„ალიას“ მკითხველს ვთავაზობ საინტერესო ინტერვიუს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობთან და ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან გოჩა კაპანაძესთან.
– ბატონო გოჩა, პირველ რიგში, გილოცავთ 50 წლის იუბილეს და გისურვებთ შემოქმედებით წარმატებებს. ამბობენ, დევნილობაში მყოფი ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის თეატრი თქვენ გადაარჩინეთ, თეატრის დირექტორ ზაზა თედიაშვილთან ერთად. ამჟამად, როცა ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს, რითი ირჩენენ მსახიობები თავს?
– ხელფასები დროულად გვერიცხება… კონკრეტული თანხის დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა, იგივეა, რაც ყველგან. არ არის დიდი ხელფასი.
– რეჟისორები, მსახიობები ამ სიტუაციაში უფუნქციოდ ხომ არ დარჩით?
– უფუნქციოდ არ ვართ. ხელოვანები გადასულები ვართ შემოქმედებით დუმილში. ლაბორატორიულ მუშაობას ვეწევით. ვემზადებით სეზონის გახსნისთვის. ვატარებთ რეპეტიციებს. საინტერესო ავტორების მოძიებაში ვართ. ძველი კლასიკოსების გადახედვას ვახდენთ.
– ძველის გადახედვას იმიტომ ხომ არ ახდენთ, რომ ახალი ღირებული არაფერი შეიქმნა?
– რა თქმა უნდა, ახალი ღირებული არაფერი შექმნილა. არ არიან ცოცხლები: ოთარ ჭილაძე, გოდერძი ჩოხელი, რევაზ ინანიშვილი და ძალიან ბევრი სხვა. ისინი ამ ჟამიანობას რომ მოსწრებოდნენ, დღეს კიდევ უფრო მრავალწახნაგოვანი იქნებოდა მათი შემოქმედება. რეჟისორებს გვიწევს მათი მოთხრობების ინსცენირება. სამწუხაროდ, ქართული დრამატურგია, გამონაკლისების გარდა, ძალზე გაღარიბდა.
– რამ გამოიწვია ეს?
– ეტყობა, როდესაც რაღაც შეზღუდვებია, ტვინი იწყებს იგავური ფორმის ძებნას. წინა თაობის დიდი რეჟისორები იგავურად აზროვნებდნენ. ისინი ამით ცენზურას ატყუებდნენ და ასე ცხოვრობდნენ იმ იპოქაში, ასე დგამდნენ სპექტაკლებს. იგავურმა აზროვნებამ გაზარდა მაყურებელი. სამსახიობო სკოლა სხვა მხრივ განვითარდა. განგებამ დაალაგა ასე. როდესაც უჭირს სამყაროს, კომპენსირებას უფალი ახდენს. ვერიკო ანჯაფარიძის, აკაკი ხორავას და აკაკი ვასაძის თაობის შემდეგ 50-იანელების: ზინაიდა კვერენჩხილაძის, მედეა ჩახავას, სალომე ყანჩელის, ელენე ყიფშიძის, გურამ საღარაძის, მეღვინეთუხუცესის, რამაზ ჩხიკვაძის თაობა იყო. ყველა თაობას თავისი მსახიობები ჰყავს და ამ თაობის სახეს წარმოადგენენ.
– ცხინვალში მცხოვრებ ოს დრამატურგებთან თუ გაქვთ კავშირი?
– ისინი არ ურთიერთობენ ჩვენთან. ერიდებიან აღადგინონ ძველი ურთიერთობები. თუმცა თბილისში ხდება ოსი და ქართველი ახალგაზრდების შეხვედრები და ეს იმედს მაძლევს, რომ მომავალში შეიძლება ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს. აგრესია სხვა სიბრტყეზე უნდა იქნას გადატანილი. ეს კარგის მომტანი არ არის. ახალ დაძაბულობას გამოიწვევს.
ჩვენ თითქმის ყოველთვის საზღვრისპირა ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანებთან ჩაგვაქვს სპექტაკლები. ვხვდებით იქაურ მაცხოვრებლებს. ჩამოგვყავს ისინი თბილისში და ამაში ძალიან გვეხმარება კულტურის სამინისტრო. ჩვენს ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს შესაბამისი სამსახური. ოთხი საათი გრძელდება სპექტაკლები და ჩვენი უსაფრთხოება სათანადოდ არის დაცული.
– რამდენ სპექტაკლს თამაშობთ?
– დაახლოებით 10-15 სპექტაკლი ვითამაშეთ ღია ცის ქვეშ. ჩვენი მაყურებლები ოსი მესაზღვრეები და რუსი ოკუპანტები არიან. თქვენ წარმოიდგინეთ, ოკუპანტები დურბინდებით უყურებენ სპექტაკლებს. ყველა ჩვენი თანამშრომელი ძალიან განიცდის ბორდელიზაციის პროცესს. სამაჩაბლოს დევნილებისთვის ომი დღესაც არ დამთავრებულა. მათი მიწის ნაკუწ-ნაკუწ მიტაცება ხდება ყოველდღიურად. მე ვიტყოდი, რომ ბორდელიზაცია ყველაზე საშინელი გეგმაა, ოკუპანტის მხრიდან მოფიქრებული. ეს ეროვნულ იდენტობაზე მოქმედებს. როდის გაწყდება ეს მოლოდინის ძაფი! სამხრეთ კავკასიაში სომხეთ-აზერბაიჯანის ომი იყო სულ ახლახან. აზერბაიჯანმა 27 წლის წინ დაკარგული 7 რაიონი დაიბრუნა. ჩვენც უნდა დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული ტერიტორიები.
– ბატონო გოჩა, შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ცხინვალის თეატრში მოღვაწეობდნენ ცნობილი მსახიობები – ეროსი მანჯგალაძე და მედეა ჩახავა. ისინი ორი სეზონის განმავლობაში თამაშობდნენ ცხინვალის თეატრის სცენაზე. და როცა თბილისში ბრუნდებოდნენ, თეატრის წინ დაიჩოქეს და ისე დაემშვიდობნენ ცხინვალის თეატრს. თქვენთან ბევრი ნიჭიერი მსახიობია. ფიზიკური გარეგნობით გამორჩეულ ჯემალ გოჩაშვილს, რომელმაც არაერთი მხატვრული სახე შექმნა, რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე სთხოვდა, მარჯანიშვილის თეატრში გადმოსულიყო. მე ვერ მივატოვებ ჩემს კუთხესო, – უთქვამს მსახიობს, რომელიც მშობლიურ თეატრს სიკვდილამდე ემსახურებოდა. მე მინდა ამ სტატიიდან ბევრი უცნობი ამბავი შევახსენო საზოგადოებას დევნილობაში მყოფი თეატრის შესახებ.
– მე ვიტყოდი, რომ ეს არის შესანიშნავი თეატრალური ლეგენდა, რომელიც ფაქტობრივ მასალაზეა აგებული, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა. ეროსი მანჯგალაძემ ვიცოდი, რომ ცხინვალის თეატრში აიდგა ფეხი, მაგრამ ქალბატონი მედეა ჩახავაც თუ მოღვაწეობდა ცხინვალის თეატრში, ეს არ ვიცოდი. ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი ასე გამოეთხოვნენ ცხინვალის სცენას. ცხინვალის თეატრს 145 წლის ისტორია აქვს. ოპერისა და ბალეტის თეატრისა და გრიბოედოვის თეატრის შემდეგ ცხინვალის თეატრი უძველესია. სპექტაკლ „შთამომავლობაში“ ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად რუსთაველის თეატრის სცენაზე ცხინვალის თეატრის მსახიობებიც თამაშობდნენ.
– წოდება „სახალხო არტისტი“ ორ ათეულ წელზე მეტია, აღარ არსებობს, თუმცა ყველაზე დიდი ჯილდოა მაყურებელს უყვარდე და მსახიობი სახალხო იყო. თქვენ უყვარხართ მაყურებელს და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დევნილობაში მყოფი ცხინვალის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდით.
– ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო მაყურებლის სიყვარულია. არ მეგონა, თუ ასე მაფასებდნენ და პატივს მცემდნენ ადამიანები, სცენარისტები, რეჟისორები. 28 ნოემბერს კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის აფხაზეთის თეატრში განვახორციელე სპექტაკლი „მთვარის მოტაცება“. აფხაზეთის თეატრის გადაწყვეტილებით, ამ სპექტაკლს მიენიჭა გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია. საბჭოში იყვნენ ცნობილი ადამიანები. კენჭისყრა იყო დახურული. მადლიერი ვარ იმ ადამიანების, რომლებმაც ჩემი შემოქმედება და პიროვნება ასე შეაფასეს.
– და ბოლოს, პანდემიით გამოწვეული უსიცოცხლო დღეების შემდეგ, როდესაც ადამიანები ძრწოლით, შიშით და ტანჯვით არიან, როგორმე თავის თავს მოერიონ, დევნილი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რას ეტყვის დღევანდელ ხელისუფლებას?
– ხალხზე იფიქრონ. ისინი ხალხმა აირჩია. ჩვენ ვუხდით მათ ხელფასებს. იფიქრონ სახელმწიფოზე, თითოეულ ადამიანზე და ღმერთზე. შექსპირის „ჰამლეტიდან“ ერთი ასეთი ფრაზაა: „სიკვდილის შემდეგ საფლავის ქვაზე ცუდი წარწერა გერჩივნოს სიცოცხლეში მსახიობების ყბაში ჩავარდნას!“
ნანა სულავა, ალია
კომენტარები