გასული 40 დღის განმავლობაში Covid-19-თან დაკავშირებით სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტების გამო, თურქეთში 402 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ AP იუწყება.
ოფიციალური პირების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავებულთა პოსტები “ყალბად და პროვოკაციულად” მიიჩნიეს. ჯამში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 000 ანგარიში შეამოწმა, დაკავებული 402 პირი კი იმ 855 ადამიანს შორის იყო, რომლებიც ზემოაღნიშნულ ანგარიშებს მართავდნენ.
სამინისტროს ოფიციალურმა პირმა AP-ს უთხრა, რომ დაკავებულებს ედავებიან “პანიკის გამოწვევას” ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, რომელიც, სხვა გზავნილებთან ერთად, მოიცავს ბრალდებებს მთავრობის მიმართ, რომ ის ვერ აკონტროლებს კრიზისს, ასევე “ტყუილს” გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რიცხვის შესახებ.
ცნობისათვის, ქვეყანაში ახალ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 130-ს მიაღწია. გარდაცვლილია 2 805 ადამიანი. ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით თურქეთი მეშვიდე ადგილს იკავებს მსოფლიოს ქვეყნებს შორის. 30 აპრილიდან 31 დიდ ქალაქში 3 დღით სრული კარანტინი გამოცხადდა.
ამასთან, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს სტამბოლისა და ანკარის ოპოზიციონერი მერების საქმეებს, რომლებმაც თავიანთ ქალაქებში ვირუსთან საბრძოლველად თანხის შეგროვება დაიწყეს. სამინისტრო ამბობს, რომ აღნიშნული კამპანია არალეგალურია.
კომენტარები