დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ისეთ ქვეყნებში, სადაც ვირუსის მაღალი დასენიანებაა.
„ჩინეთთან შედარებით შესაძლოა უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენდეს ჩვენი მეზობელი ქვეყანა. სწორედ ამიტომ იყო ირანთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილებები მიღებული.
მოვუწოდებ მოსახლეობას – თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, თავი ავარიდოთ ჩინეთში მოგზაურობას. ასევე თავი ავარიდოთ მოგზაურობას ირანში, სამხრეთ კორეაში და ძალიან დასენიანებულ ქვეყნებში. სამწუხაროდ, ამ ქვეყნების რიცხვში შევიდა იტალიაც. ეს აკრძალვა არ არის, თუმცა თუ ამის აუცილებლობა არ არის, თავი შეიკავეთ მსგავს ქვეყნებში მოგზაურობისგან.
რისკი მომატებულია ყველგან და მათ შორის ჩვენთანაც, ამიტომ მეტი მზადყოფნა გვმართებს. ამასთან, იგი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თუ რომელიმე მოქალაქეს ასეთ ქვეყნებში მოგზაურობის 2-კვირიანი ისტორია აქვს, აუცილებლად მიმართოს ინფექციურ საავადმყოფოს.
შეგახსენებთ, 24 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში ინფიცირებულთა 77 400-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილთა რაოდენობა 2592-მდე გაიზარდა.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 2 200-ს აღწევს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 416-თ გაიზარდა.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები