ComCom-მა სასამართლოს 10 მაუწყებლის ფინანსური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა – კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედს“, „სტუდია მაესტროს“, „პოსტვს“, „ფორმულას“, ასევე, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, „ტელეკომპანია პირველს“, „ტელეკომპანია კავკასიას“, „პალიტრანიუსს“ „მედია ჰოლდინგ ჯორჯიან თაიმზს“ და „სილქ მედიას“ სამართალდარღვევათა ოქმები შეუდგინა, თუმცა, მაუწყებლების მიერ სხდომაზე წარმოდგენილი არგუმენტაციის შესაბამისად, სასამართლოს მათი ფინანსური სანქციებისგან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ტელეიმედმა“, „სტუდია მაესტრომ“, „პოსტვ“-იმ და „ფორმულამ“, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები კენჭისყრამდე 48 საათამდე პერიოდში (კანონით დადგენილი ე.წ. „სიჩუმის პერიოდი“) გააშუქეს, ხოლო „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“, „ტელეკომპანია პირველმა“, „ტელეკომპანია კავკასიამ“, „პალიტრანიუსმა“, „მედია ჰოლდინგ ჯორჯიან თაიმზმა“ და „სილქ მედიამ“, საზოგადოებრივი აზრის კვლევის გაშუქებისას ინფორმაცია სრულად არ მიუთითეს. კერძოდ, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაუწყებლებს ეკრძალებათ კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღეს 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გაშუქება. გარდა ამისა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გაშუქებისას, მაუწყებელი ვალდებულია მიუთითოს გამოკითხვის დამკვეთი, გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა, გამოკითხვის თარიღი, მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და შესაძლო ცდომილების ფარგლები.
კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლებს სამართალდარღვევათა ოქმები შეუდგინა და სასამართლოს მათი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები