საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეხმაურება მანიფესტს, რომლის ავტორებიც სწორედ მას და სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, სასწრაფოდ გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ქვეყანას მძიმე შედეგებს აარიდებს.
ჩემი მოსაზრება იყო, რომ შეხვდეს სამი პრეზიდენტი ერთმანეთს, საქმე ისაა, რომ ყოველგვარი პოლიტიკური დღის წესრიგის გარეშე, ჩვენ ვართ სამი ადამიანი, რომელსაც ისეთი ფიცი გვაქვს დადებული ქვეყნის წინაშე, რომელსაც არ ცვლის არც დრო და არც თანამდებობა. ამ ადამიანებს, ჩემი აზრით, ამ სამ ადამიანს გვაქვს საფუძველი შევხვდეთ და პოლიტიკური კონტექსტის გარეშე ვისაუბროთ ქვეყნის სტაბილურობაზე იმიტომ რომ სწორედ ამ სიტყვებით დავდეთ ჩვენ ფიცი ღვთისა და ერის წინაშე.
მე მზად ვარ ნებისმიერი ფორმატისთვის, თუ ეს არ არის სწორი ფორმატი და ქალბატონი სალომე სხვა ფორმატს განსაზღვრავს, მე მზად ვარ, მე ღია ვარ ნებისმიერი ფორმატისთვის, რომლის მიზანიც იქნება დაძაბულობის განტვირთვა და არმიყვანა ტრაგიკულ ისტორიულ შედეგამდე. ჩემი აზრით, ეს ჩვენი სამივეს მოვალეობაა, როგორც სააკაშვილის, ისე ჩემი და ისე ქალბატონი პრეზიდენტის. რომ თუ კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი ჩაიწერა ჩვენს ისტორიაში, ისეთი ტრაგიკული ფურცელი, როგორიც ჩვენს პირველ პრეზიდენტთან მიმართებით ჩავწერეთ, ამას ძნელად გავექცევით, ძნელად გაექცევა ნებისმიერი ჩვენგანი როდესაც ვინმე ეტყვის, თქვენ ის ერი არ ხართ, რომელიც როგორც კი რომელიმე პრეზიდენტი წავა რუსეთის წინააღმდეგ, ეს პრეზიდენტი ამა თუ იმ მიზეზით, სიკვდილამდე მიგყავთ, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
მანიფესტის ავტორები ამბობენ, რომ უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოება და ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარება, მესამე პრეზიდენტის პატიმრობისა და შიმშილობის ფონზე კიდევ უფრო მძაფრდება, რადგან მისი სიცოცხლე საფრთხეშია, მოვლენების დრამატულმა განვითარებამ კი, შესაძლოა, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს.
ქვეყნის მეხუთე და მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი ჯერჯერობით დუმს.
კომენტარები