აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:
,,ბევრს გაუკვირდა ჰოლივუდის მსახიობების პრო-პალესტინური განცხადებები. არადა, ახლა ვინმეს რომ შეახსენო, ჰემინგუეი ერთ დროს კგბ-ს ოფიციალური აგენტი იყო, კასტროს გადაბმული ძმაკაცი და ეფბიაი მუდმივად უთვალთვალებდა თავისი კომუნისტური გართულებების გამო-თქო, გაიკვირვებენ.
ე.წ. მეამბოხეობა, ანუ დალაგებული, სახელმწიფოებრივი იდეებისა და პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლა, თანაც იმავე დროს ამ დალაგებული სახელმწიფოს ყველა სიკეთით ტკბობა, ერთგვარი მოდაა პროფესიონალი პოპულისტებისათვის. ეს ისეთი მოდაა, რომელმაც ღირებულებად ქცევა მოახერხა. სინამდვილეში, კარგად რომ გაშიფრო, ღირებულება კი არა, ფსევდო-ღირებულებათა აჯაფსანდალია. მაგალითად, იგივე ჰემინგუეი ფლორიდაში ცხოვრობდა გემრიელად და არა მოსკოვში. ჰოლივუდის მსახიობები არაფრის ფასად არ გადაცხოვრდებიან ისეთ ადგილას, სადაც ტერორისტების მუდმივი შიში ექნებათ. ისინი სახელმწიფოსაგან მოითხოვენ ტერორისტების ალაგმვას, მაგრამ ამის გაკეთება სურთ თეთრი ხელთათმანებით.
დაახლოებით იგივე აბსურდია, სტეიკის მოყვარული ჰუმანისტი რომ ძროხის ჰუმანურად დაკვლას ითხოვს, რათა სინდისის ქეჯნის გარეშე მიირთვას შემწვარი ხორცის გემრიელი ულუფა. ან თუნდაც სექსუალურ უმცირესობათა პრო-პალესტინური გამოსვლები ავიღოთ. პალესტინის უკან დგას ჰეზბოლა; ჰეზბოლას უკან ირანი და ირანი კი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს ამწეებზე გამართულ სახრჩობელებზე ჰკიდებს.
ე.წ. უმაღლესი ლიგის ამერიკული უნივერსიტეტების პროფესურაც დაუღალავად ქადაგებს ამ ფსევდო-ღირებულებათა აჯაფსანდალს და რომ ჩაეძიო, ლოგიკურად ვერც კი ახსნიან თავიანთ სურვილებს. მათთვის მთავარია ახალგაზრდებში იყვნენ პოპულარულები. ახალგაზრდებს კი ამბოხი სურთ. ეს მათი ბუნებრივი სტიქიაა. არავინ უხსნის მაგალითად ახალგაზრდებს, რომ ნობელიანტი ლიოსა მათ ასაკში კომუნისტი და ჰემინგუეისავით კასტროს ძმაკაცი იყო, მაგრამ სიბერეში, რომ დაბრძენდა, ჰავანაში კი არ გადაცხოვრდა, ამერიკაში ცხოვრობს კომფორტულად.
ამომრჩეველთა ის სპექტრი, რომელიც მძვინვარედ აპროტესტებდა მექსიკის საზღვარზე კედელის აშენებას, დღეს სრულიად კომფორტულადაა მათ მიერ არჩეულ ლიდერთან, რომელიც ზუსტად იგივეს აკეთებს, რადგან სახელმწიფოს სჭირდება ასე.
ანალოგიური მოვლენებია დემოკრატიულ დასავლეთ ევროპაშიც. მაძღარი ქვეყნების გამძღარი მოსახლეობა თავისებურად ერთობა ფსევდო-ღირებულებათა ჟონგლიორობით.
ამ დროს კი მსოფლიოს უბოროტესი ქვეყნები მშვენივრად იყენებენ ამ ფსევდო-ინტელექტუალურ აჯაფსანდალს. ისინი ძალიან მარტივად, მომაკვდინებელი პრაგმატიზმით მოქმედებენ და განვითარებულ მსოფლიოს სულ უფრო და უფრო უჭირს მათთან ბრძოლა; უჭირს, რადგან ბოროტი ქვეყნების პრაგმატიზმს ურყევი, ბაზისური, ეგზისტენციალური ლოგიკა გააჩნია და იოლად ჯაბნის დემოკრატიული სამყაროს აღრეულ ფსევდო-ღირებულებებს.”
კომენტარები