ეკონომიკის ექსპერტი, ყოფილი მაღალჩინოსანი, თემურ ბასილია სოციალურ ქსელში წერს:
,,ზუსტად 28 წლის წინ, 1995 წლის 2 ოქტომბერს ქართული ლარი გახდა გადახდის ერთადერთი საშუალება ქართულ სახელმწიფოში. იგი შემოვიღეთ ერთი კვირით ადრე, 1995 წლის 25 სექტემბერს, თუმცა, ერთი კვირის განმავლობაში მოსახლეობას მივეცით საშუალება გადაეცვალათ მათ ხელთ არსებული კუპონი და რუსული რუბლი ქართულ ლარზე.
სწორედ, ამ წარმატებული ფულის რეფორმის შემდეგ საზოგადოებაში განმტკიცდა აზრი, რომ საქართველოს შეუძლია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. ხაზს ვუსვამ, ფულის რეფორმა უმნიშვნელოვანესი იყო არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ, უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
სამწუხაროა, რომ თითქმის აღარავინ ახსენებს ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ატრიბუტის, ეროვნული ვალუტის – ქართული ლარის შემოღებას, ისევე, როგორც ბაქო-სუფსის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენების და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის უმნიშვნელოვანეს პროექტებს და ბევრ სხვას. ჩვენს თვალწინ სრულიად უტიფრად ხდება ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის გადაწერა. არა მგონია, ისტორიის გადაწერის ეს ამორალური მცდელობა წარმატებით დასრულდეს.”
კომენტარები