თითქმის ყველა აფეთქება, რომელიც გვაქვს, დაკავშირებულია ჭირის სუფრებთან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„რამდენიმე გამონაკლისი იყო დაბადების დღეები, საიდანაც დიდი კლასტერები წარმოიქმნა. ხალხში არის ტრადიციები და ჭირის სუფრები, მესმის, მაგრამ ჩვენი ჭირის სუფრები მსხვერპლშეწირვას ემსგავსება და ამაზე უარი უნდა ვთქვათ“, – განაცხადა იმნაძემ.
მისი თქმით, ავადობის მხრივ ქვეყანა იგივე მდგომარეობაშია, როგორც იყო ოქტომბრის შუა რიცხვებში, როდესაც მეორე ტალღა იწყებოდა.
„ბოლო ერთი თვეა, ჩვენ მატება გვაქვს და თუ შევადარებთ იმას, რა ხდებოდა სექტემბრის მეორე და ოქტომბრის პირველ ნახევარში, ვნახავთ, რომ მაშინდელი და დღევანდელი მატება ერთმანეთთან ძალიან შედარებადია, თუმცა, დღევანდელი მატების ტემპი ჯერჯერობით, არ არის კატასტროფული“, – განაცხადა იმნაძემ.
კომენტარები