„პეესპეს“ დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:
დღეს ბატონმა ღარიბაშვილმა და ბატონმა ბურჭულაძემ „ჯარის ბანაკი“ გახსნეს. რა საჭიროა, ან რა სარგებელი მოაქვს ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის სამხედრო „ბანაკობანას“ თავადაც არ იციან. ვფიქრობ, ეს პიარისთვის გაკეთდა, რომ საქართველოს მოსახლეობამ დაინახოს, თითქოს, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის რამე კეთდება. სინამდვილეში, „ოცნებამ“ 2012 წლიდან, მინიმუმამდე შეამცირა თავდაცვის სამინისტროს და ჩვენი ჯარის დაფინანსება. ჩვენ გვჭირდება ჯარი არა იმიტომ, რომ ომი გვინდა, ან ომისთვის ვემზადებით, არამედ სწორედ იმიტომ, რომ ვერავინ გაბედოს ჩვენზე თავდასხმა. ჩვენი მშვიდობის ფორმულა არის ძლიერი ჯარი და ძლიერი მოკავშირეები, მათ შორის, სამეზობლოში.
დავუბრუნდეთ ციფრებს: თუ 2011-2012 წლებში საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი დაახლოებით 400 მილიონი დოლარი იყო, შემდგომ წლებში, შემცირდა დაახლოებით 250-დან 300 მილიონ დოლარამდე. ამჟამად, 2021-2022 წლებში, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 300 მილიონი დოლარის ფარგლებშია. ეს აბსოლუტურად არასაკმარისია ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის.
აქვე, აღვნიშნავ, რომ სომხეთის, რომლის ეკონომიკა ჩვენს ეკონომიკაზე პატარაა, სამხედრო ბიუჯეტი 2021-2022 წლებში საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტზე ორჯერ მეტი იყო და 600-დან 750 მილიონ დოლარამდე მერყეობდა, ხოლო წელს – 1,245 მილიარდი დოლარია.
დასკვნა: შეუძლებელია, ჩვენი თავდაცვისუნარიანობა მოწოდების სიმაღლეზე იყოს ამ მათხოვრული სამხედრო ბიუჯეტით. ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა იქნება პატარა, მობილური, სუპერ-აღჭურვილი ჯარის შექმნა უმოკლეს ვადაში. ჩვენ გვჭირდება 15-20 000-კაციანი სპეცდანიშნულების, მაღალანაზღაურებადი დანაყოფები, რომლებიც აღჭურვილი იქნება უახლესი ჰაერსაწინააღმდეგო ზალპური სარაკეტო (ჰაიმარსი) და სხვა შემაკავებელ-თავდაცვითი, ასევე ახალი თაობის, მაგალითად, დრონებით მოიერიშე ქვედანაყოფები. ბოლოდროინდელმა რეგიონულმა კონფლიქტებმა ცხადყო, რომ საჭიროა ჩვენი ჯარის რეალური რეფორმირება!
ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი ორ პარამეტრს უნდა აკმაყოფილებდეს: 1. არ უნდა იყოს მილიარდ დოლარზე ნაკლები ყოველწლიურად; 2. არ უნდა შეადგენდეს მშპ-ს 4 %-ზე ნაკლებს.
თუ ჩვენ გვსურს, ჩვენს ტერიტორიაზე ომის აღარასდროს მოხდეს, გვჭირდება ძლიერი ჯარი და ძლიერი მოკავშირეები და ეს იქნება მშვიდობის გარანტი ჩვენს ქვეყანაში.“
კომენტარები