„მთავარ არხზე“ ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერბიშვილმა ფეიკი უწოდა 2013 წელს დათა ახალაიას სახელით გავრცელებულ წერლს, სადაც აღნიშნული იყო, რომ მერაბიშვილმა ძმებ ახალაიებთან ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა.
წერილი მერაბიშვილს ნიკა გვარამიამ შეახსენა, თუმცა მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს წერილი რომ ავთენტური არ არის თავად ახალაიების წარმომადგენელმა დაასტურა და შესაბამისად, ამის განხილვას დღეს აზრი აღარ აქვს.
ნიკა გვარამია ინტერვიუს დრო ამ წერილის წაკითხვას აპირებდა, თუმცა აღარ წაიკითხა, ვინაიდან რესპონდენტმა იქ მოყვანილი ფაქტები უარყო და განაცხადა, რომ ახალაიებთან არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია.
არის თუ არა ამ სკანდალური წერილის ავტორი მართლაც დათა ახალაია და რამდენად რეალურია წერილში მოყვანილი ფაქტები?
ამის გასარკვევად „პრაიმტაიმმა“ ბაჩო და დათა ახალაიების მამასთან, როლანდ ახალაიასთან სცადა დაკავშირება. მან წერილის ავთენტურობა არც უარყო და არც დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ მერაბიშვილის განცხადებებზე ახლა არ ისაუბრებს.
ჯერ კიდევ 2016 წელს „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ძმები ახალაიების მეგობარმა, თეა თუთბერიძემ პირველად დაადასტურა, რომ 2013 წელს დათა ახალაიას სახელით გავრცელებული განცხადება ნამდვილად ავთენტურია.
თუთბერიძემ ის მიზეზებიც განმარტა, თავის დროზე რატომ არ დაადასტურეს ამ განცხადების ნამდვილობა.
თეა თუთბერიძე:
– 2013 წლის აპრილში, როდესაც დათა ახალაიას სახელით გავრცელდა განცხადება, ბევრი თხოვნის გამო, იძულებულნი გავხდით, ეს განცხადება ე.წ. ფეიკად გამოგვეცხადებინა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავდა დიდ აქციას და ეს წერილი მხარდამჭერებში დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევდა.
ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ განცხადების ავთენტურობა არ დაგვედასტურებინა.
ვფიქრობ, დადგა დრო, როდესაც სიმართლე უნდა ითქვას: დიახ, ეს ნამდვილად იყო დათა ახალაიას განცხადება, სადაც ის სრულიად საფუძვლიანად ამხელდა ვანო მერაბიშვილს.
ჩემი აზრით, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას…
– ამ განცხადებაში დათა ახალაია ამბობს, რომ ე.წ. ციხის კადრები ვანო მერაბიშვილმა შექმნა და მანვე უზრუნველყო მისი გავრცელება… შენც იმავე აზრზე ხარ?
– ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც პირდაპირ არ იღებს, რასაც აწვდიან, ძალიან კარგად აანალიზებს, რა შეიძლებოდა მდგარიყო იმ სკანდალური კადრების უკან, რომელიც არჩევნებამდე 12 დღით ადრე გავრცელდა და რომლის გამოგდებაც არჩევნების წინა დღეს იყო დაგეგმილი.
ამ კადრების გავრცელების ფაქტმა ძალიან სერიოზული კითხვები გააჩინა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით. არ ვარ ადამიანი, ვინც ციხეს მხოლოდ გარედან უყურებდა. ვიცი, რა არის ეს სისტემა და როგორ შეიძლებოდა მსგავსი რამის გაკეთება ციხეში და მით უმეტეს, ამ ყველაფრის გარეთ გამოტანა ჩანაწერების სახით.
შეუძლებელია, ციხეებში მსგავსი „კინოსტუდიები“ მოწყობილიყო და ამის შესახებ არ ჰქონოდა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს.
მით უმეტეს, როგორც აღმოჩნდა, გადაღებები თვეებისა და წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. არ ვფიქრობ, რომ ე.წ. ციხის კადრები გაეპარა ვანო მერაბიშვილს.
პირიქით, ვფიქრობ, ეს შეგნებულად გაკეთდა. ამ კადრების გავრცელების შემდეგ ვიღაცებმა ეს ყველაფერი მიიღეს ისე, როგორც ამას აწვდიდნენ, მაგრამ პირადად მე ამ ადამიანების კატეგორიას არ განვეკუთვნები და კარგად მივხვდი, რეალურად რასთან გვქონდა საქმე.
– და რა დასკვნამდე მიხვედი?
– დასკვნამდე კი არ მივედი, გავარკვიე, რომ სააკაშვილს ხელისუფლება თავზე დაამხო ვანო მერაბიშვილმა.
აქვე გაგახსენებთ დათა ახალაიას 2013 წლის განცხადებას ↓↓↓
„საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, – კაცი, რომელმაც ჩვენთან – ჩემთან და ჩემს ძმასთან – ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა.
ამ ერთი კაცის დაუოკებელმა ლტოლვამ ძალაუფლებისკენ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა შეიწირა ჩვენი ხელისუფლება.
ღრმად მწამს – რომ არა ვანო მერაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად შეცდომებისა, ასე გამანადგურებლად არ დამარცხდებოდა არჩევნებში.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე გამაჩნია ამის მტკიცებულებები, რომ ლაფანყურის ავანტიურა ჩემი ძმის – ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა, გაწირა რა სასიკვდილოდ ჩვენი მებრძოლები, უკიდურესად გაგვირთულა ურთიერთობები ჩვენს ქისტ ძმებთან და რეალური საშიშროების წინაშე დააყენა ქვეყნის უსაფრთხოება და საერთაშორისო იმიჯი.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე, ასევე, გამაჩნია იმის მტკიცებულებები, რომ სწორედ ვანო მერაბიშვილმა, ჩემს ძმაზე შურისძიების მიზნით, ამირან მესხელის ხელით უზრუნველყო ციხის ამაზრზენი კადრების შექმნა და საზღვარგარეთ უსაფრთხოდ მარშრუტირება, რამაც საბოლოოდ დაანგრია ჩვენი ხელისუფლების ისედაც დაზიანებული იმიჯი და გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენ დამარცხებაში“, – ვკითხულობთ კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარები