„ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობს, პილიციელი გაჩა ზვერაძის როლის შემსრულებელ, დავით დვალს, მანქანა დაუზიანეს.
ვიდეო კამერის ჩანაწერების მიხედვით, უცნობი პირი კონკრეტულად დვალის მანქანასთან მიდის და მას აზიანებს. მსახიობი ფორმულასთან აღნიშნავს, რომ მოგვიანებით თავდამსხმელმა ინსცენირება მოაწყო, თითქოს ავტომანქანა კორპუსიდან გადმოვარდნილმა ნივთმა დააზიანა.
“დღეს დილას დამირეკა მეზობელმა, რომ შენი მანქანა დაზიანებულია და რა ხდებაო. რომ ჩამოვედი ძალიან ცუდ მდგომარეობაში დამხვდა. ჯერჯერობით ამოუცნობი პირი, დაახლოებით, 4 წუთის განმავლობაში წიხლებით აზიანებდა მანქანას. ფაქტი არის ძალიან სამწუხარო, ვანდალიზმია.
როგორც ჩანს, კვალის დაფარვის მიზნით, შემდეგ რომ გვეფიქრა, რომ ზემოდან რაღაც გადმოვარდა და იმიტომ დაზიანდა ავტომობილი, გადმოგდებულია დიდი საგანი […] ყველაფერი დასაშვებია. ზოგი ძალიან არაადეკვატურად აღიქვამს მსახიობის როლს და აიგივებს როლს და პერსონაჟს ერთმანეთთან”, – განაცხადა დავით დვალმა ფორმულასთან საუბარში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
დავით დვალს, რომელიც სერიალში უარყოფით პერსონაჟს განასახიერებს, მაყურებლის ნაწილი როლთან აიგივებს:
,,მეუბნებიან, ცუდად გახასიათებენ, გლანძღავენ, ამბობენ, რომ ცხოვრებაშიც ალბათ ასეთიაო… ხომ ვამბობ, აბსოლუტურად განსხვავებული ტიპაჟები ვართ. ჩემი მეგობრები, ვინც კარგად მიცნობენ, ხშირად ამბობენ, რომ გიყურებთ და შენ საერთოდ არ ხარო. სიმართლე გითხრათ, ამას რომ მეუბნებიან, მსიამოვნებს, თუ ასეა, ე.ი. სწორი გზით მივდივართ. ეს ნამდვილად გამარჯვების ტოლფასია. ზუსტად ეგ არის საინტერესო, რომ მე არ მგავს…” – ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი
კომენტარები