ქუცნაშვილი თავის გადაწყვეტილებას 20 იანვარს გაამხელს
გავრილოვის ღამის ანტიგმირი, ზაქარია ქუცნაშვილი შესაძლოა პარლამენტში დაბრუნდეს. ქუცნაშვილი საკითხზე თავის გადაწყვეტილებას მედიას 20 იანვარს გაუმხელს.
ქუცნაშვილის საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა განაცხადა, რომ ის დეპუტატის მანდატს ტოვებს. ჩრდილელის შემდეგ, „ქართული ოცნების” პარტიული სიით ადგილს სწორედ ზაქარია ქუცნაშვილი იკავებს. ქუცნაშვილმა მანდატი გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ დატოვა. თუმცა, მოგვიანებით განაცხადა, რომ მომხდარში დამნაშავე ოპოზიციაა.
ყოფილი დეპუტატის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მას უკვე მიღებული აქვს თანაპარტიელები წინასწარ არ ლაპარაკობენ.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტში დღეს განმარტეს, რომ გადამწყვეტი სწორედ ქუცნაშვილის პოზიცია იქნება, რადგან მის კვლავ გადეპუტატებას კანონი ხელს არ უშლის, მიუხედავად იმისა, რომ მან როგორც მაჟორიტარმა მანდატი დატოვა.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ქუცნაშვილის პარლამენტში დაბრუნება სამართლებრივი ნონსენსია. მმართველი გუნდიდან ოპოზიციაში გადასული დეპუტატების ნაწილს იმედი აქვს, რომ სკანდალური წასვლის შემდეგ, ქუცნაშვილი საზოგადოებას დისკომფორტს აღარ შეუქმნის.
როგორც ირკვევა იურისტები კანონს განსხვავებულად განმარტავენ. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, ზაქარია ქუცნაშვილს კანონი პარლამენტში ხელმეორედ დაბრუნების უფლებას უზღუდავს.
„რეზონანსი“
კომენტარები