რა გახსენდება კარიესის გაგონებისას პირველი? – მე კბილის ტკივილი, დღისით ნამცხვარი ჭამე და ისეთი არაფერი, მერე ნიგვზით ჩაიკოკლოზინე პირი და სულ ოდნავ წამოგტკივდა, გამოიხეხე, დაწექი დასაძინებლად და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო, თუ როდესმე რამე გემრიელი ჭამე, ყველაფერს ნანობ, გაღიმებისაც გეშინია, და იწყებ ძებნას, სად გავარდე, რა დალიო, რა დაისხა, ვის მიადგე. პირველივე ნიშანი როცა შენიშნე და მაშინვე რომ არ გაიქეცი სტომატოლოგიურ კლინიკაში – ნანობ და დებ პირობას საკუთარ თავთან და სამყაროსთან, რომ შემდეგში, აუცილებლად, პირველივე ნიშანზე წახვალ ექიმთან. კი, კბილის ტკივილი ის ტკივილია, რომლისაც ყველას ეშინია განურჩევლად ასაკისა, სქესისას, კანის ფერის, თანამდებობისა, განურჩევლად იმისა, რამდენი ფული აქვს და რამდენი კბილი დარჩენილი.
გაგიკვირდება და, საუკუნეების წინ კარიესით ბევრად ნაკლები ადამიანი იტანჯებოდა, მაშინ, როცა მედიცინა ნაკლებად იყო განვითარებული და ჰიგიენის ამდენი საშუალება არ არსებობდა. როგორც კი გეტყვი, რომ როცა ადამიანმა ჭარხლისგან შაქრის მიღება ისწავლა და ტკბილეულზე „შეჯდა“, მას შემდეგ გაჩნდა კარიესის ნამდვილი ეპიდემია, გაიფიქრებ, აუ, ხოო, ამას ხომ მეც მივხვდებოდი.
გგონია ყველაფერი იცი კარიესზე?
მაშინ, ეს მასალა შენთვისაა, რადგან, გადაამოწმო, ნამდვილად ასეა, თუ არა.
კარიესი პათოლოგიური პროცესია, რომელიც კბილის მაგარ ქსოვილებში წარმოქმნის მცირე ზომის ხვრელებს. პატარა რომ ვიყავი, კარიესი თაგვის პატარა ჯიში მეგონა, რომელიც კბილებში ცოცხლობდა და ნელ–ნელა ხრავდა მას, მეგონა, ამიტომაც უნდა გადამეგდო მომძვრალი სარძევე კიჭი ზურგსუკან სიტყვებით: – თაგვო, ჩემი ცუდი კბილი შენ, შენი კარგი კბილი – მე. გავიზარდე და გავიგე, თაგვი არაფერ შუაშია და პათოლოგიაა, რომელსაც გარკვეული მიზეზები იწვევს, ისიც გავიგე, რომ სარძევე კბილი უნდა „გამეყიდა“, ბალიშის ქვეშ უნდა დამედო და სანაცვლოდ ფული დაეხვედრებიათ.
როგორ უნდა შეამჩნიო კარიესის საწყისი ეტაპი?
კარიესის პირველი ეტაპია ლაქის სტადია – კბილის მინანქარზე ჩნდება თეთრი ან პიგმენტური ლაქა. შემდეგი ეტაპია – ზედაპირული კარიესი – ამ დროს პროცესები მიმდინარეობს მინანქარში. შემდეგია საშუალო კარიერი, როცა პროცესი სცილდება მინანქარს, თუმცა, ჯერ ფესვებამდე არ არის ჩასული. აი, ბოლო ეტაპის, ღრმა კარიესის დროს, ფესვამდე უკვე დარჩენილია კბილის საღი ქსოვილის ძალიან თხელი ფენა.
შაქარი და სახამებელი – ეს ის პროდუქტია, რომლითაც ბაქტერიები იკვებებინ და წარმოქმნიან კბილის ნადებს. თავიდან ნადები გამჭვირვალე და წებოვანია, მოგვიანებით მკვრივდება და წარმოქმნის კბილის ქვას, რომელიც ერთგვარი ფარია ბაქტერიებისათვის. პრაქტიკულად, ბაქტერიები, თავიანთ ციხე–სიმაგრეს იშენებენ შენივე კბილებზე, შენგანვე თავდასაცავად. ამიტომ აქვს კბილების პროფესიონალურ წმენდას განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა.
რა ხდება რეალურად კბილის დაკარგვის მიზეზი?
გგონია, კარიესი? გგონია, ბაქტერია კბილს რომ შეახრამუნებს, მერე ნერვის ჭამას იწყებს და ამიტომ გტკივდება კბილია?
გაგიკვირდება და კბილის ტკივილს პულპის ანთება იწვევს.
ყველაფერი ვითარდება ასე: ნადების მჟავები კბილის გარე შრეს მინერალებისგან ცლის, ასე წარმოიქმნება ის ცნობილი კარიესის ხვრელები, აი, შემდეგ, როცა მინანქრის ნაწილს ცვეთს და აზიანებს, ბაქტერიები აღწევენ კბილის მომდევნო შრეში, დენტინში, დენტინი პირდაპირ უკავშირდება კბილის ნერვს, რაც განაპირობებს კბილის მგრძნობელობას. შემდგომ ბაქტერიები უკვე იჭრებიან მომდევნო შრეში პულპაში, თუ პულპასაც „აიღებენ“, იწყება პულპის ანთება, ანთებას გავრცელებისთვის ღრუში სივრცე აღარ რჩება და ნერვს აწვება, იგივე შეიძლება მოხდეს კბილის ფესვის გარეთაც, ძვლის მიმართულებით.
სწორედ, ნერვის ანთება და/ან ფესვის ირგვლივი ქსოვილების ანთება ხდება კბილის დაკარგვის მიზეზი. კი, ყველაფერი კარიესიდან იწყება, მაგრამ საქმე ანთებამდე მიდის და სწორედ, ეს არ უნდა დავუშვათ.
სიმპტომები, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა მიაკითხო სტომატოლოგს:
- კბილის მგრძნობელობის მომატება;
- კბილის უეცარი, უმიზეზო წამოტკიება
- კბილის ყრუ ტკივილი ტკბილი, ცხელი, ან ცივი საკვებისა, თუ სასმელის მიღებისას.
- ყრუ ტკივილის შეგრძნება ღეჭვისას.
- თუ ამ სიმპტომებიდან ერთი მაინც გაქვს, აუცილებლად უნდა მიმართო სტომატოლოგიურ კლინიკას.
თუ ეს სიმპტომები არ გაქვს? არც ერთი? – მაინც, აუცილებლად უნდა მიმართო სტომატოლოგიურ კლინიკას, რადგან, ალბათობა იმისა, რომ მსოფლიო მოსახლეობის იმ 5 პროცენტში ხარ, რომელსაც კარიესი არ აქვს, ძალიან დაბალია და გარისკვად არ ღირს. თან საწყის ეტაპზე, კარიესის მკურნალობა ძალიან მარტივია, განსხვავებით, კარიესის შემდგომი ეტაპებისგან, როცა კბილის დაკარგვის საფრთხის ქვეშ დგები.
ბავშვი და კარიესი:
ზოგიერთს ჰგონია, რომ თუ ბავშვს მუდმივი კბილები ჯერ არ ამოსვლია, კარიესი არც ისე საგანგაშოა. სინამდვილეში სარძევე კბილების კარიესის შედეგია თანკბილვის დარღვევა, ღეჭვის და, შესაბამისად, კვების დარღვევა, კბილების დაკარგვა, რაც თვითშეფასებაზე აისახება. კბილის აბსცესმა (ჩირქოვანმა ჯიბემ) კი შესაძლოა მძიმე და სიცოცხლისთვის სახიფათო პროცესებსაც დაუდოს სათავე.
იცი, რა არის „ბოთლის კარიესი“? – ბავშვის საწოვარათი კვებისას ძილის წინ – საკვების ნაწილაკები საათობით რჩება კბილებში, კვებავს ბაქტერიებს და იწვევს კარიესს, ეს პათოლოგია იმდენად ხშირია, რომ სპეციალური სახელიც კი აქვს – ბოთლის კარიესი.
როგორ დავიცვათ თავი კარიესისგან? – 12 რჩევა
- თავდაცვის საუკეთესო გზა სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი, პროფესიონალური წმენდა, დიაგნოსტირება და პირის ღრუს ჰიგიენის დაცვაა.
- კარიესი უმეტესად უკანა კბილებიდან იწყება, უკანა კბილებზე საკვები ნაწილაკები მეტად გროვდება და მათი სისუფთავის შენარჩუნება უფრო რთულია. ამიტომ მათ მეტი ყურადღება დაუთმე.
- რძე, ნაყინი, თაფლი, შაქარი, თხილი, ნამცხვარი, კარტოფილი უფრო ადვილად იწვევს კარიესს, ვიდრე საკვები, რომელსაც სწრაფად აცილებს ნერწყვი (მაგალითად, ვაშლი, კივი, ნიორი, პირშუშხა), ამიტომ, მათი მიღების შემდეგ, გირჩევ, მალევე გაიხეხო კბილები.
- ნუ წაიხემსებ ხშირად, ნუ იცმუცნავებ დღეში 35–ჯერ, – ამ დროს ბაქტერიებისთვის პირის ღრუში მეტი საკვებია მეტჯერ, შესაბამისად, მეტი მჟავა.
- გაზიან და ტკბილ სასმელებს ხშირად ნუ მიიღებ – მათ გამო პირის ღრუში მუდმივად მჟავა გარემოა;
- წმენდა – თუ კბილები საჭმლის ან სასმლის მიღების შემდეგ მალევე არ გაიწმინდა, სწრაფად გაჩნდება ნადები და დადგება კარიესის პირველი ეტაპი.
- ფთორი ბუნებრივი მინერალია, იცავს კბილს კარიესისგან. ეცადე, გამოიყენო ის კბილის საწმენდები და სავლებები, რომლებიც ფთორს შეიცავენ.
- ბჟენები და კბილის მოწყობილობები (მაგალითად, ხიდი, ბრეკეტები) წლების განმავლობაში სუსტდება, ტყდება ან კიდეები უუხეშდება, რაც ხელს უწყობს ნადების დაგროვებას, მის მოცილებას კი ართულებს.თუ მსგავსს შეამჩნევ, არ გადადო სტომატოლოგთან ვიზიტი.
- კბილების გახეხვა აუცილებებლია დღეში, სულ მცირე, ორჯერ, იდეალურ შემთხვევაში – ყოველი კვების შემდეგ.
- გამოიყენე კბილის ძაფი კბილებს შორის ჩარჩენილი საკვების ნარჩენების მოსაშორებლად.
- გამოიყენე პირის ღრუს სავლები (უმჯობესია, ფთორით გამდიდრებული);
- გაგიკვირდება და ონკანის წყალი, წესით, გამდიდრებული უნდა იყოს ფთორით, ჩამოსხმული წყალი კი ამ ელემენტს არ შეიცავს.
მკურნალობა
კარიესის მკურნალობა ინდივიდუალურია, დამოკიდებულია მის სიმძიმეზე, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასა და თანმხლებ პრობლემებზე.
თუ მკურნალობა მანამდე დაიწყო, სანამ საქმე ტკივილამდე მივა, ინტენსიური ჩარევა, როგორც წესი, არ ხდება საჭირო.
შორს წასული კარიესის დროს პაციენტს სათავაზობენ ხელოვნურ საფარს, რომელიც მთლიანად ცვლის კბილის ბუნებრივ გვირგვინს. გვირგვინი შეიძლება იყოს გამძლე ფაიფურისა, მეტალთან შერეული ფაიფურისა ან სხვა ნივთიერებისა.
თუ კარიესი აღწევს პულპას, აუცილებელია ფესვის არხების დამუშავება.
სამწუხაროდ, ზოგჯერ კბილი ისეა დაზიანებული, რომ ვეღარ აღდგება. ასეთი კბილის ამოღებაა საჭირო. ამოღებისას კი ჩნდება თავისუფალი სივრცე, რომელსაც ხიდით ან კბილის იმპლანტით ავსებენ.
თუ არ გინდა კარიესმა ტკივილამდე, კბილის დაკარგვამდე მიგიყვანოს, რეგულარულად ეწვიე დანტისტს კბილების პროფესიონალური წმენდისთვის და პირის ღრუს დასათვალიერებლად, რათა პრობლემა ადრეულ ეტაპზევე აღმოიფხვრას. ვიზიტების განრიგს დანტისტი თავად შეგიდგენს.
როგორ შევარჩიო კლინიკა?
კლინიკა არ უნდა შეარჩიო საცხოვრებელი ადგილის, ან ფასის მიხედვით, სტომატოლოგიური კლინიკა უნდა შეარჩიო პროფესიონალი ექიმების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის და ტექნოლოგიების მიხედვით.
სად შემიძლია შერჩევა?
ცხადია, იქ, სადაც მინიმუმ რამდენიმე განცხადებაა და შესაბამისად, ხარისხის კონკურენციაა, ასევე, ფასისაც, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ფასზე მეტად პროფესიონალიზმი ფასობს. აუცილებლად წაიკითხე კომენტარები და გამოხმაურებები, რომლებსაც ისინი წერენ, ვინც უკვე იმყოფებოდა ამ კლინიკაში.
მოკლედ, არასამედიცინო ენით რომ გითხრათ, ამბავი ახლა არის ასე: – კარიესი შეჭამს ჩვენ კიჭებს, თუ ჩვენი კიჭები კარიესს და ამ „ომში“ პროფესიონალი სტომატოლოგის სარდლობის გარეშე, გამარჯვება ჯერ არავის მოუპოვებია.
(R)
კომენტარები