ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტოლოგი, ჯუმბერ კირვალიძე.
– როდესაც საუბარია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, არიან რუსეთის მომხრე ჯგუფები, რომლებიც ამბობენ, თურქეთი ჯერ კიდევ როდის იყო ჩვენი მტერი, ჩვენი ტერიტორიების 33% აქვს ოკუპირებული და თუ რუსეთი მტერია ჩვენი, მაშინ თურქეთიც მტერიაო. რა თქმა უნდა, თურქეთი ჩვენი ისტორიული მტერია. იმდენი სისხლი მართებს ჩვენი, იმდენი გვავნეს, იმას 1000 წელი ვერ გადაიხდიან. თუმცა, არსებობს საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობა, თანამედროვე პოლიტიკური კონტექსტი. მით უმეტეს, ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით სავალალო დღეშია. ჩვენ რომ ხვალვე მივანიჭოთ უკუპანტის სტატუსი თურქეთს, თურქეთი აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და ამაზე არავინ ფიქრობს. ჩვენ მუდმივი მეგობრები კი არა, 10 წლითაც არ გვყოლია ასეთი მოკავშირეები, დღეს რომ გვყავს. ცხადია, ევროპას და ამერიკას ვგულისხმობ. დგანან ხელისუფლების წარმომადგენლები და ამ მოკავშირეებს, მათ წარმომადგენლებს საქართველოში თუ ევროპარლამენტში ლანძღავენ და რაღაც სისულელეებს აბრალებენ. ამით ქვეყანა ზიანდება, ეს არის დამანგრეველი. ამით ქულებს იწერენ. ყველა სიტყვას მოზომვა უნდა, როდესაც დასავლეთის ლიდერი ქვეყნების წარმომადგენლებს ელაპარაკები, მათ ახსენებ და აკრიტიკებ, როგორც ცხონებული ნიკო გომელაური იტყოდა, უკაცრავად და „ყველაფერი მოსულა“?! ესენი ყველაფრით სპეკულირებენ, ეროვნული თემებით სპეკულირებენ, სპეკულანტები არიან, მეტი არაფერი. მერე, თავად პოლიტიკოსებმა არც პოლიტიკა იციან, არც ისტორია და საერთოდ, იდეისგან დაცლილები არიან ჩვენი პოლიტიკისები. რაიმეს შეთავაზება არ შეუძლიათ ხალხისთვის. კალაძემ ეს თქვა, ხაზარაძემ ეს თქვა და თქვენ რას იტყვით? ის ვიღაც კალაძისა და ხაზარაძის ნათქვამზე გააკეთებს კომენტარს და მორჩა, უკვე პოლიტიკოსია, ყველა ტელევიზიებში იწვევენ და პოპულარულები ხდებიან. მერე ხალხს ჰგონია, რომ მართლა ჭკუასაკითხავი ხალხია და ასე ხდებინ პოლიტიკოსები. კომენტატორების დონეზე დავიდა ქართული პოლიტიკა. საშინელი საკადრო მდგომარეობა გვაქვს პოლიტიკაში. გამოვა ვიღაც და იძახის, გადავწყვიტე, წავიდე პოლიტიკაში. ვინ ხარ, რა განათლება გაქვს, რა პოლიტიკური გამჭრიახობა გაქვს, რომ პოლიტიკაში მიდიხარ? რომ მიდიხარ, მერე რა უნდა გააკეთო? არა, დაადებენ თავს ასეთი კომენტატორები და მიდიან პოლიტიკაში. ვიღაც სპორტსმენი ან სახალხო არტისტი იტყვის, მივდივარ პოლიტიკაშიო და გაიხედავ და უკვე რომელიმე პარტიის საარჩევნო სიაში ზის ადგილობრივ თუ საპარლამენტო არჩევნებში. გაივსო პოლიტიკა სპორტსმენებით, მსახიობებითა და მოცეკვავებით. ამ ხალხმა რაც იცის, ის აკეთონ, რა უნდათ პოლიტიკაში? ჩვენი და უცხოური საპარლამენტო დელეგაციები რომ ხვდებიან ერთმანეთს, ან სხვა სახის შეხვედრები აქვთ უცხოელ პოლიტიკოსებთან, დარწმუნებლი ვარ, სხედან და ხმას არ იღებენ. რა უნდა თქვან? არ იციან ეს პოლიტიკა და დეპუტატის მანდატით ვერ გახდები პოლიტიკოსი. პოლიტიკას სწავლა უნდა და გარკვეული უნარები უნდა მოგდევდეს. მერე 150 კაციანი პარლამენტი ბევრია ჩვენთვის. ისრაელის ქსენეთში 120 დეპუტატია და არა მგონია, ჩვენ ებრაელებზე მეტად ჭკვიანი პოლიტიკოსები გვყავდეს. 100 დეპუტატი სრულიად საკმარისია ჩვენთვის. როგორ შეიძლება ასეთი მოუმზადებელი პარლამენტარები გვყავდეს. გამოქვეყნდა წინა პარლამენტის იმ დეპუტატების სია, ვინც ერთხელაც კი არ მისულა მიკროფონთან. როგორ შეიძლება, 4 წელი პარლამენტში იყო და ერთხელ სიტყვით არ გამოხვიდე? თან 60 ასეთი დეპუტატია. სირცხვილია, კაცო. ესეც ქურდობაა. მარტო ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა არ არის ქურდობა, 4 წელი არაფრის კეთებაში ფულს რომ იღებ, ქურდობაა. სხედან მუდოსავით, 4 წელი ერთ სიტყვას არ ამბობენ და იღებენ ამხელა ხელფასებს. მარტო ხელფასებსაც არა. ბიუჯეტის ხარჯზე – მანქანა, მძღოლი, საწვავი და ათასი ხარჯებია კიდევ. დიდი ფული უჯდება ქვეყანას ერთი უქნარა დეპუტატის შენახვა და ის 60 უქნარა რამდენი დაუჯდებოდა? ეს ქურდობა და უნამუსობაა, სხვა არაფერი. აუცილებელია, შემივიღოთ მექანიზმი დეპუტატის გამოწვევის შესახებ. ყურებით უნდა გამოათრიო ეგეთები პარლამენტიდან. მიეცი ხმა და არ გაამართლა? ერთი თვის მერე თუ ერთი წლის მერე, უნდა მოგროვდეს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შემავალი ამომრჩევლის ხელმოწერები და 50+1 კაცი თუ იტყვის, რომ აღარ ანდობს მანდატს, ეგრევე უნდა უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება. ანალოგიური მექანიზმი უნდა შემოვიღოთ პარტიული სიით გასულ არაფრისმაქნის დეპუტატებზე. ეს ცოტა რთულია, მაგრამ გასაკეთებელია. ასევე, აუცილებელია რეფერენდუმის უფლების დაბრუნება. აქვე ვიტყვი, რაც უკვე დიდი ხანია მაწუხებს – ჩვენ უარი უნდა ვთქვათ, რადიკალიზმსა და კარდინალურ აზროვნებაზე პოლიტიკაში. ეს უნდა გავანადგუროთთ, ეს უნდა მოვსპოთ. ასეთი აზროვნების ადამიანები უნდა გავაძევოთ პოლიტიკიდან. ძალით და აგრესიით მიზანს ვერ მივაღწევთ. თუ რაიმეში ვერ ვრიგდებით, კანონმა უნდა მოგვარიგოს. დღეს არც კანონები გვივარგა და არც სასამართლო, მთლიანად, მართლმსაჯულების სისტემა არ გვივარგა და ესეც უნდა შევცვალოთ. ეს „ნაც-ქოცური“ ერთობა უნდა დავშალოთ და ხელისუფლებში უნდა მოვიდნენ პატრიოტი, ქვეყნის მოყვარული ადამიანები. როგორ? უნდა ჩავებღაუჭოთ ამ შანსს, ევროკავშირს, დასავლეთს და მერე, ეს ხელისუფლება გაქრება, ერთი თვე ვეღარ გაძლებს. არაჩეულებრივი ერი ვართ, არავისზე მეტი არ ვართ, მაგრამ არც არავისზე ნაკლები ვართ. სხვა გზა აღარ დაგრჩენია. კანონი და კანონიერება თუ არ იქნება უმაღლეს დონეზე აყვანილი, კანონი პრეზიდენტისა და რიგითი მოქალაქისთვის თუ ერთი არ იქნება და ამას არ მივაღწიეთ, მანამდე არაფერი გვეშველება. აქამდე რომ მივიდეთ, ერთადერთი გზაა – ევროპული გზა. სხვა გზა მიჩვენოს ვინმემ. რომელიც კანონის უზენაესობამდე მიგვიყვანს, რომელიც ქვაკუთხედი უნდა გახდეს საქართველოს სახელმწიფოებრიბისა, სამართლიანი ქვეყნისა და გავჩუმდები. არა, სხვა გზა არ არსებობს და ვინც რუსეთში ეძებს ვითომ საქართველოს ხსნის გზას, ისინი ხალხს ატყუებენ. კაცმა არ იცის, 100 და 1000 წლის მერე რა იქნება, მაგრამ დღეს ევროპის იქით სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ თუ ასე ჩავრჩით კავკასიის მთებში, ევროპასთან ინტეგრაცია და საბოლოოდ, ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა თუ ვერ მოვახერხეთ და ორივემ კარი მოგვიხურეს, როდის შემოჯლიგინდება ჩრდილოეთიდან, ან როდის აიწყვიტენ თურქეთი თუ ირანი, კაცმა არ იცის. თან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი და პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოების მოწყობის საკითხი. ჩვენ ვართ დასავლეთის ნაწილი, ყოველთვის ვიყავით ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციის წევრი ერი. მაშინ, რუსეთის დღვანდელ ტერიტორიაზე რუსის ხსენება არ იყო, არათუ მართლმადიდებლობა. ჰუნების, სკვითების, სარმატების, ალანების, მონღოლების სისხლია რუსების ვენებში. ყველაზე დესპოტური, ველური, თუკი რაიმე არსებობს, მაგათი შეტანილია რუსეთში. საშინელი მიქსია დღეს რუსის სისხლში, ველური ტომების აღრეული სისხლი. არ ჩანს ეს უკრაინასთან ომში? მკაფიოდ ჩანს!
კომენტარები