ხვალ ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის საპროტესტო აქცია გაიმართება. მოსახლეობა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისაგან“ კომპენსაციას ითხოვს, რადგან მანგანუმის მომპოვებელმა კომპანიამ მათ საცხოვრებული სახლები დაუზიანა.
მოსახლეობის მტკიცებით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მიწისქვეშა სამუშაოების წარმოების გამო, მათ საცხოვრებელ სახლებს ბზარები გაუჩნდა. ისინი ამის დამამტკიცებელ ფოტომასალასაც აქვეყნებენ.
„ფოტოებში, რომლებსაც ახლა თქვენ ხედავთ, ჩანს ჩვენი სახლები. ვთქვით და კიდევ ბევრჯერ ვიტყვით, რომ ეს სახლები ხალხმა საკუთარი შრომით, საკუთარი ძალებით ააშენა, სადაც მშვიდად შეეძლოთ ცხოვრება. დღეს კი სიტუაცია შეიცვალა. ის სახლი, სადაც ადრე მშვიდად, მყუდროდ და უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, ახლა თავზე ენგრევათ.
მათი მშველელი კი არავინაა. ისედაც დაცარიელებულ სოფელში იქ დარჩენილი მცირე მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობებიც ნადგურდება. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რას ნიშნავს, როდესაც ყოველ ღამე პატარა ბიძგები გაღვიძებს და ხვდები, რომ ეს კიდევ ერთი პატარა ბზარის ნიშანი იქნება, რომელიც სხვა დანარჩენს შეემატება და შენს სახლს დააზიანებს.
ჩვენი თხოვნაა, რომ ერთმანეთს მხარში დავუდგეთ. ჩვენს სახლებს, ჩვენს სიცოცხლეს გავუფრთხილდეთ და ამ ყველაფერს ერთად შევძლებთ”, – აცხადებენ სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები.
შუქრუთის მოსახლეობის საპროტესტო აქცია ხვალ ჭიათურის მერიის წინ, 15:00 საათზე გაიმართება.
კომენტარები