„ალიას“ ესაუბრება „ფორ.ჯი”-ს დამფუნებელი და რედაქტორი, არასამთავრობო ორგანიზაციის „დავასრულოთ“ თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი:
– სოსო მანჯავიძესთან და ია მეტრეველთან ერთად დააფუძნეთ ორგანიზაცია „დავასრულოთ“, თქვენც უნდა გკითხოთ, ცოტა დაგვიანებული ხომ არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულება?
– რა თქმა უნდა, ცოტა კი არა, კარგად დაგვიანებულია, ვინმეს რომ ეთქვა 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საღამოს, რომ გავიდოდა 8 წელი და ამ სიტუაციას მივიღებდით – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, გრიგოლ ვაშაძე, შუაგულ რუსთაველზე, სპეცრაზმელს თავში ჩაარტყამდა და ეს ჩაივლიდა დაუსჯელად, მაშინ მე მაგას ვერ დავიჯერებდი და მე კი არა, თავად ნაცებიც არ დაიჯერებდნენ. 2012 წლის 2 ოქტომბერს ბარგი ჰქონდა ბევრს ჩალაგებული და გაქცევას აპირებდა, დაურეკეს, დააბრუნეს და დააწინაურეს… ცალსახად კრიმინალები, ცალსახად კორუფციაში ჩარეული ხალხი დააბრუნეს. ესაა რეალობა და რა თქმა უნდა, დაგვიანებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელები ჩამოვუშვათ და შევეგუოთ. იმ ხარისხით რომ დაბრუნდებიან, რა ხარისხითაც იყვნენ, ღმერთმა არა ქნას, მერე გამოსწორება ხომ შეუძლებელია? მით უმეტეს, რომ ასე რევანშით არიან განწყობილნი, ქართველი ხალხის, ქართველი ამომრჩევლის წინააღმდეგ.
– ენმ-ის დასრულებას ბევრი ითხოვს, მათ შორის მმართველი ძალაც, მაგრამ, არასოდეს არავინ ასახელებს ადრესატს – ვის სთხოვენ მათ დასრულებას?
– სანამ სხვის თვალში ბეწვის ძებნას დაიწყებდე, საკუთარში დირე უნდა იპოვნო. რას ვკითხულობთ და ვისმენთ სოციალურ ქსელში? – რატომ ეს არ გააკეთა ხელისუფლებამ, რატომ ის არ გააკეთა, – მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ საზოგადოებამ 2012 წელს ფეხი ფეხზე გადავიდეთ და ვუთხარით „ოცნებას“ – მიდი, თქვენ იცით და მიხედეთ, დაასრულეთ ნაცები, შექმენით სამუშაო ადგილები, დარგეთ ხეები, ააშენეთ ეკოლოგიურად გამართული ჰესები და ა.შ. ჩვენ რას ვაკეთებ? საზოგადოების კონტროლი დაბალი ნიშნულზეა საქართველოში, საზოგადოების უკონტოლობა ჩვენ სიზარმაცეზე, ჰარი-ჰარალობაზე მიუთითებს და მოვედით იქ, სადაც მოვედით. ჩვენი ეროვნული ენერგია იხარჯება ფეისბუქზე…
– ჩემი რესპონდენტები, სულ ბოლოს კი, რეჟოსორი, ბექა რამიშვილი, სვამდა კითხვას, რა გავაკეთოო? იარაღი ავიღო და თავად დავამყარო სამართლიანობაო? მაშინ რისთვის სჭირდება სახელმწიფო?
– იარაღზე კი არაა საუბარი, ორგანიზებულობაზეა საუბარი. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, რომლებიც შეადგენენ საზოგადოების დაბალ პროცენტს, არიან კარგად ორგანიზებულნი – შეუძლიათ კანცელარიასთან მივიდნენ, გამართონ აქცია და მოითხოვონ, რომ დადგინდეს, თოვლი არის შავი, მაგალითად. სამაგიეროდ, როცა საზოგადოებას სამართლიანი პრეტენზიები აქვს, თუნდაც ხელისუფლებასთან, მაშინ არავინ აქციის ორგანიზებას არ გააკეთებს და თუ გააკეთებს, არავინ მივა კანცელარიასთან ამ აქციაზე. მე არ ვგულისხმობ გადატრიალების მცდელობას და პარლამენტში შეჭრას, ვგულისხმობ მშვიდობიან აქციას. მარიხუანის ლეგალიზაციის მოსათხოვნად შეიკრიბა 30 000 ადამიანი და დეოკუპაციის მოთხოვნით შეიკრიბა 200 ადამიანი. ეს არც გამსახურდიას ბრალია, არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის, არც ივანიშვილის, ჩვენი ბრალია.
– „ოცნების“ მომხრეები წლების მანძილზე ითხოვენ მმართველი გუნდისგან მოქმედებას, წლებია ელოდებიან, რომ ივანიშვილი საჭირო ხალხს დაიყენებს გვერდით, მივედით იქამდე, რომ მაგალითად, ხათუნა ხოფერია ხმას აღარ აძლევს „ოცნებას“ და მერაბ შათირიშვილმა არ იცის, რა უთხრას ამომრჩეველს, რომელსაც წინა არჩევნებზე, ივანიშვილის სახელით, კიდევ ერთი დაპირება მისცა და ვერ შუყსრულა. რა ხდება, არ აინტერესებს „ოცნებას“ მხარდამჭერების აზრი?
– ეს ხმები არის ცალკეული და ერთეული, არ არის მასობრივი, ხმაშეწყობილი. ჩვენი ორგანიზაციაც მაგიტომ შეიქმნა. ვერ ვიტყვი, რომ ხვალვე დავასრულებთ, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, გამოგვივა – გამოგვივა, თუ არ გამოგვივა – ჩვენი ბრალიც იქნება და სხვისიც. თუ შევხედავ, რომ მე არ გამომდის და ვიღაც სხვას გამოსდის, ავდგები, სულ დავხურავ ამ ორგანიზაციას და წავალ ერთ ჯარისკაცად, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ შეცდომები ჰქონდა და რომ პოლიტიკური ფასი გადაიხადა. მთელი სისტემა რომ იყო ჩართული დანაშაულში, იმას ეძახიან შეცდომას. 21-ე საუკუნეში, ახალგაზრდა ბიჭი, რეინჯერი, ზღვაში გაიყვანეს, მოკლეს და გადააგდეს – ამას ეძახიან შეცდომას და ამაზე პასუხი აგეს იმითი, რომ ხელისუფლებაში არ იყვნენ? – ესაა მისაღები? ასეთ ქვეყანაში თუ გავზრდით შვილებს, მაშინ ვისთვის და რისთვის გვინდა საქართველო?
– ძალიან დიდი ბოდიში, მე მგონია, რომ აღარ უნდათა საქართველო, არც ერთ და არც მეორე მხარეს, როცა ია მეტრეველი გავიდა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების გასაპროტესტებლად, არც ერთი ჩემი რესპონდენტი, მათ შორის, არც თქვენ, მე იქ არ მინახავს…
– გეთანხმები, მაგას ვამბობდი წეღან. საზოგადოება არის დამნაშავე, უპირველეს ყოვლისა. როცა მე „პრესა.ჯი“ წამართვეს – რამდენმა ჩემმა კოლეგამ დამიჭირა მხარი? ძალიან ცოტამ და მათ შორის არიან „ალიას“ ჟურნალისტები. ვინმეს ახსოვს დღეს საერთოდ? დღედაღამე „ტვ პირველში“ ზის გიორგი კაპანაძე და ტიტრებში იწერება „პრესა.ჯი“-ს დამფუძნებელი, კაციშვილს არ უკითხავს, ე, ბიჯო, აბა, როდის, სად და რანაირად დააფუძნე „პრესა.ჯი“? დავიჯერო ასე სულელები არიან, რომ ამ კითხვის დასმა არ უნდათ? უნდათ მაგრამ დირექტიივები აქვთ ასეთი. ჩვენ გერბს აწერია „ძალა ერთობაშია“, სინამდვილეში უნდა ეწეროს, „სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი“. ან, ფოტოგრაფების საქმე აიღეთ, ან ვეტერანები რომ დაარბიეს, რუსეთთან ნაომარი ხალხი რომ დაარბიეს, მაშინ სად იყო „რუსთავი2“? რატომ არ აპროტესტებდა ჩვენთან ერთად? ადეკვატური იყო მათი რეაქცია, როცა „იმედში“ შევარდა იმ დროინდელი ხელისუფლება?
– ჩვენ 8 წელი ვსაუბრობთ იმაზე, რომ იმ ცხრა წელში უარესი ხდებოდა, არაადეკვატური იყო მაშინ „რუსთავის 2“-ის რეაქცია, მაგრამ არაადეკვატური იყო კახა კალაძის მაშინდელი რეაქციაც, რომელიც ახლა ქალაქის მერია და არავინ ეკითხება, რატომ ჰქონდა მაშინ ასეთი რეაქცია აქციის დარბევაზე…
– მეცინებოდა, როცა კახა კალაძე იჯდა „იმედის“ სტუდიაში („იმედი“ უკვე ნაციონალური მოძრაობის ხელში იყო) და მიხეილ სააკაშვილს უჭერდა მხარს, თუმცა, მე ადამიანს ვერ წავართმევ იმის უფლებას, რომ რაღაცის სწამდეს და სჯეროდეს, ეს კახა კალაძეს უნდა ვკითხოთ და უნდა ვკითხოთ ყველამ. ჩემთვის, გირგვლიანის საქმე იყო პირველი გამყოფი ხაზი და ვინც მეორე მხარეს დარჩა, იმან განმარტება უნდა გააკეთოს, რატომ დარჩა იქეთ. მეორე ეგეთი გამყოფი იყო „იმედის“ დარბევა. მესამე იყო აგვისტოს ომი, როდესაც ნაციონალურმა მორაობამ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ჩააბარა რუსეთს და თქვეს მერე, დიდი ამბავი, ქვების გროვა დავკარგეთო. 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სააკაშვილმა 97 პროცენტი მიიღო, რა ვქნათ აქეთ დარჩენილმა 3 პროცენტმა, საყვედურები ვუთხრათ და ნიშნისმოგებით ველაპარაკოთ? თითქმის მთელი საქართველო, 97 პროცენტი მოატყუა მიშამ და რა ვქნათ, ზემოდან გადავხედოთ?
– სამართლიანობა არ აღდგა, მაგრამ არც ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულა დაპირებისამებრ.
– ეკონომიკური მდგომარეობა ცალსახად უკეთესობისკენაა შეცვლილი, მთავარი ისაა, ჩვენ რამდენად გვაკმაყოფილებს ეს ტემპი. მე დიღმის მასივში ვცხოვრობ და ყოველ დღე ვხედავ როგორი გადაჭედილია რესტორნები. ვერავინ დამაჯერებს, რომ ყოველ საღამოს იქ ერთი და იგივე ხალხი სადილობს და ვახშმობს. საწვავის ფასი ძვირდება, მანქანების რაოდენობა იმატებს. ფეისბუქზე წუწუნებს ზოგი და მეორე დღეს რომიდან ან ლონდონიდან დებენ სელფებს და 3 000 ლარიანი აიფონები აქვთ განვადებით გამოტანილი. ჩემ გარშემო 10-12 წლის წინ, მეტი უმუშევარი იყო, ვიდრე ახლა, მაშინ თუ იყო დაახლოებით 20 პროცენტი უმუშევარი, დღეს 5 პროცენტია მხოლოდ.
– კარგი საახლობლო გყოლიათ, სანთლით საძებარი. ჩემ საახლობლოში ბევრია ისევ უმუშევარი.
– ძალიან კარგი საახლობლო მყავს, მაგრამ მთავარი ისაა, ღმერთმა ისეთი ქვეყანა გვაჩუქა, შეუძლებელია აქ ადამიანმა იშიმშილოს. ერთ მაგალითს მოგიყვებით, მანდარინის რთველში ვიყავით ორნი, დაგვპატიჟეს, რაც დავკრიფეთ იმ ერთ დღეში ჩაგვილაგეს მანქანაში და აი, ამას გზაზე უცებ თუ ჩააბარებთ, თბილისში 500-600 ლარი ჩაგყვებათო, თუ არ დაიზარებთ და თბილისში დადგებით და გაყიდით 1500 ლარამდე იშოვითო. გვაჩვენეს მერე იგივე სოფელში დაცლილი სახლები, ამ მიწების პატრონი, ელიავაზე მუშაობს და მიწურში ცხოვრობსო… არავის განვიკითხავ, ჩვენ შრომა დაგვავიწყდა, შრომა გვეზარება, გავზარმაცდით, იმ 70-მა წელმა თაობები გააფუჭა და გააზარმაცა. 2014 წელში სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამა რომ იყო, რაჭაში ვიყავი და მოვისმინე ორი ადგილობრივის კამათი, ერთმა თქვა, ეს მთავრობა სოფელს ყურადღებას არ აქცევსო, მეორე პასუხობს, რა გინდა, მიწა ხომ დაგიხნესო? უპასუხა, – მერე მარტო დახვნა არის, რატომ არ დამითესესო. მერე იტყოდა, მოსავალიც აიღონო, წავიდნენ და ჩააბარონ კიდეცო… ის კაცი იყო კლასიკა, არ ვიცოდი, მეტირა, თუ მეცინა. საქართველოში შიმშილით არავინ მოკვდება, ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია.
– კარგი თქვენ ირგვლივ, იმატა დასამქმებულთა რიცხვმა, კარგია, მიხარია. პენსიონრებზეც უნდა გკითხოთ, როგორ წარმოგიდგენიათ, შეუძლია პენსიით მშიერი არ იყოს, წამალი იყიდოს, გზის ფულიც ჰქონდეს და კომუნალურიც გადაიხადოს? არც პენსიონრები შიმშილობენ?
– წარმოუდგენელია. მაგრამ მარტო იმ პენსიაზე ძალიან ცოტაა და იმათ უჭირთ კი – სწორედ მათთვისაა უფასო სასადილოები. გაჭირვებული ადამიანი ყველგანაა, აშშ-შიც, ჩინეთშიც და ნორვეგიაშიც. მე მყავს პენსიონერი მშობელები და ჩემ იმედზე არიან, აბა, შვილი რისთვის ვყავარ? არა ვართ სახელმწიფოს იმედზე, კი და ეს კარგი სულაც არაა, ცუდია, მაგრამ ობიექტური რეალობაა, რაც გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ, კიდევ კარგადა ვართ.
– 2012 ში მეუბნებოდნენ, რომ მიშა ლარს იპარავდა საწვავიდან და მოვიდოდნენ და მოატანინებდნენ, მაჩვენებდნენ გაზულუქებულ ჩინოვნიკებს… მეუბნებოდნენ, რომ ისინი ცუდები იყვნენ, რადგან გაჭირვებული ქვეყნის ბიუჯეტიდან ამდენი და ამდენი პრემია დაირიცხაო, მპირდებოდნენ, რომ ამას არ გაიმეორებდნენ, მაგრამ იმეორებენ, არასოდეს დამავიწყდება, რომ წულუკიანმა პანდემიის დროს სავარძლები და საყვავილე ვაზები იყიდა, ინფექციური საავადმყოფო კი დღესაც გადაუხურავია.
– კარგია, კარგია, მაგრამ მარტო, პირობითად, თამარ კეშელავა რატომ აპროტესტებს ამას? აი, ეს არის უბედურება, თორემ, წულუკიანიც იყიდის სავარძელს და ნიკა გვარამიაც გამოიყვანს თავის „პორშეს“, ეგ ყოველთვის იქნება, თუ საზოგადოებამ არ მოითხოვა. ადამიანი ეგრეა მოწყობილი. თუ არ აკონტროლე, ხელი ყველას წაუცდება. მე წულუკიანთან კი არ ვავლებ ახლა პარალელს, ზოგადად, ადამიანის ბუნებაზე ვსაუბრობ. დაწერენ ხოლმე, ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდესო. ყველგან ყველაფერი ხდება…
– მარტო საქართველოში შეიძლება მოხდეს, რომ ასეთი ტიპის დანაშაულებები შეიძლება ხალხს ასე მასობრივად, მთელი ცხოვრება შერჩეთ. ჩვენ ვთქვით, რომ კვირიკაშვილმა მოიპარა, გვითხრეს, კიო, მოიპარაო, მერე გვითხრეს, ტაძარში წავიდაო, მერე გვითხრეს, ისევ პოლიტიკაში ბრუნდებაო – ვიკითხეთ ისევ, არ მოუპარავს ის მილიონებიო? კიო, მოიპარაო, მერე? – მერე, არაფერი…
– ხო, ზუსტად ესაა. რომ ვამბობ დავასრულოთ, მარტო ნაცებზე კი არაა საუბარი? კმარა! ხო, აი, როგორც „კმარამ“ დაიწყო, მაგრამ საკითხავი ისაა, მაშინ რა გააკეთეს, რისი „კმარა“ გააკეთეს? მათი მოტივაცია სულ სხვა იყო, ისინი ადამიანების უფლებებს კი არ იცავდნენ, პირიქით, ადამიანების უფლებების უგულებელჰყოფა და ხელისუფლებაში მოსვლა უნდოდათ.
– შეიძლება მათი მოტივაცია არ მოგვწონდა, მაგრამ ვაღიაროთ, ისინი კარგად მუშაობდნენ. პირადად მე, მოუთმენლად ველოდები „დავასრულოთ“ როგორ დაიწყებს აქტიურობას, მაგრამ, თვე გავიდა და ეს ჯერ არ ჩანს.
– რესურსი? აქტივობა იქნება აუცილებლად, მაგრამ საბანი სადამდეც გწვდება, იქამდე უნდა დაიფარო. შენ რომ მეუბნები, ისინი კარგად მუშაობდნენო, მათთან ერთად მთელი სოროსის ფონდი მუშაობდა, აქ საუბარი იყო მილიონობით დოლარზე. ყველა ფონდი და ყველა მედია მათზე მუშაობდა.
– როგორ მოხდება, სადამდეც გაგვწვდება საბანი, იქამდე დავასრულებთ ნაცებს, თუ როგორ იქნება, რა ფორმით იქნება თქვენი აქტივობა? აქციებსაც ველოდოთ?
– ფორმა იქნება კანონით გათვალისწინებული, აქციებიც გვინდა, კი, უამრავი ადამიანი გვიკავშირდება. აქტივობების შესახებ ამ დღეებში გამოვაცხადებთ და ვნახოთ, რა გამოვა. სამი ადამიანი ვართ, მე, ია მეტრეველი და სოსო მანჯავიძე და რასაც შევძლებთ – შევძლებთ. ერთი, რაც ვიცი ზუსტად – აუცილებლად უნდა დავასრულოთ, თუ არადა – ჩვენ დავსრულდებით, მათავარი განწყობა და ნებაა და ამ განწყობის შექმნა გვინდა, თორემ, ჩემი ნება რომ იყოს, ამათ ყველას, ვინც წლების მანძილზე კლავდნენ, აუპატიურებდნენ, ღირსებას ართმევდნენ ადამიანებს და დღეს პარპაშებენ – ციხის გზას გავუყენებდი. ამათი ადგილი ციხეშია. ამ ქვეყანაში, გარდა იმისა, რომ არავინ დასჯილა, შეფასებაც არ მისცემია მოვლენებს, საზოგადოებას მათი შეფასება არ გაუკეთებია. როგორ უნდა იყოს, იცით? აი, ეგეთი საზიზღარი, ოდიოზური ადამიანები, კოდუა რომ არის, მაგალითად, სადმე რომ შემოვა, უნდა ადგე და უნდა წახვიდე! ჩვენთან ხდება ასეთი რაღაცა? არ ხდება.
– არასოდეს მოგწევიათ ყოფნა ასეთი მიუღებელი ადამიანის გვერდით?
– არა!
– მოგეწონათ „ოცნების“ სიის პირველი ოცეული?
– მე 1987 წლიდან „ეროვნულ მოძრაობაში“ ვარ, მე მერაბ კოსტავას ვიცნობდი, ჩემი თაობის ადამიანს ძალიან ძნელია, რომ რამე მოაწონო. ერთ არხზე „ოცნების“ ორი დეპუტატის ოპონენტი ვიყავი. სარეკლამო ჭრის დროს შევეკითხე, მეორე ოცეულში ბევრნი იქნებიან ნაცები-მეთქი? კონტრშეკითხვა დამისვეს – პირველ ოცეულში არიანო? პირველ ოცეულში მე მგონი, არც ერთი, მაგრამ მეორე ოცეულში შეიძლება 19 იყოს-მეთქი. საქმე გამოგვაჩენს, ვნახოთ. მაგ ოცეულში კი არა, მაჟორიტარებში რამდენიმე ჩემი მეგობარია, კახა კახიშვილი, დათო სერგეენკო, სოზარ სუბარი, გია ვოლსკი, ბევრი კიდევ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩემი ქვეყანა უფრო ჩემი მეგობარია ვიდრე ისინი და გაცილებით უფრო მკაცრად მოვთხოვ პასუხს, ვიდრე სხვას…
– თქვენ კი ხართ ვოლსკის, სუბარის, სერგეენკოს, კახიშვილის მეგობარი, მაგრამ ისინი არიან თქვენი მეგობრები? ესმით თქვენი ხმა?
– მე დღესაც იმას ვამბობ, რასაც 25 წლის წინ ვამბობდი და მე მგონი, ესმით ჩემი ხმა… ამ კოჰაბიტაციამ, რომელიც არის ყველაზე მტკივნეული, ისეთ ადამიანებსაც კი შეუკრა ხელ-ფეხი, რომლებიც ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები, ოღონდაც რამდენიმე დღეში დაესრულებიათ „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის დიდი პოლიტიკა, რომელსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ… თუმცა, ქართველის ბუნება აქაც გამოჩნდა – „ოცნებას“ უთხრეს, არ დაიჭირო სააკაშვილი, არ დაიჭირო ეს, ის, ჩვენ რა გავაკეთეთ? ადამიანები, რომლებიც გასაქცევად იყვნენ მზად, დაიბარეს და სამსახურებში დააწინაურეს, კოჰაბიტაციის გეგმა შეასრულეს გადაჭარბებით… მე მესმის, რატომაც ითხოვდა დასავლეთი კოჰაბიტაციას, წლების მანძილზე დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ და ჩვეულებრივი ცოცხები შერჩათ ხელთ სააკაშვილის სახით, ამათი კანონის ძალით დასჯა, სახის დაკარგვა იქნებოდა დასავლეთისთვის, ეს იყო დასავლეთის მოტივაცია. მაგრამ, წლები გავიდა, პროკურატურაში, როგორც იქნა, შეიქმნა სპეციალური განყოფილება წართმეული ქონებების დაბრუნების და რა გააკეთა? ჩემ გარშემო არავისთვის არაფერი დაუბრუნებია. გარდაბანში იყო პროკურორი ზურაბ კოჭლამაზაშვილი, რომელმაც ჩემი მეგობარი გაასამართლა საკუთარი ეზოდან, საკუთარი ნივთის მოპარვის ბრალდებით და ახლა ის მოსამართლე დაწინაურებულია. ერთი რამეც უნდა ვთქვა, ესენი მედიასაშუალებებს აღარ არბევენ, არც „იბერია“ წაურთმევიათ, არც „პრესა.ჯი“ წაურთმევიათ, შეგიძლია იმუშაო, წერო, გააკეთო.
– კი, ახლა რაც გინდა წერე, პირიქითაა, რეაქცია არ აქვთ, რაც ძალიან ცუდია, არ აინტერესებთ. კიდევ ვამბობ, ვწერთ, რომ კვირიკაშვილმა მოიპარა და რეაქცია?!
– ნიჰილიზმი თუ არის, ჩვენ გადავვარდით ამ ნიჰილიმში, თუმცა, მე რასაც ვუყურებ, ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ ამ ნიჰილიზმში თავს. ხომ გეუბნები, ჩვენ გერბზე უნდა ეწეროს, „სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო“
– ხმას ვის მისცემთ ამ არჩევნებზე, თუ საიდუმლო არ არის?
– საიდუმლოა.
– რას ურჩევთ ბიძინა ივანიშვილს?
– კადრების შერჩევის საკითხი ძალიან რთულია ჩვენ ქვეყანაში. გაუნათლებლობის კატასტროფული ზრდაა. თუ უფრო ყურადღებით ჩახედავს, ვის აწინაურებენ, ვის აბარებენ ამა თუ იმ უწყების ბედს, კარგი იქნება მისთვისაც, ჩემთვისაც და ყველასთვის. ეს ადამიანები ვიღაცის რეკომენდაციით ხომ მიდიან? ჰაერიდან ხომ არ მოდიან? ვინ გაუწია რეკომენდაცია და ვინ ვერ გაამართლა, ეს ადამიანები უნდა მოიშოროს, მე ამას ვურჩევ. პროფესიონალიზმი და რეპუტაცია, ეს უნდა იყოს თანხვედრაში.
– ბევრი ადამიანი, მათ შორის თქვენი თანამებრძოლებიც აანონსებენ მოსალოდნელ რევოლუციას, ელოდებით მსგავსი ტიპის არეულობას?
– არა, არანაირი რევოლუცია არ იქნება, არცაა საჭირო, ღმერთმა ქნას, რომ დედამიწაზე საერთოდ არ იყოს არსად, მოდი, იყოს ევოლუცია, იყოს განვითარება, მშვიდი, მიზანმიმართული, გუნდური, ჭკვიანური, პასუხისმგებლობით, სოლიდარობით, ერთმანეთის სიყვარულით. სადღეგრძელოს კი არ ვამბობ, ეს შეგვიძლია, მართლა შეგვიძლია. აბა, ადამიანები რისთვის გვქვია?
თამო კეშელავა, ალია №34
კომენტარები