ჩვენი 43 სახელისუფლებო გეგმა
(არჩევნებზე შემოხაზეთ: ზვიადის გზა – №43)
მე ვარ გიორგი ჩახაია, 36 წლის, პროფესიით ფინანსისტი, აუდიტორი, საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის რ ე ა ლ უ რ ა დ ქომაგი და პატრიოტი.
2020 წლის არჩევნებში ახალი სახეებით ვიღებ მონაწილეობას და ჩვენ ახალ ძალას ერქმევა: „ზვიადის გზა“.
არჩევნებზე ყველამ შემოხაზეთ:
„ზვიადის გზა“ – № 43.
ჩვენი ახალი ხელისუფლების პირობებში:
1. ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, სახელმწიფოს მიერ, საკუთრებაში გადაეცემა 30 000 ლარიანი საბანკო ბარათი, საიდანაც თითოეულს შესაძლებლობა ექნება, ყოველთვიურად გამოიტანოს 200 ლარი. სოციალურად დაუცველებს, ყველა სახის პენსიის და სახემწიფო კომპენსაციის მიმღებებს (ასაკით პენსიონერები, შშმ პირები, მარჩანალდაკარგულები, ომის მონაწილეები, დევნილები და ა.შ), უფლება ექნებათ გამოიტანონ ყოველთვიურად 250 ლარი. მშობელს, თითოეულ არასრულწლოვან შვილზე, დაემატება 50 ლარი. ყველა გამოტანილი თანხა საკუთრება იქნება და არ საჭიროებს უკან დაბრუნებას.
პროექტის წლიური ბიუჯეტია დაახლოებით 8 მილიარდი ლარი. პროექტის დაფინანსების წყაროა ეროვნული ბანკის ფულადი რესურსები და არა ბიუჯეტი. ინფლაცია დაგეგმილია მხოლოდ 5%-ის ფარგლებში.
2. 30 000 ლარიანი საბანკო ბარათების პროექტის შედეგად, ყოველწლიურად შეიქმნება 12 მლრდ ლარის მთლიანი შიდა პროდუქტი და შესაბამისად ახალი გასაღების ბაზარი ბიზნესისთვის. ეკონომიკაში პრიორიტეტული იქნება ადგილობრივი წარმოების განვითარება, თანმდევი იმპორტის შემცირებით და ექსპორტის გაზრდით.
3. 2021 წელსვე, იმავე 30 000 ლარიანი საბანკო ბარათების პროექტის შედეგად, შეიქმნება 100 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. ხოლო მომდევნო წლებში, ადგილობრივი წარმოების პარალელურ ზრდასთან ერთად კი, გაცილებით მეტი.
4. 2021 წლიდანვე, ყველა სახის პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია და ყველა სახელმწიფო სამსახურში (სსიპ და აიპების ჩათვლით) დასაქმებული ადამიანების ხელფასი, ჩვენ მიერ მიღებული ახალი კანონის ძალით და არა ვინმეს ნება-სურვილით და არა საარჩევნოდ, არამედ ყოველწლიურად გარანტირებულად მოიმატებს 20-20 %-ით.
5. როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში, დავადგენთ სავალდებულო მინიმალურ ხელფასს და იქნება 500 ლარი.
6. 2021-24 წლებში, ქუჩასა და მიწურებში მცხოვრებ აბსოლუტურად ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახს, გადაეცემათ ახალი საცხოვრებელი სახლები.
7. ყველა მეანაბრეს, არა ერთბაშად, მაგრამ ეტაპობრივად დაუბრუნდება სახელმწიფო ბანკებში განთავსებული და დაკარგული ანაბრები, როგორც ფულადი, ასევე ქონებრივი სახით.
8. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, ახალგაზრდები 1 წლით, ავტომატურად, ყოველგვარი კონკურსის გარეშე, გაივლიან ოფიციალურ სტაჟირებას სახელმწიფო სამსახურებში საკუთარი პროფესიების შესაბამისად. თუ სპეციფიკური პროფესიაა, კერძო სექტორშიც. ანაზღაურება იქნება თვეში 500 ლარი.
9. ყოველ ზაფხულს, 1 თვით მოხდება სტუდენტების სტაჟირება/დასაქმება და მათი შრომის ანაზღაურება იქნება 500 ლარი.
10. ყველა ტაქსის მძღოლს, აბსოლუტურად უფასოდ გადავცემთ ტაქსების მუდმივმოქმედ ლიცენზიებს, რომ არასდროს არავინ ხელი არ აფათუროს მათ ჯიბეებში.
11. საქართველოს ყველა მოქალაქეს, საშეღავათო და გონივრული პირობებით, სრულიად უსასყიდლოდ გადავცემთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს.
12. მოხდება სოფლების კეთილმოწყობა, მაღალი დონის სასოფლო ტიპის დასახლებების შესაბამისად. სოფლად ცხოვრება სასიამოვნო უნდა გახდეს ადამიანისთვის.
13. უშუალოდ სახელმწიფოს მიერაც მოხდება სოფლის მეურნეობის პროდუქტების/მოსავლის კარგ ფასში ჩაბარება. (სადაც კერძო სექტორი იბარებს კარგ ფასებში, ბუნებრივია კონკურენციას არ გავუწევთ). პირველად, ჩვენი ახალი ხელისუფლების პირობებში, სოფლად შრომა რეალურად დაფასდება.
14. მოხდება სამიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება, თუმცა ყველანაირად ხელს შევუწყობთ ტურიზმის განვითარებას.
15. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, უშუალოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნდება ახალი კომერციული ბანკი, რომლის მიზანი იქნება არა ზემოგების მიღება, როგორც ეს ჩვენ დღევანდელ უმეტეს კერძო ბანკებს სჩვევიათ, არამედ ეს სახელმწიფო ბანკი ძირითადად ორიენტირებული იქნება: სოციალური, ჯანდაცვითი და საგანმანათლებლო პროგრამების დაკრედიტებაზე. ბანკის დაკრედიტების ძირითადი ბენეფიციარები (კლიენტები) იქნებიან: იპოთეკით დაზარალებულები, პრობლემური სესხების მქონე პირები, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები და ეკონომიკური პრობლემების მქონე სტუდენტები. ძირითადი კლიენტები ამ კატეგორიის ადამიანები იქნებიან, თუმცა სხვა ტიპის კლიენტებზეც არ იქნება შეზღუდვა, თუ ვინმე საჭიროებს სოციალური ხასიათის მქონე დაკრედიტებას. ბანკს ასევე ექნება, სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის, რიგითი მოქალაქეებისთვის სასარგებლო სხვადასხვა საბანკო სერვისები. ამ ახლად დაფუძნებულ ბანკში, მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმდება დაახლოებით 10 000 ადამიანი და გამოცხადდება ეს 10 000 საჯარო ვაკანსია სხვადასხვა საბანკო პოზიციებზე.
16. რეალურად გამკაცრდება: სურსათის, მედიკამენტების, ბავშვთა სათამაშოების, ჰაერის, სამშენებლო მასალების და მშენებლობების, ცივი იარაღის, ნარკოტიკების, აზარტული თამაშების და სხვა ადამიანისთვის საშიში ობიექტების და პროცესების კონტროლი.
17. მოხდება სტატისტიკის მეთოდოლოგიების სრული განახლება და პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვენ დავადგენთ რეალურ: საარსებო მინიმუმს, ინფლაციის მაჩვენებელს, სიღარიბის ზღვარს, უმუშევრობის დონეს, სახელფასო და სხვა მაჩვენებლებს.
18. სახელმწიფო სამსახურებში, მაქსიმალური შრომის ანაზღაურება იქნება 5 ათასი ლარი და არა 22 ათასი, ხოლო ავტომობილის, გარდა სპეც. მანქანებისა, მაქსიმალური შესასყიდი ფასი იქნება 15-20 ათასი დოლარი, ნაცვლად 100 ათასი და მეტი დოლარისა.
19. პარლამენტართა რაოდენობა შემცირდება 100 კაცამდე, ხოლო გუბერნატორის, ხშირად რომ ადგილობრივი ბიზნეს მაფიოზის ინსტიტუტი საერთოდ გაუქმდება. (გუბერნატორის პოსტი უქმდება, თორემ ადმინისტრაციაში მომუშავე ყველა თანამშრომელი უკლებლივ გადავა ახალ სამსახურში).
20. მოხდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მასშტაბური რეფორმირება და მათი საქმიანობა ძირითადად დამყარებული იქნება ანალიტიკურ საქმიანობაზე და არა მარტივ შპიონაჟზე.
21. განვახორციელებთ სამართალდამცავი ყველა უწყების სრულ რეფორმირებას პროფესიონალური დონის ამაღლების მიზნით. მოხდება კადრების ახალი სტანდარტებით რეალური გადამზადება, მათ შორის უცხოეთში სამუშაო სტაჟირებების ჩათვლით.
22. სამართალდამცავ ორგანოებსა და თავდაცვის ძალებში მაქსიმალურად მოვიზიდავთ ახალგაზრდა კადრებსაც, რომ გამოცდილ კადრებს შეემატოს „ახალი სისხლი“, ახალგაზრდა, ენერგიული და პროფესიონალი ადამიანები. ორივე მიმართულებით მოხდება საშტატო ერთეულების მნიშვნელოვანი მატება.
23. განვახორციელებთ სასამართლო სისტემის სრულ დემოკრატიზაციას, ისე რომ, ნებისმიერი მოქალაქის ნდობა სასამართლოს მიმართ იყოს მაღალი ხარისხის.
24. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავიდეთ შრომითი კანონმდებლობის და მისი აღსრულების მაღალ სტანდარტებზე. არ შეიძლება, დღემდე მონური შრომითი წესები იყოს ქვეყანაში.
25. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ უარი ისეთი ტიპის ჰესების მშენებლობაზე, რომელიც გარემოს დიდ ზიანს აყენებს, ან ლახავს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს მნიშვნელოვნად. უნდა განვავითაროთ და ავითვისოთ იმ ენერგიის პოტენციალი სრულად, რომელიც მისაღებია როგორც ეკოლოგიური, ასევე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. სხვა შემთხვევებში კი, კატეგორიულად დაუშვებელია რამე ტიპის ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა.
26. ჯანდაცვა აუცილებლად იაფი და ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ ნებისმიერი მოქალაქისთვის. პირველ რიგში უნდა მოხდეს ჯანდაცვაზე გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების ეფექტიანი ხარჯვა და კონტროლი. ძალიან მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის რეგულირება. სადაც საჭიროა უნდა ამოიძირკვოს არაჯანსაღი კონკურენცია ამ ბაზარზე და უკვე შემდგომ რა საჭიროებაც იქნება, უნდა მოხდეს მედიკამენტების მნიშვნელოვანი სახელმწიფო სუბსიდირება.
27. უნდა მოხდეს სახელმწიფო კლინიკების ქსელის მნიშვნელოვანი გაფართოება. კერძო კლინიკა ბუნებრივია ორიენტირებულია მაღალი მოგების მიღებაზე და შესაბამისად მომსახურებაც ძვირია. ამიტომ საჭიროა არსებობდეს 1 სახელმწიფო კლინიკა მაინც თითოეულ ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში და შემდეგ თვითონ გადაწყვეტს მოქალაქე, თუ სად მიიღებს სამედიცინო მომსახურებას, რომელ კლინიკაში. ამით უნდა იყოს უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურების საყოველთაო ხელმისაწვდომობა.
28. რეალურად დიდი ყურადღება უნდა მიექცეს გარემოს დაცვას და გამწვანებას. ან ეკონომიკა ან ფული რად გვინდა, თუ ჩვენი ჯანმრთელობა დავაზიანეთ მავნე გარემო პირობებით. პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვენი ახალი ხელისუფლების პირობებში, არნახულ მასშტაბებს მიიღებს გამწვანებითი სამუშაოები. ყოველ ნაბიჯზე მინიმუმ მწვანე ბუჩქი მაინც უნდა დაირგოს. ამ პროცესში კი პარალელურად უამრავი ადამიანიც დასაქმდება.
29. უნდა მოხდეს ძალიან ბევრი საკანონმდებლო ნორმის გადახედვა. უამრავი უზუსტობა და გაუგებრობებია კანონმდებლობაში და აუცილებელია ერთხელ და სამუდამოდ ამის მოწესრიგება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ჯერ კიდევ ვიყენებთ საბჭოთა პერიოდში, 1984 წელს მიღებულ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“. საკუთარი კანონიც კი ვერ მიგვიღია.
30. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ჩვენ მიერ მოხდება მუდმივად მიზნობრივად, ისე რომ პირდაპირ წაადგეს ეკონომიკის განვითარებას და არა ისე, რომ მსოფლიო ბანკისგან სესხს იღებს ხელისუფლება და შემდეგ ამ თანხით, ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას რომ ახორციელებს. როგორ შეიძლება ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის კრედიტი აიღო, როდესაც პროექტის ეკონომიკური ეფექტიანობა თითქმის ნულია, არაფრისმომცემია.
31. დემოკრატიული წყობის პარალელურად, ქვეყანაში უნდა იყოს რეალური მართლწესრიგი. ჩვენი ახალი ხელისუფლების მიდგომა წინა ყველა ხელისუფლებისგან განსხვავებით ის იქნება, რომ არც უდანაშაულოდ ჩავსვათ მოქალაქეები ციხეში, არც ვაწამოთ და არც ისე, რომ საქმის ღრმა შესწავლის გარეშე, გავანთავისუფლოთ ადამიანები საპატიმრო სასჯელიდან და შემდეგ გაზრდილი კრიმინალური შემთხვევები მივიღოთ. აი ეს არის ყველაზე სწორი მიდგომა.
32. ჩვენი ახალი ხელისუფლების პირობებში, ეკონომიკის განვითარების პარალელურად, პრიორიტეტული იქნება განათლება და მეცნიერება.
ადამიანი, მატერიალურთან ერთად, არის სულიერი, გონიერი არსება და ამიტომ აუცილებელია, რომ მომავალი თაობები გვყავდეს ძალიან განათლებული. განათლებულ ადამიანს, იშვიათად თუ მოატყუებს კაცი.
მოხდება სასწავლო გეგმების და პროცესების სრული გადახალისება და უნდა გახდეს გაცილებით შემეცნებითი და შედეგიანი და არა ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს პრიმიტიული.
33. სასწავლო პროგრამებში უნდა შემოვიღოთ რელიგიის გაკვეთილები და უნდა დავაბრუნოთ დედაენის სწავლება სრულფასოვნად. რელიგიის სწავლება, გაცილებით უფრო ჰუმანურს და გონიერს გახდის ბავშვებს. ასევე უნდა იქნას შემოღებული გაკვეთილები ეკონომიკასა და სამართლის საწყისებში. ადრეული ასაკიდანვე უნდა ჩამოყალიბდნენ ბავშვები სრულფასოვანი სამოქალაქო შეგნების მოქალაქეებად.
34. სკოლებში უნდა გავაძლიეროთ პროფესიული სწავლების გაკვეთილები, რომ ადრეული ასაკიდანვე მიეჩვიონ ბავშვები შრომას და არა ქუჩაში დგომას. წასახალისებლად შესაძლოა გარკვეული გასამრჯელოც დავუწესოთ ახალგაზრდებს.
35. უნდა შემოვიღოთ მაღალი დიზაინერული ხარისხის სასკოლო ფორმები, ჩანთები და მოსწავლეების პირადი ნივთების ერთიანი სტანდარტი, რომ მდიდარ და ღარიბ ბავშვებს შორის სოციალური უთანსწორობა აღარ იგრძნობოდეს, რაც ერთგვარად აკომპლექსებს კიდეც ახალგაზრდებს.
36. უმნიშვნელოვანესი ყურადღება უნდა მიექცეს ქართული კულტურის განვითარებას და პოპულარიზაციას. რაც შეიძლება მეტი თანხა უნდა მიიმართოს უშუალოდ ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის. პარალელურად კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყოველ ნაბიჯზე
უნდა გაიხსნას კულტურის ცენტრები და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს, თავისუფლად უნდა შეეძლოთ საკუთარი თავის რეალიზაცია. საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყანა უნდა იქცეს რეგიონის კულტურის ცენტრად.
37. ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს უცხოეთში ქართულ დიასპორებთან კავშირს. უცხოეთში მცხოვრებმა ყველა ქართველმა და მათ შორის ისტორიულმა ქართველებმა, უნდა იგრძნონ, რომ საქართველოს ხელისუფლება დღე და ღამ ფიქრობს მათზე და საქართველოსთან მათი უწყვეტი კავშირის შენარჩუნებაზე. მინიმუმ ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს, მსოფლიოში მცხოვრები ყველა წარმოშობით ქართველის დიდი შეხვედრა და ამის მასპინძელი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფო. მსგავსი შეხვედრები ძალიან დააახლოებს ერთმანეთთან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტულ წარმოშობით ქართველებს და ერთ მუშტად შეკრავს. ქართული წარმოშობის ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მარტივი პროცედურებით უნდა მიეცეს საქართველოს მოქალაქეობა.
38. ყველა ჩვენ ემიგრანტს, სამშობლოში დაბრუნების სანაცვლოდ, სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს სპეციალური პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს მათი აქ დაბრუნების წახალისებას. კონკრეტულად, თუ ემიგრანტი გადაწყვეტს რომ ჩამოვიდეს სამშობლოში და გარკვეული საქმიანობა წამოიწყოს, სახელმწიფომ მას უნდა შესთავაზოს უპროცენტო კრედიტებით თანამონაწილეობა, ფინანსური ან ქონებრივი გრანტები, საგადასახადო შეღავათები და სხვადასხვა უფასო სახელმწიფო სერვისები. ასე უნდა დააინტერესოს სახელმწიფომ ჩვენი ემიგრანტები.
39. ჩვენი ახალი ხელისუფლების პირობებში, გაძლიერდება არასამთავრობო სექტორი, რომელიც იქნება სახელმწიფო საგრანტო დაფინანსებაზე და არა უცხოეთიდან დაფინანსებებზე. დღევანდელ არასამთავროებს ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვთ და ამიტომაც საჭიროა, რომ შეიქმნას არასამთავრობო ორგანიზაციათა ახალი ტიპის დაფინანსების მოდელი, რომ ჯანსაღი კონკურენცია იყოს ამ სექტორში.
ასე მნიშვნელოვნად განვითარდება საზოგადოებრივი საქმიანობა და არც სახელმწიფო ინტერესებს მიადგება რამე ზიანი.
40. აუცილებელია, კონკრეტული, ჭკვიანური გეგმა შემუშავდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით. არნახულად უნდა გაძლიერდეს ურთიერთობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან და მათ უნდა შევთავაზოთ, საქართველოს სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებული სახელმწიფო ხელშეწყობა. ჩვენი სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებული უკეთესი პენსია, ხელფასები, გადასახადები, ჯანდაცვა, განათლება, სხვადასხვა სოციალური პაკეტები და ასე მოვიპოვოთ მათი კეთილგანწყობა.
41. საგარეო ურთიერთობებში პირველ ეტაპზე ვიქნებით ნეიტრალურები. ჯერ კარგად უნდა დაელაპარაკო პირდაპირი დიალოგის ფორმატით რუსეთს, ამერიკას, ევროპის წამყვან ქვეყნებს, ჩინეთს და ამის შემდეგ გააზრებულად და ღრმა ანალიზის საფუძველზე უნდა გადაწყვიტო, თუ რომელი გზა არის უმჯობესი ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად და ჩვენი შემდგომი უსაფრთხოებისთვის. ერთია საჯაროდ რასაც გვეუბნებიან და მეორეა, რეალურად ვინ რას ფიქრობს გულში.
42. აუცილებლად უნდა გაძლიერდეს რეფერენდუმის ინსტიტუტი. თუ გვინდა, რომ ხალხის უშუალო მმართველობა მივიღოთ და არა ისე, დღემდე რომ ხელისუფლება აზის თავზე ხალხს, აუცილებელია რეფერენდუმის ჩატარების პროცედურები გავამარტივოთ რიგ საკითხებზე. ყველა საკითხზე არ შეიძლება რომ რეფერენდუმები ჩავატაროთ, მაგრამ არის ფუნდამენტური საკითხები, რაც აუცილებლად საჭიროებს ხალხის ნების ასახვას და არა რომელიმე ხელისუფლების ხუშტურზე დაფუძნებულ ნებას.
43. ჩვენი ახალი ხელისუფლება, სხვა ყველა წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, იქნება რეალურად ღია, გამჭვირვალე და არა კაბინეტებსა და ჯიპებში გამოკეტილი. იქნება ყოველდღიურად ახლო მყოფი საკუთარ მოქალაქეებთან და მათი ყოფითი პრობლემების უშუალო თანაზიარი.
ეს, სხვა უმეტესი პარტიებისგან განსხვავებით, არ არის პოპულისტური და დემაგოგიური ჩამონათვალი ჩემო კარგო ადამიანებო, არის დიდი ხნის განმავლობაში კარგად გააზრებული და დამუშავებული სამოქმედო გეგმა.
დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია, გსურთ ნორმალური ცხოვრება, თუ კვლავ ამ ჭაობში დარჩენა.
ისევ ბევრი თქვენგანი თუ დაკარგავს ამ ნორმალურ ცხოვრებას, თორემ ჩემი პირადული არაფერი მიდის ხომ იცით.
პატივისცემით,
გიორგი ჩახაია
არჩევნებზე კი ყველამ შემოხაზეთ:
„ზვიადის გზა“ – № 43.