იაპონურმა ავტომობილების კონცერნმა Toyota-მ, ჩინეთში, ახალი კორონავირუსის გამო შეჩერებული ყველა თავისი ქარხნის მუშაობა განაახლა.
კომპანია, თავისი ქარხნების მუშაობის განახლებას ჩინეთში ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში აპირებდა, თუმცა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების გაგრძელების გამო, გადაიფიქრა.
კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ამ ეტაპზე ქარხნები ჯერჯერობით მთელი სიმძლავრით არ არის ამუშავებული.
2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 79 360 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 2 619-მდე გაიზარდა.
დაღუპულთაგან თითქმის ყველა ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს – ორი მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, ორი – ირანში, ერთი – ფილიპინებზე, ერთი – იაპონიაში, ერთი – ტაივანში, ერთი – საფრანგეთში, სამი – საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, სამი – იტალიაში, შვიდი – სამხრეთ კორეაში, რვა – ირანში.
ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში.
კომენტარები