ანი დვალიშვილი, ალია
გამოდი, იყვირე და სახლში წადი, ყველას მობეზრდა, ოპოზიცია ხვდება, რომ საშველი აღარსად არის, ვადამდელი არჩევნების თემაც პრაქტიკულად დახურულია და ახლა ცდილობს მაქსიმალური სარგებელი მიიღოს, მაგრამ არც ეს გამოდის. “ქართულმა ოცნებამ” კანონები ისე მოირგო საკუთარ თავზე, წუნს ვერ აუღებ და 2024 წლისთვის დაიწყო მზადება. ჰო, სწორედ რომ 2024 წლისთვის, რადგან ვადამდელი არჩევნების თემამ მიიძინა და თუ ოპოზიცია ან ხელისუფლება სასწაულს არ იზამს, არც გაიღვიძებს.
თუ აკვირდებით, როგორც კი სააკაშვილის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი მინელდება, პოლიტიკა თითქოს კვდება, თითქოს აღარაფერი ხდება. ეს ოპოზიციის ბრალიც არის და ხელისუფლებამაც შიდა ომი მთლიანად კულუარებში გადაიტანა. შიდა ომში მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების დაპირისპირებას არ ვგულისხმობთ, ადგილებზეც სერიოზული “ჭიდაობა” მიდის და იმის მიუხედავად, რომ თითქოს საკრებულოებში თანამდებობებიც დანაწილდა, თითქოს ყველა მერს ჰყავს მოადგილე, უკვე მოხდა გადანაცვლებები და საკრებულოში სიით გასული წევრები, ერთი-მეორის მიყოლებით ტოვებენ ოფლით მოპოვებულ მანდატს. ზოგს ამის გაკეთებას აიძულებენ, ზოგმა კი დაპირებული თანამდებობა ვერ მიიღო და უბრალოდ, წავიდა. “ოცნება” ერთსა და იმავე ნაღმზე უკვე მერამდენედ ფეთქდება და შედეგსაც იმკის – არჩევნებიდან არჩევნებამდე ამომრჩეველს კარგავს, მაგრამ დარჩენილი ნაწილი მაინც ჰყოფნის იმისთვის, რომ პირველობა არ დათმოს, მაგრამ როდემდე ეყოფა, სავარაუდოდ თავადაც არ იციან. უკმაყოფილოები არიან ისინიც, ვინც სიაში ცოტა ქვემოთ იყო და არწმუნებდნენ, რომ საკრებულოში მოხვდებოდა და თანამდებობასაც მიიღებდა, მაგრამ საერთოდ ყველაფრის გარეშე დარჩა. ამიტომ, ნუ გაიკვირვებთ, თუ ახალ წლამდე საკრებულოებში როტაცია გაგრძელდება.
ისიც გემახსოვრებათ, თბილისის მერობის დროს, დავით ნარმანიას ცხრა მრჩეველი რომ ჰყავდა და ამაზე ხმაური ატყდა. კახი კალაძეს მრჩეველი საერთოდ არ ჰყავს, მაგრამ რეგიონებში ეს პოსტები ჭარბად შეიქმნა. თავად განსაჯეთ, მერებს 3-3 მოადგილე და მინიმუმ 5 მრჩეველი ჰყავთ. რაც მთავარია, მრჩევლებისთვის არცერთ, ვიმეორებთ – არცერთ მუნიციპალიტეტში არ არის გამოყოფილი სამუშაო ოთახი, ანუ მერის მრჩეველს არ აქვს ადგილი, სადაც შეუძლია მივიდეს, დაჯდეს, იმუშაოს, იფიქროს, რჩევა მისცეს მერს. და როგორ გგონიათ, როგორ გადაჭრეს ეს პრობლემა? მარტივად, მეგობრებო – მერების მრჩევლების 99% სამსახურში არ დადის, ის 1% კი პერიოდულად ჩნდება. მთლიანობაში, ჩვენ და თქვენ 200-ზე მეტი მრჩევლის, ანუ ისეთ ადამიანის შენახვა გვიწევს, ვინც სამსახურშიც კი არ დადის და არაფერს აკეთებს.
როგორ გგონიათ, ეს ყველაფერი ოპოზიციამ არ იცის? იცის, მაგრამ ვერაფერს აკეთებს, რადგან ამას კანონი არ კრძალავს და მეორეც – რესურსი არ აქვთ იმისა, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში ჩავიდნენ და ელემენტარულად მონიტორინგი გაუწიონ იმას, დადიან თუ არა სამსახურში თანამდებობის პირები. ოპოზიცია ვერც იმის მონიტორინგს ახორციელებს, სად არიან დანიშნული საკრებულოს რიგითი წევრები საკრებულოში ყოფნის პარალელურად. ანუ, საკრებულოს რიგით წევრს ჯამაგირი 600 ლარამდე აქვს, რაც დღევანდელ პირობებში ძალიან ცოტაა. ამიტომ, ისინი პარალელურად ა(ა)იპ-ებში დაასაქმეს და საკრებულოს 600 ლარს, ერთი ამდენი იქიდან ემატება და საბოლოო ჯამში, ნორმალური ჯამაგირი გამოდის. ცალკე თემაა ხელფასების მატების პროცესი, რომელიც ისე გადანაწილდა, რომ რეალურად, ჯამაგირი საგრძნობლად მხოლოდ პირველ პირებს ემატებათ, თორემ სპეციალისტი 700 ლარს აიღებს თუ 770-ს, დიდი ვერაფერი ბედენაა.
საბოლოოდ, ქვეყანა მივიდა იქ, სადაც უნდა მისულიყო. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს პოლიტიკური ნიჰილიზმი სჭირს, არავის და აღარაფრის სჯერა და მხოლოდ თვითგადარჩენაზე ფიქრობს. ეს მდგომარეობა კი მმართველი გუნდისთვის იდეალურია, რადგან სწორედ ნიჰილიზმის გამო, საპროტესტო აქციებზე ხალხი აღარ დადის. სინამდვილეში კი, საპროტესტოც ბევრია და საჩხუბარიც, მაგრამ ამ ეტაპზე, ამის სურვილი და ხალისია გამქრალი…
კომენტარები