Crystal Hotel & SPA გუშინ, ბაკურიანში ერთ-ერთი კოტეჯიდან რუსეთის დროშის გადმოფენაზე განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ კოტეჯი მათი საკუთრება არაა.
სასტუმროს განცხაებით, კოტეჯს ჰყავს კერძო მფლობელი, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილებით გადმოფინა აღნიშნული დროშა და მიუხედავად მათი თხოვნისა, კატეგორიულ უარს აცხადებს მის ჩამოხსნაზე.
მათივე ინფორმაციით, მეპატრონე არაა რუსეთის მოქალაქე და კოტეჯს ქართველი მესაკუთრე ჰყავს.
“გვსურს განვმარტოთ ბაკურიანში, კოტეჯ 16/1-ზე გამოფენილი რუსეთის ფედერაციის დროშის გარშემო შექმნილი ვითარება.
აღნიშნული კოტეჯი არ წარმოადგენს Crystal Hotel & SPA-ს ან კრისტალ ჯგუფის საკუთრებას. მას ჰყავს კერძო მფლობელი, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილებით გადმოფინა აღნიშნული დროშა. მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი თხოვნისა, ის კატეგორიულ უარს აცხადებს მის ჩამოხსნაზე.
ამავე პერიოდში კრისტალის საკურორტო ზონა მასპინძლობს EYOF Bakuriani 2025-ს, რომლის ფარგლებში საკურორტო სივრცეში განთავსებულია 45 მონაწილე ქვეყნის დროშა. რუსეთის ფედერაცია აღნიშნულ ფესტივალში არ მონაწილეობს, შესაბამისად, მისი დროშა ფესტივალის ფარგლებში არ გამოუყენებიათ.
ვწუხვართ, რომ აღნიშნულმა ფაქტმა შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს კრისტალ ჯგუფის რეპუტაციაზე.
ამასთან, არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ქმედება მიზანმიმართული მცდელობა იყოს ჩვენი კომპანიის დისკრედიტაციისთვის.
კრისტალ ჯგუფი მკაფიოდ ემიჯნება ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საზოგადოებაში არასწორ აღქმას იწვევს, და ვრჩებით ერთგულნი ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპების”,- წერია განცხადებაში.
კომენტარები