ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით დასავლეთი უნდა დარწმუნდეს, რომ პუტინი დამარცხდება, ეს მათი საერთო მიზანი უნდა იყოს. ამის შესახებ მიშელმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
“ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პუტინი დამარცხდება. ეს საერთო მიზანი უნდა იყოს. ეს უსაფრთხოების საკითხია, ევროპისა და მსოფლიოს მომავლისთვის”. – თქვა მიშელმა.
როგორც მიშელმა ტელეკომპანიას უთხრა, ომის დაწყების შემდეგ ის არაერთხელ ესაუბრა როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე ვლადიმირ პუტინს, იმ იმედით, რომ მათ ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაზე შეთანხმებაში დაეხმარებოდა.
“ეს ძალიან რთულია, რადგან ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, რომ რუსეთის მთავრობა გულწრფელია. ჩვენ არ ვართ გულუბრყვილოები – ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი სამხედრო თავდასხმით მოლაპარაკებებში საკუთარი პოზიციების გაძლიერებას ცდილობენ. თუმცა, მეორემხრივ, ჩვენ უნდა შევცვალოთ ძალთა ბალანსი იმ მიზნით, რომ პრეზიდენტ ზელენსკის რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებში უკეთესი პოზიცია მივცეთ”. – თქვა მიშელმა.
გარდა ამისა, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გონივრულად უნდა მოიქცეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხთან დაკავშირებით.
“ჩვენ რუსეთს უპრეცენდენტო სანქციები დავუწესეთ. ჩვენი სამიზნე ოლიგარქები და რუსეთის ეკონომიკური სექტორებია. თუმცა, ევროპასა და აშშ-ს ზუსტად ერთნაირი მდგომარეობა არ გვაქვს. მაგალითად, ნავთობის ან გაზის სექტორი. ევროპა ბევრად უფრო დამოკიდებულია [რუსეთზე], ვიდრე აშშ. სწორედ ამიტომ გონივრულად უნდა მოვიქცეთ. ჩვენი მიზანია, რომ სანქციები რუსეთისთვის იყოს მტკივნეული და არა ჩვენთვის”.
კომენტარები