ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ისინი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთავაზებულ დოკუმენტის განხილვაზე მზადყოფნას გამოთქვამენ. მათივე თქმით, განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, მათი მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და რაიმე შინაარსობრივ დამატებას არ დაეთანხმებიან.
“ამის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირის ეგიდით წარდგენილ პირველ დოკუმენტსაც და მზადყოფნას ვაფიქსირებთ განახლებული დოკუმენტის განხილვაზეც — განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ჩვენი მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და ჩვენ არ დავეთანხმებით რაიმე შინაარსობრივ დამატებას. ჩვენი მხრიდან პირობებზე მოლაპარაკება ამით დასრულებულია და მოვუწოდებთ ოპოზიციას პასუხისმგებლიანი ნაბიჯებისკენ”, — წერია მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართულ ოცნებაში 19 აპრილს განაცხადეს, რომ მზად არიან ნდობის 40%-იანი მაჩვენებლის გაზრდაზე განხილვა დაიწყონ. მათივე თქმით, თუ გიორგი რურუას საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალებს, ისინი კრიტიკულ პოზიციას არ დააფიქსირებენ.
გარდა ამისა, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ლელოს ლიდერების, ხაზარაძე-ჯაფარიძის და მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეების შეფასება უნდა მოხდეს სასამართლო სფეროში არსებული ექსპერტების ჩართულობით, რათა გამოირიცხოს ამ საქმეებზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.
“ვინაიდან, არის ორი სხვა მიმდინარე საქმე – ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის და ნ. გვარამიას საქმეები, სადაც ერთ შემთხვევაში პირებმა, რომელთა მიმართაც ჩატარდა გამოძიება და მიმდინარეობს სამართალწარმოება, გამოძიების დაწყების შემდეგ შექმნეს პოლიტიკური პარტია და თავი შეაფარეს პოლიტიკურ სტატუსს, ხოლო მეორე შემთხვევაში, პირმა, რომლის მიმართაც ასევე მიმდინარეობს სამართალწარმოება (ის წინა ხელისუფლების პირობებში, გენერალური პროკურორის მოადგილე გახლდათ), დააფუძნა ტელევიზია და ჟურნალისტური საქმიანობით ცდილობს იმუნიტეტის მოპოვებას — ამ საქმეების შეფასება უნდა მოხდეს სამართლის სფეროში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რათა გამოირიცხოს აღნიშნული საქმეების პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობა და მათი შეფასება მოხდეს მხოლოდ სამართლებრივი სტანდარტებით. ვთვლით, რომ ამით გამოირიცხება ყველანაირი სუბიექტური აღქმა ჩვენს საზოგადოებაში, არის თუ არა ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული”, — აცხადებენ პარტიაში.
კომენტარები