დიდ ბრიტანეთში მოღვაწე არქიტექტორის, ზაჰა ჰადიდის მიერ ლონდონში დაარსებული კომპანია Zaha Hadid Architects ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ შენჟენში ტყუპ ცათამბჯენს, სახელად Tower C ააშენებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფუტურისტული ნაგებობა, რომელსაც მრავალგანზომილებიან ვერტიკალურ ქალაქსაც უწოდებენ, დაახლოებით 400 მეტრი სიმაღლის იქნება.
კოშკები ერთმანეთს ფართო ხიდებით დაუკავშირდება, საიდანაც ქალაქზე პანორამული ხედი გადაიშლება. ნაგებობის ქვედა ნაწილში ტერასული ტიპის ბაღები გაშენდება, რაც სპეციალური სავენტილაციო სისტემის საშუალებით ცათამბჯენის შიგნით არსებული ჰაერის გაწმენდას შეუწყობს ხელს. იგეგმება წვიმის წყლის შემგროვებელი და გადამამუშავებელი სისტემის დამონტაჟება, შენობის ენერგიით მოსამარაგებლად კი მზის პანელებს გამოიყენებენ.
Tower C-ის გარშემო განლაგებული ბაღი მის მიმდებარედ არსებულ პარკთან იქნება ინტეგრირებული, რაც ფეხით მოსიარულეთათვის ცათამბჯენთან მისვლას გაამარტივებს. ამის გარდა, დაგეგმილია ველოსიპედებისთვის განკუთვნილი საპარკინგე ზონისა და ელექტროტრანსპორტის დასამუხტი სადგურების მოწყობა. ნაგებობის შიგნით განთავსდება საოფისე, კულტურული და საგამოფენო სივრცეები, სავაჭრო და გასართობი დაწესებულებები, ასევე, სასტუმროები და რესტორნები.
Zaha Hadid Architects ტყუპ ცათამბჯენს შენჟენში ახლად წამოწყებული პროექტის ფარგლებში ააშენებს, რომელიც ქალაქში მასშტაბური ბიზნეს და ფინანსური ცენტრის შექმნას ისახავს მიზნად. ეს უკანასკნელი გუანდუნის პროვინციას, ჰონგ კონგის ადმინისტრაციულ რეგიონსა და მაკაოს ავტონომიურ ერთეულს მოემსახურება. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე განლაგებულ ოფისებში ყოველდღიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი მოიყრის თავს.
წყარო – popx.ge
კომენტარები