თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:
– რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილს შესთავაზეთ “კრიზისის გადალახვის საგზაო რუქა” – ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის” რეფორმების ჯგუფის შექმნა, რომელიც შეიმუშავებდა გეგმას და აღსრულებასაც უხელმძღვანელებდა. ამ ჯგუფის მოდერატორობა და ამავე დროს დახმარება შესთავაზეთ “ამ ისტორიული პროცესის მართვაში.” შეგეხმიანათ ბიძინა ივანიშვილი?
– არა, არ შემხმიანებია.
– გქონდათ იმედი, რომ შეგეხმიანებოდათ?
– ზოგადად, არ ვამყარებ იმედებს, მისი გადასაწყვეტი იყო, შემეხმიანებოდა, თუ არა. მე შევთავაზე გამოსავალი ამ მძიმე კრიზისული სიტუაციიდან, თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცევა. როგორც ჩანს, არ არის მზად იმ რეალური კომპრომისებისათვის, რომელსაც საზოგადოება ითხოვს. მოგეხსენებათ, მე მას დიდი ხანია ვიცნობ, დიდხანს გვაკავშირებდა მეგობრული ურთიერთობა, არ არის სულ ერთი ჩემთვის მისი ბედი, არ გამიხარდება მისი ცუდი. რბილად რომ ვთქვა, მე შევთავაზე გამოსავალი, მორალურად რომ გადარჩეს, რომ გადაარჩინოს საკუთარი კეთილდღეობა.
– როგორ გგონიათ, ისიც ასე ფიქრობს თქვენზე?
– ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვქონდა პიროვნული, ოჯახური, იმედი მაქვს, მიუხედავად მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებისა, ის ამ ურთიერთობას პოლიტიკაზე მაღლა დააყენებს. ნამდვილად ვერ გეტყვით, რას ფიქრობს, ასე თვლის თავადაც, თუ შეიძლება, პირად მტრობაში გადაიტანოს პოლიტიკური დაპირისპირება, მე ის ვიცი, მე რას ვფიქრობ და ეს გითხარით.
– თქვენ ერთი წერილით მიუწოდეთ ივანიშვილს, რომ გამოვიდეს ჩრდილიდან და ხელში აიღოს სადავეები, თუმცა, იმასაც წერდით, რომ ამ გზით, მას პირდაპირ დაეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. თქვენი შეთავაზება ხაფანგია, თუ გამოსავალი? უნდა პირადად იყოს პასუხისმგებელი?
– საქმე იმაშია, რომ დამალვას აზრი არა აქვს, მას ისედაც და ასედაც დააკისრა ისტორიამ ეს პასუხისმგებლობა. პოლიტიკაში მთავარია, რა განცდაა საზოგადოებაში – საზოგადოება მას მიიჩნევს პასუხისმგებლად. „ქართულ ოცნებას“ რომ შევხედოთ, ღიად არ აღიარებენ ამას, მაგრამ პირად, შიდა საუბრებში, ისინიც ბიძინას ნათქვამს განიხილავენ. მის პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს უცხოეთიც, ხმამაღლა საუბრობენ უკვე მის სანქცირებაზე. აღიარებს ბიძინა ივანიშვილი, თუ არ აღიარებს რომ პოლიტიკაშია, რომც არ იყოს პოლიტიკაში, ისტორიამ, ხალხმა და უკვე სამყარომ დააკისრა ეს პასუხისმგებლობა. მას არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ მოახერხებს ამ პასუხისმგებლობის აცილებას, მეტიც, ის იმას კი არ უნდა ფიქრობდეს ეს როგორ აიცილოს, არამედ იმაზე უნდა ფიქრობდეს, როგორ ზიდოს ახლა ეს პასუხისმგებლობა რომ საკუთარი კეთილდღეობა და უსაფრთხოება შეინარჩუნოს. რასაკვირველია, მას შეუძლია თქვას, რომ არ აგებს პასუხს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მაგრამ დღეს ამას ვეღარავის დააჯერებს.
კომენტარები