საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველომ კონკრეტული კითხვარი მიიღო, რომელიც ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე ახალი იმპულსი იქნება და ახლა ყველაზე მთავარი არის, რომ ყველა ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესზე ვკონცენტრირდეთ, იმისთვის, რომ კითხვარის შევსება, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისათვის გადმოგზავნა დროულად მოხდეს, რათა საქართველომ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროცესში მონაწილეობა აქტიურად გააგრძელოს.
-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის გადაცემისას .
“ინკლუზიურობა ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამიტომ ყველა სახელმწიფო უწყება პირველ რიგში, ამ პროცესში მონაწილეობისთვის იქნება მობილიზებული.”
ილია დარჩიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო პარტნიორებთან ორმხრივ ფორმატში აქტიურ მუშაობას აუცილებლად გააგრძელებს.
„ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან იმისთვის, რომ მათ მოლოდინები, რომელიც საქართველოს მიმართ აქვთ, კიდევ უფრო გავუმყაროთ. თუმცა, როდესაც ჩვენი პარტნიორების და ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობთ, მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი დღე იმის კარგი მაგალითია, რომ საქართველო ევროკავშირისთვის კვლავ სანდო პარტნიორად რჩება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. სწორედ ეს არის პოლიტიკური გზავნილი ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველო ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობას აგრძელებს და ძალიან მალე ჩვენ კონკრეტული ხელშესახები შედეგები გვექნება.
მოსახლეობას მინდა დღევანდელი დღე მივულოცო, რადგან ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი კონკრეტული ნაბიჯი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე, რაც მოწმობს იმას, რომ საქართველოს მთავრობისა და პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ევროპული მომავალია და ჩვენ ყველა, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ამისთვის და მე მინდა ჩვენი მოქალაქეები დავარწმუნო, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გამორჩეულად ინტეგრირდეს“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
კომენტარები