსნეს სომხური სკოლები, ეს სახელწიფოს პრობლემაა. უნდა აიძულო, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს ქართული, მით უფრო, რომ მათ კონსტიტუცია ავალდებულებს ამას. რასაც ხელისუფლება ახლა ითხოვს–გიდების რეგიტრაცია, გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირება, ნებაყოფლობითი სერტიფიცირება, ეს ყველაფერი მაგათ გარეშე გვაქვს გაკეთებული. არ მესმის, რატომ უნდა ჩაუგდო უცხოელებს ხელში, უკვე განვითარებული, შემოსავლიანი სფერო და შენი მოქალაქეები რატომ უნდა დატოვო უმუშევრად?!
„ალია“ კომენტარისთვის დაუკავშირდა ორგანიზცია „ერი და სახელმწიფოს“ თანადამფუძნებელს, ზვიად ტომარაძეს.
– თქვენი ორგანიზაცია ტურიზმის სფეროში დასაქმებული გიდების, მძოლების აქციას შეუერთდა. ხელისუფლება ამზადებს ახალ კანონს, რომელიც ტურიზმის სფეროში, მათივე თქმით, ვითარებას დაარეგულირებს. რას მოიტანს რელურად ეს ახალი კანონი?
–ჯერ კიდევ 2017 წელს, კულტურის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს მივწერე წერილი, სადაც ტურიზმის სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას ვთხოვდი, თუმცა, ამას რეაგირება არ მოჰყოლია. პრობლემა იმაშია, რომ უამრავი ტურისტული კომპანია, რომელთაც ჰყავთ თავიანთი უცხოელი გიდები, ზოგი უცოდინრობით, ზოგი მიზანმიმართულად ამახინჯებს საქართველოს ისტორიას და ათასნაირ სისულელეს უყვებიან უცხოელ ტურუსტებს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს საკითხი დარეგულირებულია. გიდად რომ იმუშავო, უნდა იყო იმ ქვეყნის მოქალაქე, იცოდე იმ ქვეყნის ენა, ისტორია და გიდის სერტიფიკატი უნდა გქონდეს. საქართველოში ეს მთლინად მოშლილია, სიტუაცია უკონტროლოა. ამასთან დაკავშირებით, ტურიზმის დეპარტამენტთან ჩატარდა საპროტესტო აქცია. ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა, მაია ომიაძემ მედიით განაცხადა, რომ ჩეენ გვაქვს ლიბერალური კანონმდებლობა და მიდგომები და აქედან გამომდინარე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ავუკრძალავთ გიდებად მუშაობასო. თავისთავად იგულისხმება, რომ აკრძალვა არც უცხოელ მძღოლებს შეეხებათ. ახლა აპირებენ ახალი კანონის მიღებას.გავეცანი კანონპროექტს და მასში არ ფიგურირებს გიდებისთთვის არც საქართველოს მოქალაქეობის ვალდებულება, არც ქართული ენის ცოდნისა და არც სხვა ვალდებულებები, რომლითაც ისინი ოდნავ მაინც მიუხლოვდებოდნენ სხვა ქვეყნების კანონმდებლობას. პრობლემა ისევ რჩება პრობლემად. ისტორია ისევ ყალბდება და კულტურა მახინჯდება. რუსი გიდები რუსებს ეუბნებიან, რომ საქართველი იყო რუსეთის გუბერნია და დამოუკიდებელი სახელმწიფო არასდროს ყოფილა, ქართლის დედა თამარ მეფე ჰგონიათ. თურქები და ირანელი გიდები თავიანთ მოქალაქე ტურისტებს ეუბნებიან, რომ საქართველო მათი პროვინცია იყო და სხვა ათას სიცრუეს უყვებიან. ეს საკითხი დასარეგულირებელია. გიდი არის ელჩი საკუთარი ქვეყნისა და უცხოელებს აცნობს მის ისტორიას, კულტურას, გეოგრაფიას და კიდევ ბევრ სხვასაც, რითიც ტურისტი დაინტერსედება. ჩვენი გიდები ძალიან კარგად არიან მომზადებულნი, ამ მისიას ღირსეულად ართმევენ თავს. უცხოელ გიდებს ეს ცოდნა არ გააჩნიათ. გარდა ამ პრობლემებისა, ბევრი ჩვენი მოქალაქე გიდი დარჩა უკვე დარჩა უმუშევარი და თუ ეს პროცესი გაგრძელდა, ბევრი დარჩება კიდევ უმუშევარი. ისედაც დაიცალა ჩვენი ქვეყანა, უამრავი ადამიანი გადაიხვეწა უცხოეთში ლუკმა–პურის საშოვნელად და ვინც დარჩა, მუშობს, ისინი მაინც უნდა დავიცვათ, რადგან უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში, მათ უმეტესობას უცხოეთში წასვლის გარდა, სხვა გზა აღარ დარჩება. ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, ვინც წავიდა, ისინიც უნდა დავაბრუნოთ, არათუ კიდევ სხვებს გაუხდეთ გასაქცევად საქმე.ათასი რამეა ქვეყანაში გასაკეთებელი, ინდუსტრიალიზაცია, სოფლის მეურნეობის განვითარება, სასურსათო უზრუნველყოფის შექმნა და სხვა. ეს საკითხი დასარეგულირებელია, მოთხოვნები არის სრულიად ლეგიტიმური და ხელისუფლების პოლიტიკური ნების შემთხვევაში შესრულებადია.
–ამ სიტუაციის გამოსასწორებლად თქვენ რა ნაბიჯების გადადგმა გესახებათ?
–ჩვენი კონსულტაციის შედეგად, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების სახელით უკვე გაიგზავნაორი წერილი, ერთი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის სახელზე, მეორე წერილი გაეგზავნა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით სონღულაშვილს.ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანები, მოითხოვენ შეხვედრას და მათი პრობლემების მოგვარებას. იმედი მაქვს, აღნიშნული პიროვნებები შეხვედრაზე უარს არ იტყვიან და იმოქმედებენ სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად.
კომენტარები