ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა დედოფლისწყაროში, სადაც კომპანია ნავთობს მოიპოვებს, მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები ისევ სახელფასო დავალიანებების დროულ დაფარვასა და სამსახურში აღდგენას ითხოვენ. მოსახლეობამ დღეს კომპანიის კუთვნილი მანქანა, რომელიც ნავთობის გატანას გეგმავდა, რამდენიმე საათით შეაფერხა და ტერიტორიიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდა. შეკრებილების თქმით, მძიმე ფინანსური კრიზისის გამო, კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
„ჩვენ უსამართლოდ არაფერს ვითხოვთ. თვეები ვიმუშავეთ და ახლა კომპანიას არ სურს ამ დავალიანების დაფარვა. ჯერ იყო და სამსახურიდან უსამართლოდ გაგვათავისუფლეს, მერე სახელმწიფომ „ფრონტერას“ საარბიტრაჟო დავაც მოიგო და დაეკისრა სხვა ვალდებულებების შესრულებასთან ერთად, ჩვენი დავალიანების გასტუმრებაც, მაგრამ ამ დრომდე კომპანიის ხელმძღვანელობას გამოტანილი გადაწყვეტილების შესრულება არ უნდა. ჩვენ უკან ჩვენი ოჯახები და შვილები დგანან, მათ რა ვაჭამოთ, რა გავაკეთოთ უკვე აღარ ვიცით. წამლების ფული არ ჰქონდა და ძალიან უჭირდა, ამიტომ ერთმა ჩვენმა თანამშრომელმა ამ ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლო და რამდენიმე კვირის წინ დავალიანების ჩარიცხვის ბოლო იმედიც რომ გადაეწურა, თავი მოიკლა“, – ამბობენ აქციის მონაწილეები.
კომპანიის დედოფლისწყაროს მენეჯერი აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა. გიორგი ჯანიაშვილს არ აქვს კითხვაზე პასუხი თუ როდის და რა ვადებში მოხდება ყოფილი თანამშრომლებისთვის დავალიანების ჩარიცხვა.
სახელმწიფომ „ფრონტერას“ წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა ცოტა ხნის წინ მიუგო.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება განსაზღვრავს „ფრონტერას“ შესაბამის ვალდებულებებს როგორც ძებნა-ძიების ტერიტორიის დაბრუნების, ასევე შესაბამისი თანხების ანაზღაურების ნაწილში.
რამდენიმე დღის წინ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კომპანიის თითოეული გათავისუფლებული თანამშრომლი ერთჯერადად 1200 ლარს მიიღებს.
კომპანია „ფრონტერას“ 84 თანამშრომლის, დაახლოებით 17-თვიანი, ჯამში მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს. თანამშრომლებმა კომპანია „ფრონტერას“ სასამართლოში რვა თვის წინ უჩივლეს. გათავისუფლებული თანამშრომლები აქციებს რამდენიმე თვეა პერმანენტულად მართავენ.
„მარშალპრესი“
კომენტარები