საპროტესტო დემონსტრაციების ფონზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პოლიტიკურ ოპონენტებს „მძარცველებს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება თავის დროზე მათ ისე არ მოექცა, როგორც იმსხურებდნენ.
ფაშინიანმა ამ თემაზე 10 ნოემბერს ერთ-ერთი ფეისბუკ-ჩართვისას ისაუბრა. მისი საუბრის ამ ნაწილის თარგმანს ავრცელებს გამოცემა „ევრაზიანეტი“, რომელიც რეგიონში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს.
„დიახ, ჩვენ ისე არ მოვექეცით ამ კორუმპირებულ, ყაჩაღ ოლიგარქებს, როგორც იმსახურებდნენ. სათანადოდ არ მოვექეცით მათ, ვინც ჩვენს ქვეყანს აოხრებდა, ვინც ჯარისკაცებს ლუკმაპურსა და იარაღს ჰპარავდა, ვინც მოქალაქეთა ღირსებას ლახავდა. ვწუხვარ ამის გამო
ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, გაიგონ, რომ ჩვენ ახლა შურისძიებისთვის მზადებაზე ვსაუბრობთ, რადგან ჩვენ შური უნდა ვიძიოთ ჩვენი ჯარისკაცების გამო. ჩვენი დაკარგული სამშობლოს გამო შური უნდა ვიძიოთ“, – განაცხადა პრემიერმა.
გამოცემის თანახმად, ფაშინიანმა წინა მმართველ პარტიას, „რესპუბლიკურ პარტიას“, ასევე, მილიონერ გაგიკ წარუკიანის „აყვავებულ სომხეთს“ „მძარცველები“ უწოდა, ხოლო არტურ ვანეციანს- „დეზერტირი, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს“.
„რესპუბლიკური პარტია“ ყოფილი პრეზიდენტისა და პრემიერის, სერჟ სარქისიანის პარტიაა, რომელმაც ფაშინიანის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში ვერც ერთი მანდატი ვერ მოიპოვა.
გაგიკ წარუკიანი ბიზნესმენია, რომელმაც დააარსა „აყვავებული სომხეთი“. მის წინააღმდეგ არაერთხელ აღიძრა საქმე — უკანონო სათამაშო ბიზნესის, მიწის ნაკვეთების მისაკუთრებისა და 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებებით — და ის არაერთხელ დააკავეს, თუმცა დაკავება ყოველ ჯერზე დროებითი აღმოჩნდა.
რაც შეეხება არტურ ვანეციანს, ის 2018 წლის „ხავედროვანი რევოლუციის“ შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების სამსხურის ხელმძღვანელი იყო 2019 წლის სექტემბრამდე, — მანამ, სანამ ფაშინიანთან დაპირისპირების ფონზე არ გადადგებოდა. 2020 წლის დასაწყისში გავრცელდა ბრალდებები, რომ ვანეციანი ფაშინიანის და მისი ოჯახის წინააღმდეგ მედიაკამპანიის უკან იდგა.
10 ნოემბერს ღამით, კონფლიქტის მხარეების განცხადებით, ხელი მოეწერა მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც ძალაში მოსკოვის დროით 00:00 საათიდან შევიდა.
შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანში განსხავებული შეფასებები მოჰყვა: აზერბაიჯანში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება „ისტორიული გამარჯვებაა“, ერევანში კი დაიწყო საპროტესტო აქციები, სადაც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს.
წყარო – ნეტგაზეთი
კომენტარები