24 ივლისის ბრიფინგზე ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, მეთიუ მილერს ჰკითხა, აპირებს თუ არა ვაშინგტონი სტრატეგიის შეცვლას და ქართული ოცნების იმ სანქცირებულ პირთა ვინაობის დასახელებას, ვისაც სავიზო შეზღუდვები რამდენიმე თვის წინ დაუწესდა.
მილერმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ ეს აშშ-ს სტრატეგია არაა და გაიმეორა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სანქცირებული პირების დასახელებას კანონი უკრძალავს.
“ეს სტრატეგიის საკითხი არაა. ეს კანონის საკითხია. ჩვენ კანონით გვაქვს აკრძალული იმ ხალხის სახელების გამოცხადება, ვისაც ვიზის შეზღუდვები დავუწესეთ.” – თქვა მილერმა.
ამის შემდეგ რაუფოღლუმ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ჰკითხა, რატომ დაასახელეს გასულ წელს იმ სანქცირებული მოსამართლეების ვინაობა, რომლებსაც ასევე აშშ-ში მოგზაურობის შეზღუდვები დაუწესდათ. ასევე, კიდევ ერთმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ დაასახელეს იმ ისრაელელი პიროვნების ვინაობა, რომელიც იმავე დღეს დაასანქცირეს.
“გააჩნია რაზე საუბრობთ. ბოლო შეზღუდვები, რომლებიც დავაწესეთ, იყო სავიზო შეზღუდვები და აშშ-ს კანონით არ გვაქვს უფლება დავასახელოთ ადამიანები, რომლებსაც ეს შეზღუდვა დავუწესეთ.” – თქვა მილერმა და ხაზი გაუსვა, რომ ეს სანქცია სხვა წესდების საფუძველზეა დაწესებული.
მილერის განმარტებით, თუ სავიზო შეზღუდვა დაწესებულია აშშ-ს იმიგრაციისა და ეროვნების აქტის წესდების შესაბამისად, მაშინ არ აქვთ სანქცირებულ პირთა დასახელების უფლება.
სანქცია, რომელიც ქართული ოცნების წარმომადგენლებს 6 ივნისს დაუწესდათ, სწორედ აშშ-ს იმიგრაციისა და ეროვნების აქტის “საგარეო პოლიტიკის არასასურველი შედეგების” ნაწილითაა გათვალისწინებული და მისი 212(a)(3)(C) პუნქტის შესაბამისად დაწესდა.
რაც შეეხება გასული წლის აპრილში სასამართლო კლანის სანქცირებას, მაშინ შეზღუდვები დაწესდა 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავის შესაბამისად, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს.
ამას გარდა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე კვლავ გაუსვა ხაზი, რომ აშშ-ს პოლიტიკა დამოკიდებული იქნება ქართული ოცნების ქცევაზე.
მილერს რაუფოღლუმ ჰკითხა, აქვთ თუ არა ვაშინგტონში იმედი, რომ საქართველოს მთავრობა საკუთარ პოლიტიკას შეცვლის.
“ყოველთვის იმედი გვაქვს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც განიცდის დემოკრატიულ უკუსვლას, ან ევროატლანტიკური ინტეგრაციის უკუსვლას – ყოველთვის გვაქვს იმედი, რომ კურსს შეცვლია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავთ, რომ ამ ქვეყნის ხალხს კურსის ცვლილება უნდა. მაგრამ, ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ვიმედოვნებთ მათი პოლიტიკის შეცვლას, ჩვენ ვიმუშავებთ მიდგომას იმ მოლოდინით, რომ ისინი ალბათ ასე არ მოიქცევიან.” – თქვა მილერმა.
,,ტაბულა”
კომენტარები