ლევან ჯავახიშვილი, ალია
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.
–კვირის მთავარ სკანდალზე – ვლადიმირ პოზნერისა და მისი თანმხლები პირების თბილისში ვიზიტზე, კომენდატის საათის დროს მათ მოლხენასა და ამის გამო ატეხილი საპროტესტო აქციებზე რას იტყვით?
– არის შინაარსი და არის ფორმა. პოზნერს როგორც ჩანს, ჰქონდა ჩამოსვლის უფლება. არ მგონია, რომ ამაზე ბევრი უნდა ვილაპარაკოთ. ხალხს კიდევ ჰქონდა პროტესტის უფლება. წარმოუდგენელი რაღაცები ჰქონია ამ კაცს ნალაპარაკევი. თუმცა, ამ პროტესტის ფორმები არ მომეწონა. შეიძლება მაქსიმალურად კატეგორიული იყო პროტესტში, მაგრამ წყევლა–გინება და ასეთი რაღაცები თავად გაკნინებს. ჩემთვის გამაღიზიანებელი არა იმდენად პოზნერის ჩამოსვლა იყო, არამედ ის, რაც ამის შემდეგ მოხდა. ჩვენ ყველანი გამოკეტილები ვართ სახლში, რუსეთიდან ჩამოდის ხალხის მოზრდილი ჯგუფი ვიღაც ინტერეს-ჯგუფის მოპატიჟებით და ეს ხალხი არღვევს კომენდანტის საათს. თან არ შიძლება, რბილად რომ ვთქვათ, პოზნერი მეგობრად ჩავთვალოთ. ამან გამოიწვია ხალხის სამართლიანი გაღიზიანება, აჩვენა სისტემური მანკიერება. მერე პოლიცია გვეუბნება, ჩვენ დავაჯარიმეთ პოზნერი კომენდანტის საათის დარღვევისთვისო. თუ პოლიციამ დააჯარიმა, ამით აღიარებენ, რომ არღვევდნენ კანონს – კომენდანტის საათს. თუ კანონს არღვევდნენ, პოლიცია იქ იდგა, იმ სასტუმროს კარებთან, საიდანაც ეს ხალხი გამოვიდა და რატომ გამოუშვეს? მაშინ იქვე დაეჯარიმებინათ. მერე ერთი კაცი რატომ დააჯარიმეს, როდესაც იქ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო და ყველა ერთნაირად კანონდამრღვევი? ეს არის სრული აბსურდი, რაღაცას კერავენ უკანა რიცხვით და რაღაცას აკეთებენ. პროტესტი იყო სრულიად გამართლებული და ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ საქართველოში ჩამოვა, პატივი უნდა სცეს და დაემორჩილოს ამ ქვეყნის კანონებს.
კომენტარები