„კარანტინიდან უფრო ნაკლებად, მაგრამ თვითიზოლაციიდან დარღვევის შემთხვევები არცთუ ცოტაა, რაც ძალიან ცუდია”, – ამის შესახებ „რეზონანსთან” დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.
თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის გახმაურებული ბოლო შემთხვევა კახეთის რეგიონს უკავშირდება, როდესაც იტალიიდან ჩამოფრენილმა მოქალაქემ, თვითიზოლაციის რეკომენდაცია დაარღვია და თელავში ერთ-ერთი კოსმეტიკურ სალონს ესტუმრა. სალონის თანამშრომლებმა კი ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს მიაწოდეს.
გამყრელიძე თვითიზოლაციის დარღვევის კონკრეტულ შემთხვევებს არ ასახელებს თუმცა ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები არცთუ ცოტაა.
„რიცხვებს ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით, კარანტინიდან თავის არიდების, ან თავის დაღწევის მცდელობები უფრო ნაკლებად, მაგრამ თვითიზოლაციიდან დარღვევის შემთხვევები არცთუ ცოტაა, რაც ძალიან ცუდია”, – განაცხადა მან.
საკუთარ შვილზე, ნიკოლოზ გამყრელიძეზე საუბრისას, რომელსაც კორონავირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შვილის ბოლოს კვირას შეხდა და იმ დროისთვის მას დაავადების სიმპტომები არ ჰქონია.
„ჩემს შვილს იშვიათად ვნახულობ, მასთან კვირას მქონდა კონტაქტი, მაშინ არ აღენიშნებოდა არაფერი, მას ეს ოთხშაბათს-ხუთშაბათს დაეწყო. მაქვს საკმაოდ დაძაბული ცხოვრების რეჟიმი, ჯერჯერობით ჯანმრთელი ვარ, ჯერჯერობით ვუძლებ”, – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის უკვე 12 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
კომენტარები