დღეს ხორავას ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა.
გთავაზობთ ინტერვიუს მიხეილ კალანდიას ადვოკატ – ზურაბ თოდუასთან “ალიას არქივიდან.
ბოლოს ჟურნალისტი ეუბნება, რომ ის ამ საქმეს ვერ მოიგებს, ადვოკატი კი პასუხობს: “მოვიგებ კი და ქვეყანა ჭამს ამ საქმით დიდ სირცხვილს.”
– შესავლით დავიწყებ, მიხეილ კალანდიას მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე არის თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული, „ქართული ოცნებისა“ და ევროპული საქართველოს ერთობლივი პროექტის შედეგია და ემსახურება `ქართული ოცნების~ ხელისუფლებაში კიდევ ცოტა ხანს დარჩენას, იმიტომ რომ როდესაც ეს აქციები, ეს უბედურება მოხდა და უნიათო ხელისუფლების ნამდვილად უნიათო გამოძიების შედეგად ზაზა სარალიძეს უამრავი კითხვა გაუჩნდა… დღეს მე რაც ვნახე, მას შემდეგ რაც უშუალოდ მომიწია გამომძიებლებთან საუბარი, პროკურორებთან, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, პირდაპირ გეტყვით, ასეთი დაბალი დონის გამოძიება არ შემხვედრია, ბოდიში, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ყველაზე შორეულ რაიონშიც კი. გამომძიებელს დაკითხვისას ვეკითხები – რატომ არ აზომე ფარდული?. არ ჩავთვლე საჭიროდო, მპასუხობს.
ექსპერტიც დავკითხე…
– სამხარაულის?
– კი, სამხარაულის, რომელსაც ვკითხე ადგილმდებარეობის განსაზღვრაზე, ვინ რომელ მდგომარეობაში იყო ვერ მიპასუხა, რადგან ზომები და პარამეტრები არ იცოდა.
– საუბრობთ, რომ შემთხვევა მოხდა ფარდულში.
– დიახ, ფარდულშია შემთხვევა ნამდვილად მომხდარი.
– თუ ფარდულში მოხდა, თუ ფარდული მართლაც მხოლოდ იმის მტკიცებულებაა, რომ ჯანაშია იცავდა თავს – გამოძიებასაც ამის დამტკიცება სურდა თავდაპირველად – მაშინ რა საჭირო იყო ფარდულის დანგრევა?
– ფარდული იყო შემთხვევის ადგილი, გამომძიებელს ავალდებულებდა დაეცვა შემთხვევის ადგილი და არ გააკეთეს. ეს უკვე არის დანაშაული.
– გვარი ამ გამომძიებლის?
– ჟამერაშვილი
– რა ჰქვია?
– არ მახსოვს.
– იმ კითხვაზე არ გიპასუხიათ, მე ვარ ხელისუფლება, მე მინდა საქმის ჩაწყობა და მიმყავს იქეთკენ, რომ დავამტკიცო, თითქოს ჯანაშია თავს იცავდა სარალიძისგან – ფარდულში მაქვს ამის მტკიცებულება – მაგრამ, ფარდულს ვანგრევ – რატომ?
– გავაგრძელებ ახლავე, ფარდულში, როდესაც შეაგდო სარალიძემ ჯანაშია და დაუწყო ისეთი მოქმედება, რომელიც გაუსაძლის ხდიდა მის სიცოცხლეს…
– თუ შეაგდო…
– ნამდვილად შეაგდო, ნამდვილად გუდავდა, არის 165 კგ. მასა, რომელიც 198 სანტიმეტრის სიმაღლის და ჯანაშია, რომელიც არის პატარა ტანის…
– და ფარდულის სიმაღლე?
– ფარდულში შესაძლებელი იყო გამართული ადამიანი.
– არა, არა, ასე ზოგადად არა, ადამიანი, რომელიც არის 198 სმ სიმაღლის.
– ფარდულში არსებული სისხლის შხეფები…
– რამდენი იყო სიმაღლე?
– რისი?
– ფარდულის?
– ეს დადგენილი არა აქვს გამომძიებელს, მხოლოდ აგურებით შეიძლება დადგენა, 14 აგურის სიმაღლეა. დამამთავრებინეთ, ფარდულში და ფარდულის მიმდებარედ არსებულის სისხლის შხეფები, ფოტომასალის მიხედვით სრულ სურათს იძლევა, რა მდგომარეობაში იყო ჯანაშია, რა მდგომარეობაში იყო სარალიძე, როცა დაჭრეს და სისხლმა საით იჩქეფა, მიმართულებებიც კი ნაჩვენებია, მისი მოძრაობის მთლიანი ტრაექტორიის აღდგენა შესაძლებელია.
– მაშინ რატომ დაანგრიეს ფარდული? მაგ ვერსიაზე მუშაობდა ზუსტად გამოძიება, რასაც ახლა თქვენ მიყვებით.
– ფარდულის დანგრევა უნიათობის შედეგია მხოლოდ და მხოლოდ, მაგრამ არანაირი შეხება არა აქვს იმასთან… გამომძიებელს იმდენი ტვინი არა ქონდათ…. ნებისმიერი საშუალო დონის პოლიციელი, რომელსაც ათი წლის შტაჟი აქვს, გეტყვით, რომ ამ განყოფილებას, რომელმაც ეს გამოიძია, შტრაფნიკების სახელითაა ცნობილი, შტრაფნიკები იცით რა არის? ვინც რამე გააფუჭა, ყველას იმ განყოფილებაში უშვებენ – ეს არის პოლიციელების ტერმინი, ჩემი მოგონილი არ არის.
– სად იყო შემთხვევის დროს კალანდია?
– ყველაფერს გეტყვით, ვინ სად იდგა, ვინ რას აკეთებდა, მთლიანი სურათი მაქვს უკვე, მე შემიძლია სახელი და გვარებით ვილაპარაკო.
– რამდენმა ადამიანმა დაარტყა სარალიძეს?
– თქვენ თუ გაინტერესებთ კითხვა ასეთია, საქმეში რამდენი დანა იყო, ეგ უნდა ვთქვათ პირველ რიგში.
– კარგი, ვთქვათ, მაგრამ, დანა არა, რამდენი ბასრი, ცივი იარაღი იყო საქმეში?
– დავარქვათ ცივი იარაღი. დანა ნომერი პირველი, რომელიც ქონდა ჯანაშიას საქმეში, დანა ნომერი ორი, რომელიც ქონდა ბარბაქაძეს საქმეში, საქმეში არ არის დანა ნომერი სამი, რომლითაც მენაბდე დაიჭრა და საქმეში არ არის დანა ნომერი ოთხი, რომლითაც მიაყენეს მეთერთმეტე და სხვა ჭრილობები, ეს ოთხი დანა მინიმუმ არის საქმეში. საექსპერტო დასკვნით, ეს ჭრილობები, დანარჩენი ჭრილობები შეიძლებოდა ამ პარამეტრების მატარებელი სხვა დანითაც ყოფილიყო მიყენებული. იგივე სერიოზული წარმოების დანას შეეძლო იგივე ჭრილობების დატოვება.
– პროკურატურა არ საუბრობს ამდენ ცივ იარაღაზე და შეიძლება მეხუთე დანაც იყოს საქმეში?
– მეხუთე დანა ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ არ არის გამორიცხული.
– ნიკოლეიშვილი საუბრობდა, მაკრატლის ფორმის ცივ იარაღზე.
– ეს არის პირდაპირ საექსპერტო უნიჭობა. გაფრენილი თოლიასფერი ჭრილობაა, ეს ტერმინოლოგია არავინ არ იცის მთელს მსოფლიოში, საიდან მოიტანეს ეს და ვის დაებადა გაუგონარია.
– სამხარაულის დასკვნა მოგეწონათ?
– სამედიცინო?
– კი.
– მაგასთანაც არის კითხვები, მაგრამ…
– დანა ვინ დააზიანა? სამხილები დაზიანდა?
– დანის დაზიანება გამოწვეული არის არა იმითი, რომ ექსპერტმა არასწორად ჩაატარა რაღაცა საქმე, ექსპერტის კომპეტენციაში ვერ შევალ, მაგრამ, ექსპერტს შეუძლია საექსპერიმენტო მოძრაობა შეასრულოს, ეს დანა იმდენად უხარისხოა, რუსული წარმოების დანაა, აბა, ჯანაშიას დანა ნახეთ, ამერიკული წარმოებისაა, იმას არაფერი მოსვლია, ეს არის რუსული წარმოებს დანა, რომელიც საექსპერიმენტო მოქმედებებისას წვეტი დაზიანდა…
– არ დაზიანდა სხეულში ჩარჭობისას?
– ეს ისეთი რამეა, რომ მეტალის შემადგენლობაზეა და ექსპერტს წინასწარ არ შეეძლო განსაზღვრა რა დაზიანებას მიიღებდა დანა.
– ნიკოლეიშვილი არ დაგიკითხავთ?
– ნიკოლეიშვილი სამწუხაროდ სიაში არ არის…
– თქვენც არ მოგითხოვიათ?
– მე რომ ჩავერთე საქმეში, უკვე გასული იყო ყველაფერი…
– ნიკოლაიშვილის დასკვნა ძალიან საინტერესოა, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა.
– ნიკოლაიშვილის დასკვნის ტერმინოლოგია, ახალი გამოგონებაა, არ შემხვედრია არსად…
– არც მე შემხვედრია სადმე, რომ ექსპერტიზაზე დანა, რომლითაც მოკლეს ადამიანი დაზიანდეს და ექსპერტს პასუხი არავინ მოსთხოვოს.
– კი, შეიძლება მოხდეს.
– კაი, საქმე დამისახელეთ…
– როგორ?
– ხომ მეუბნებით, რომ შეიძლება მოხდეს, დამისახელეთ საქმე, სადაც მსგავსი გაგიგიათ.
– არ ვიცი, მაგრამ შეიძლება მე არ ვიცი. ქაღალდის კარდონზე გარჭობის შედეგად მიიღო დაზიანება… მე ამის გადამოწმების საშუალება არა მაქვს.
– მანამდე ძვალს მოხვდა და არ დაზიანდა.
– ძვალს არ მოხვედრია.
– სხეულს ხომ მოხვდა?
– სხეული კი.
– კალანდიას დანა არ დაურტყავს?
– ვის?
– კალანდიას?
– კალანდიას დანა არ ჰქონდა და არავის არაფერი არ დაურტყია. დეტალებში გეტყვით რა როგორ განვითარდა. მანამდე უნიათო გამომძიებლებზე დავასრულებ, შეიძლება არც იცით, ექსპერტიზაზე ნივთი გააგზავნა გამომძიებელმა და არ შეასრულა ექსპერტმა დავალება – გამომძიებლის მოთხოვნას თან არ ახლდა სასამართლოს განჩინება… ეს იყო ნოუთბუქი…
– ვისი?
– ერთ-ერთი ბავშვის. ექსპერტმა არ შეასრულა დავალება და ამასობაში ამოეწურათ ვადა ამ დოყლაპიებს და ეს ძვირფასი ნივთმტკიცება დაიკარგა.
– ძალიან უცნაურ რამეს მეუბნებით, იმ ნაწილში, სადაც სარალიძის საქმე გაყალბდა – ამბობთ, რომ ეს იყო დოყლაპიობა და თქვენს ნაწილში არის პოლიტიკური და რანაირად? იქნება ახლა დოყლაპიობა სჭირთ?
– ახლავე გეტყვით, ეს ნაწილი რომ გამოძიება იყოს უნიათო…
– იქნება დამნაშავე იყო, რატომ მაინც და მაინც უნიათო…
– ერთი წამით, მე ვიცი რა კითხვაც გებადებათ, თქვენ ამბობთ, რომ შეიძლებოდა გამოძიებაზე ზეწოლა განეხორციელებინა მირზა სუბელიანს.
– კი, რომელსაც არაერთხელ მივწერე ტელეფონის ნომერზე და არ მიპასუხა…
– მაშინ როცა საგამოძიებო ჯგუფი გავიდა შემთხვევის ადგილზე, სუბელიანის, კალანდიას და ჯანაშიას შესახებ, არაფერი იცოდნენ…
– მერე ფარდული არ დაუნგრევიათ ეგრევე.
– დანგრევას არ გეუბნებით შემთხვევის ადგილი არ შეისწავლეს. მაგალითად, დანა, რომელიც დადო ჯანაშიამ ადგილზე, გადავაგდეო რომ იძახის, იმ დანასთან არის აღმოჩენილი კვალი, მე ვანახე გამომძიებელს, ფეხის და მუხლის კვალია, რომელიც ძალიან ჰგავს ერთ ერთი მოწმის აღწერილობას, თუ რა მდგომარეობაში იყო ჯანაშია სარალიძის ქვეშ მოქცეული.
– ფარდულში გადაღებული ფოტოა?
– ფარდულთან არის ზუსტად…
– აი, „თან“ და არა – „ში“, ფარდულთან… იცით, ეს რამდენს ცვლის? მთელს ვერსიას თავდაყირა აყენებს…
– გინახავთ ეს ფოტომასალა ფარდულის? ეს არის ნახევრად გადახურილი ღობით…
– მაგრამ ეს არ მომხდარა გადახურულ ნაწილში?
– ფარდულში ეგდო დეესპეს ფიცარი, ორი ნაჭერი ფიცარია და ამ ფიცრის გვერდით არის ეს დანა აღმოჩენილი…
– დანა არ არის ნაპოვნი ფარდულის სიღრმეში?
– ფარდულშია… პირდაპირ რომ გითხრათ, რამდენიმე სანტიმეტრითაა კედლიდან მოშორებული, ესეც არ გაუზომიათ, მაგრამ ფოტომასალით შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის ფარდულის ზედ შესასვლელთანაა.
– სისხლის გუბეები ფარდულის გარეთაც არის…
– კი, შიგნითაც არის და გარეთაც არის.
– როგორც ვიცი, დამოუკიდებელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ ერთ-ერთი გუბე ძალიან ჰგავს ვენიდან გამოსხმული სისხლის კვალს – საუბარი მაქვს ფარდულის გარეთ სისხლის კვალზე.
– ფარდულის გარეთ დგას გუბეები, მოძრაობაც დგას საით წავიდა…
– სად იყო ამ დროს კალანდია?
– არ მამთავრებინეთ და რანაირად? მაშინ როცა ჯანაშიას თავს დაესხნენ – სხვათა შორის, გამომძიებლების ერთ-ერთი შეცდომა ისიც იყო, რომ მათ დაინახეს ბმა, თითქოს ეს ყო საპირფარეშოში დაწყებული ბულინგის გაგრძელება, არანაირი კავშირი არა აქვს ბულინგთან, გარდა იმისა, რომ სუბიექტები იყვნენ მხოლოდ ბავშვები. ბულინგის თემა ამოიწურა ფარდულთან, ამ ეზოში, სადაც ერთ-ერთმა ძალიან კარგმა ბავშვმა და ძალიან კარგმა მოქალაქემ – თემო ნუცუბიძე, რომელმაც მოაგვარა ეს საკითხი, ძალიან გულწრფელი ჩვენება მოგვცა სხვათა შორის, ღიად ილაპარაკა, მოაგვარა თემა, შეარიგა ბავშვები და ამოიწურა კონფლიქტი. ითქვა რომ ნიკოლაიშვილი არასწორად მოექცა დ. ჩ.-ს (დ.ჩ. იმიტომ, რომ მხოლოდ ის დარჩა არასრულწოვანი ამ საქმეში და ასე მოვიხსეინებ) და ღლონტსაც უთხრა, სკოლელები ვართო და მოგვარდა. ამ დროს ნუცუბიძე ჩვენებაში ამბობს, რომ მე არ ვიცი, საიდან მოვიდა სარალიძე.
– ერთად იყვნენ.
– მაგრამ ამ თემასთან არანაირი კავშირში არაა, სარალიძე არც ტუალეტის კონფლიქტში ყოფილა. სარალიძემ საერთოდ არ იცოდა რა მოხდა იქ.
– სარალიძე ადგილზე ღლონტთან ერთად არ მივიდა? რას ამბობთ?
– ღლონტთან ერთად მივიდა, იმიტომ რომ ნიკოლაიშვილმა დაურეკა, ამ დროს სარალიძე იმყოფებოდა სკოლაში, მეორე სართულზე, კომპიუტერების ოთახში.
– კი, ბატონო, კი, თქვენ ახლა იმის თქმას ცდილობთ, რომ მერე მეორე კონფლიქტი დაიწყო სარალიძემ.
– დიახ, კი არ ვცდილობ, ნამდვილად ასე იყო, მეორე კონფლიქტი დაიწყო, ჯანაშიას აუყვირდა, სიგარეტის ბიჩოკი ესროლა, შეაგინა და ღლონტმა მიაყენა პირველი ფიზიკური შეურაცხყოფა ჯანაშიას. ამ დროს სარალიძემ მეორე მუშტი მოუქნია ჯანაშიას, მოხვდა ნუცუბიძეს იდაყვი და გონება დაკარგა, ნუ, ნაპერწკლები წამომივიდაო, ბავშვმა, ამის შემდეგ, იმდენად დიდი მასა იყო, ვერავინ შეაჩერა, ნუცუბიძემ თქვა ვერ შევაჩერეო, შეაგდო ფარდულში, მოგუდა, შებოჭა და ჯანაშიას შეექმნა ძალიან სახიფათო მდგომარეობა, ასეთი დიდი მასის შემოტევის შედეგად.
– კარგი, დავუშვათ შეაგდო ფარდულში, თუმცა, მას შემდეგ რაც თავად თქვით, რომ ფარდულში ყველა კვალი წაშლილია, ვერ ვხვდებით, როგორ ამტკიცებთ, რომ შეაგდო, მაგრამ…
– მოწმეები ამბობენ მაგას…
– მოწმეები სხვა რამესაც ამბობენ, თქვენ თუ ყველა მოწმის ჩვენებას ენდობით, მე მერე გკითხავთ, რომ მოწმემ თქვა, მივიღეთ შეტყობინება – „წავიდეთ საჩეხაოდ“ – მაშინ ამასაც უნდა ენდოთ…
– პირდაპირ გეტყვით, საჩეხაო ცალკე თემაა, მინდოდა თქვენთან ამაზე საუბარი, თქვენი რედაქცია იზიარებს ამ საჩეხაოს თემას..
– ჩვენ გავაშუქეთ ყველა თქვენი განცხადებაც, გავაშუქეთ ყველა მხარე, ვინც რამე განცხადება გააკეთა… არ უთქვამს მოწმეს ეგ ფრაზა?
– მე გამაჩნია ვიდეო ჩანაწერი პირველი ვინ თქვა ეგ საჩეხაო და გეტყვით… გავაგრძელებ ახლა ჯერ ვიტყვი ვინ სად იდგა. როცა ფარდულში შეაგდო ჯანაშია სარალიძემ და გუდავდა, თავად მისივე მეგობრები ამბობენ, რომ ჯანაშია ფართხალებდა, ფართხალის დროს, მას პირველი მივარდა დადიანი, ეს ტერმინი – ფართხალებდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ, 51-ე სკოლის ბავშვებმა თქვეს, ამ დროს, პირველი ანგარიშსწორება გადაწყვიტა მასთან დადიანმა, ფარდულთან რომ იცოდეთ საქმის მოგვარების დროს იმყოფება მხოლოდ კალანდია და ჯანაშია… ხოლო ოთხი ბავშვი, ბარბაქაძე, ნიკოლეიშვილი, მენაბდე და იაშვილი არკის შესასვლელში გაჩერდნენ..
– იქ 30 ბავშვი იყო, არსებობს ვიდეო, როგორ გამორბის 30 ბავშვი ეზოდან…
– თქვენი სუბიექტურობა იმაში გამოიხატება, რომ 30 ბავშვი როდის შევარდა, ამას არ ადგენთ. როდის და რატომ შევარდა.
– თქვენ წეღან მითხარით, ნუცუბიძე ამბობს, რომ ვერც დავინახე, როდის მოვიდა სარალიძე, მერე მეუბნებით, რომ სულ სამი კაცი იყო ადგილზე, თუ მხოლოდ სამნი იყვნენ და არა 30-ნი, ნუცუბიძე აუცილებლად დაინახავდა, როგორ მივიდა სარალიძე.
– არ მითქვამს მე რომ სამი კაცი იყო, საქმის გასარჩევად, შევიდნენ ნუცუბიძე, დ. ჩ.
– ა.ს.?
– ა.ს. – ა.ს-ა!
– სრულწლოვანი არ არის?
– არ არის ჯერ სრულწლოვანი. შემდეგ, შევიდა ნიკოლაიშვილი, ღლონტი, ჯანაშია და კალანდია.
– დადიანი?
– დადიანი ხო და გარეთ დგას ის ოთხი კაცი; დადიანი, ბარბაქაძე, მენაბდე და იაშვილი.
(ყურადღება მიაქციეთ, რამდენიმე აბზაცის წინ სხვა გვარებს გვისახელებს რესპონდენტი და რამდენიმე წუთში სხვა გვარებს თ.კ.)
– და მორჩა?
– კალანდია, ჯანაშია.
– თქვენ ის კადრი ნანახი გაქვთ, შემთხვევის შემდეგ როგორ გამორბიან ბავშვები ეზოდან?
– ყველა კადრი ნანახი მაქვს, მაგრამ ეს მოხდა მას შემდეგ რაც სარალიძე დაჭრილია და დადუნაშვილიც დაჭრილია ასევე. შერიგების ამბავი რასაც ნუცუბიძე ატარებს, ამ ბავშვებში მიმდინარეობს, სარლიძეც აქ არის, ბოდიში, ნუცუბიძე როცა სუაბრობდა მაშინ არის სარალიძე შემოსული. სარალიძე და ნიკოლაიშვილი იხსნის ჩანთას და დებს, დანარჩენები არიან ჩანთებით, მათ შორის, მენაბდეც, რომელსაც მე ვათქმევინე, რომ ჯერ ჩანთა გაუჭრა ბასრმა იარაღმა და მერე დაიჭრა.
– ხო, მაგრამ ვინ დაარტყა არ ამბობს.
– მაგას მე ვიტყვი ვინ დაარტყა. ვინც დაარტყა და რატომ დაარტყა იმასაც ვიტყვი, მაგრამ ვიტყვი ადვოკატის პოზიციიდან. ჯანაშია რომ შეაგდო სარალიძემ ფარდულში ამ ხმაურზე შემოვარდა ხროვა…
– ბოდიში, ფარდულის შესასვლელთან არის ფეხის კვალიო და შეაგდოს როგორ მეუბნებით ახლა მტკიცებით ფორმაში?
– ეს ორჯერ ორი ოთხივითაა, ამას ამბობენ მოწმეები, კრა ხელი და შეაგდო, შებოჭა ყველა ცდილობდა თავისი მეგობრის გადარჩენას, არც 51-ე სკოლელებს სურდათ რომ სარალიძეს დახრჩობაში დახმარებოდა, არ ეხმარებოდა არავინ, პირიქით, ყველა ცდილობდა კონფლიქტი არ ყოფილიყო, მაგრამ პირველი მოქმედება დადიანმა შეასრულა და გაიქაჩა ღლონტისკენ, ამას როგორ დაარტყიო და დადიანი 4-5 ბავშვმა გაიგდო წიხლქვეშ. შემდეგ მოდის კალანდია და მენაბდე.
– რომელმა 4-5 ბავშვმა გაიგდო?
– ხმაური რომ ატყდა არკიდან შემოვარდნენ, ზოგი უკანაც გაბრუნდა, რომ გვითხრა ნუცუბიძემ რომ პრობლემა მოგვარდა, წავედით, გავბრუნდით სკოლაშიო.
– რამდენი წუთი გრძელდებოდა სულ კონფლიქტი?
– ყველაფერი ერთად არ გაგრძელებულა სამი წუთი, სამ წუთნახევარი. შერიგებიდან დაჭრამდე გეუბნებით.
– მოიცა, სამ წუთში, შერიგდნენ, ნუცუბიძემ მოაგვარა კიდეც, იქ ღლონტს უთხრა სათქმელი, იქ ნიკოლეიშვილს, მერე თქვა, რო პრობლემა მოგვარდა და რამდენიმე ბავშვი წავიდა კიდეც, მერე იგივე სამ წუთში ახალი კონფლიქტი იწყება, ორი ბიჭის მოკვლაც ხდება და გამოქცევაც?
– ჯანაშიასთან კონფლიქტი გაგრძელდა მაქსიმუმ ერთი წუთიც არა.
– საერთო ჯამში 3 წუთი?
– სამი, სამნახევარი.
– კარგი.
– ყველაზე საინტერესო მომენტი ახლა იწყება, აი, აქ დგას სარალიძე, სახით ჰყავს მოქცეული ჯანაშია, აი, ასე, კედლისკენ, მარჯვენა მხარეს მენაბდე მიადგა და მარცხენა მხარეს კალანდია, ექაჩებიან სარალიძეს.
მენაბდის მხარეს დგანან იაშვილი და ბარბაქაძე. კალანდიას მხარეს დგანან 51-ე სკოლელები, დაჩი ღლონტი და სხვა დანარჩენები, ნარსია და ვიღაცები.
– თქვენ თუ იცით რამდენი იყო მაგ დროისათვის კალანდიას წონა და სიმაღლე.
– კალანდია დღესაც არის ის სიმაღლე, რაც მაშინ იყო (?).
– რამდენი?
– ნუ, 170, ალბათ. წონა 80-კილომდე, მეტი არა.
– 80 კილოზე მეტი არ იყო მაშინ?
– არა, არ იყო.
– თქვენ მისი მაშინდელი ფოტოები ნანახი გაქვთ?
– კალანდია მსუქანი ბავშვია, მაგრამ 80-85 კილო, მეტი არ იქნებოდა რა. გავაგრძელებ, გამომძიებელი, ჟამერაშვილს მენაბდემ ანახა დაჭრილი ვარო, მამამისი, ის როა, სასულიერო პირი, იქ ესწრებოდა, ანახეს ჭრილობა და ამ დოყლაპიამ, ტანსაცმელიც არ ამოიღო, დოყლაპიაა, არ მაქვს სხვა ფრაზა.
– დამნაშავეა, დამნაშავე, დოყლაპია კი არა.
– გავაგრძელებ იმ ადგილიდან, 51-ე სკოლიდან ერთ-ერთმა, ვინც კალანდიას მხარეს იდგნენ, წამოვიდა ერთი ბავშვი, არ მინდა სახელი ვთქვა, რომელმაც აუარა გვერდი კალანდიას, მოვიდა მეორე მხარეს და დაარტყა ზურგში მენაბდეს. ეს ფაქტია.
– ვინ დაარტყა.
– მე არ ვარ ბრალმდებელი, მაგრამ ჩემთვის ცნობილია, დასკვნით ეტაპამდე ვიტყვი.
– მენაბდეს არ ჰქონდა დანა?
– მე გისვამთ კითხვას, ის ვინც დანა დაარტყა მენაბდეს, არ არის კალანდიას შემადგენლობიდან, მენაბდის ნათქვამი რომ ზურგი ავარტყი – ზღაპარია, მენაბდე რომ დაჭრილია, რომ ცხადია, ის ძალა, რომელიც წამოვიდა, სარალიძის მეგობარია, რატომ წამოვიდა მენაბდისკენ?
– მაშინ, როცა მენაბდე უფრო სუსტია ტანად?
– დიახ, მაგას გეკითხებით, რატომ? ჩემი აზრით მან აღიქვა გარემოება და შეაფასა სწორად, რომ მენაბდე უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენდა სარალიძისთვის და მიაყენა სწორედ ამიტომ მენაბდეს ჭრილობა. უფრო მეტ საფრთხეს ვგულისხმობ რომ მან დაინახა რაღაცა ისეთი, ადვოკატს არ მაძლევს უფლებას ვთქვა.
– თქვენ ახსენეთ ღლონტი, ღლონტმა დაარტყა მენაბდეს?
– მე არ ვიცი, თქვენ თქვით, მე არ ვიცი.
– კალანდიას დანა არ ჰქონია?
– ხატზე შემიძლია დავიფიცო, რომ კალანდიას დანა არ ჰქონია, სადაც გინდათ იქ დაგიფიცებთ. თქვენ ხართ მიკერძოებული ამასაც ვხედავ.
– ორი ბავშვია დაჩეხილი და მოკლული, კითხვებიც არ დავსვა? კითხვები რომ უნდა მქონდეს, იმიტომ ვარ მედია… თქვენ ზაზა სარალიძეს უჩივლეთ პოსტების და ჩვენთვის მოცემული ინტერვიუს გამო, ბატონო ზურაბ, ხომ არ გავიწყდებათ?
– კიდევ ვუჩივლებ.
– შთაბეჭდილება რჩება, რომ ზაზას ებრძვით.
– ზაზა სარალიძეს არ ვებრძვი, მტერსაც არ ვუსურვებ მის მდგომარეობას. ზაზას ჯერ ასეთი ტრაგედია დაემართა, მეორე მას იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის, ამაზე გაბრაზდა, მე პოლიტიკას არ ვეხებიო, ეგ არ იყო რო იძახდა, ეს გადადგეს, ის გადადგეს. დღეს მიხვდა! ისიც თქვა, კუპრავას ამ საქმიდან პრემიერ მინისტრობა უნდოდაო?
– თანამდებობაო…
– დამირეკა კუპრავამ, რატომ იმეორებო, ის ხომ კაცი არ არისო და შენ რას იმეორებო, ვუპასუხე, მალე იმასაც ვიტყვი, შენ ვინა ხარ თქო. გავაგრძელებ ახლა, რატომ დაჭრეს მენაბდე? იმიტომ რომ დაინახა რეალური საფრთხე, რომელიც მის ძმაკაც სარალიძეს ემუქრებოდა.
– თქვენ ახლა ხელს ადებთ მენაბდეს, არადა, მისი მონაწილეობა სარალიძის დაჭრის საქმეში უკვე ორი წელია, ვერ დაამტკიცა პროკურატურამ, მხოლოდ მოწმის სტატუსით დაკითხეს, თუმცა, გეთანხმებით, ნამდვილად ლოგიკურია, მაგრამ მენაბდის მონაწილეობა არ გამორიცხვას კალანდიას მონაწილეობას, რაკი კალანდიას ტანად დიდი იყო, შეიძლებოდა ხელის მოძრაობა ტანს დაეფარა და ვერ დაენახათ რას ურტყამდა.
– უფრო დაინახავდა. მენაბდე ჩაწერეს ფარულად, მამამისთან ერთად ჩაწერეს ფარულად და ილაპარაკა ტყუილები. რომ წავიდა, მივიდა მეგობართან და გაარეცხინა შარვალი. სკოლაში დასვრილი შარვლით ხომ არ გაუშვებდნენ? მეგობარს რატომ არეცხინებ შარვალს? მან გააქრო მტკიცებულება, და მოთხოვნილი მაქვს დევნის დაწყება. ძალიან საინტერესოა ადგილასაა სისხლის კვალი, სისხლის კვალი აქვს ქურთუკის მარჯვენა შესაკრავთან, 90 სანტიმეტრის სიმაღლეზე და ეს ჭრილობა, სარალიძის ჭრილობა საზარდულთან, სადაც არტერია იქნა გადაჭრილი, ზუსტად 90-სანტიმეტრზეა ტერფიდან მიყენებული.
– უცნობ დეტალებს აჟღერებთ ახლა და კვალი უფრო ახლოს მიგყავთ მენაბდესთან – მენაბდე და სარალიძე დახლოებით ერთი სიმაღლისანი იყვნენ?
– კი, ერთი სიმაღლის. ვვარაუდობ, რომ სარჩულიც დასვრილი ჰქონდა ჯიბის, არ გამოვრციხავ რომ სისხლიანი ხელი ჩაიდო ჯიბეში და ამიტომ გაარეცხინა შარვალი მეგობარს. არ გამოვრიცხავ რომ შარვალზეც იყო კვალი. ეს მე-11 ჭრილობა, რომელმაც ფატალური შედეგი დააყენა, არც ბარბაქაძის დანითაა მიყენებული და არც ჯანაშიას. იქ არის 2 სანტიმეტრიანი ჭრილობა და ამ ლოგიკიდან ამოდის ექსპერტი.
– როდისმე კონფლიქტის მონაწილე ადამიანებიდან, ვინმეს უნახავს სარალიძის ჩხუბი?
– ეს ინფორმაცია საქმეში არ არის. სარალიძე კონფლიქტური იყო თუ არა, ამასთან დაკავშირებით არანაირი მახასიათებელი არა გვაქვს.
– მაგაზე არ ვსაუბრობ, თუნდაც, ეგაც საინტერესოა, თუ აქამდე არ იყო კონფლიქტური, იმ დღეს რატომ ადებთ ხელს, მაგრამ – მე გეკითხებით რას, რატომ ჩათვალეს რომ საფრთხე იყო რეალური და ჯანაშიას მოკვლას აპირებდა – მანამდე უცდია ვინმეს მოკვლა? არც დანით დადიოდა, ხო?
– სარალიძე აცხონა ღმერთმა, იმას რომ კაცი შეხედავდა, ამ კაცის მოკვლის სურვილი ვის უნდა გაჩენოდა ამ ჩია ბავშვებში? 60 კილოიანმა ბავშვებმა შეიძლება განიზრახოს სარალიძის მოკვლა?
– ხომ განიზრახეს? საკუთარ სისხლში ჩაახრჩვეს, დაჩეხეს…
– რა განიზრახეს – ჯანაშიას აქვს განზრახ მკვლელობა დამტკიცებული და ჯანაშია არის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. ჯანაშიას დამდგარი განაჩენიც პოლიტიკურია. სასამართლოს რომ დაედგინა სიმართლე, რომ ეს იყო აუცილებელი მოგერიებით, ხელისუფლება აღარ იქნებოდა.
– ხომ ადებს ხელს ჯანაშია კალანდიას?
– რას ადებს, კიდევ საკითხავია.
– ბარბაქაძე?
– არა
– მენაბდე?
– ვის, კაცო?
– კალანდიას
– არაფერი ხელი არ დაუდია.
– ჩვენების დროს არ თქვა, რომ ტარი დაუნახა ხელში?
– ტარზე ახლა გეტყვით. ტარი სერგი კაპანაძის მოგონილია.
– მენაბდემ, ხომ თქვა ჩვენებში?
_ კი თქვა, მაგრამ ვერ განმარტა. 2018 წლის 11 აგვისტოს მოვიდა დასკვნა, სადაც წერია, რომ ის საგანი, რომელიც 51-ე სკოლის წინ კალანდიას ეჭირა ხელში არ არის ტარი, არ არის დანა, არ არის ხიშტი, არ არის ხანჯალი. ეს არის რაღაცა საგანი, რომელიც არ აღემატება 3 სანტიმეტრს. კალანდიას, 16 წლის ბავშვის თითები არის დაფარული სულ სამ თითამდე…
– სამი სანტიმეტრის ჭრილობა არა აქვს სარალიძეს?
– ეს შეიძლება ტარი იყოს ან დანა? (მიჩვენებს თითებით ზომას – თ.კ.)
– სამი სანტიმეტრის ჭრილობა აქვს სარალიძეს?
– დანა შეიძლება იყოს სამი სანტიმეტრის?
– ანუ, ქონდა.
– რა ქონდა, ეს ტარია და დანაა?
– ჭრილობა სამ სანტიმეტრიანი არის?
– სამიანიც არის და ერთიანიც. ის ერთიანი და სამიანი შეიძლება მიაყენოს დიდმა დანამაც, თუ არ მოხდა ჩაფლობა.
– შეიძლებოდა მიეყენებინა იმ საგანსაც?
– კი, შეიძლებოდა, შეიძლება ბევრი რამე. რადგან ეს ფრაგმენტი იყო, რომ 5 ბავშვის წინაშე რაღაცა ამოიღო და ანახა ბავშვებს – დანის თქმა ვერ გაბედეს და ტარიო. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენებას ვითხოვ იმ ბავშვის, რომელსაც 8 თვის მერე გაახსენდა, რომ თურმე მსგავსი ფრაზა თქვა კალანდიამ და ტარი ჰქონდა. გამომძიებელმა არ მკითხაო.
– ის არასრულწლოვანია, გამომძიებელს უნდა ეკითხა კი.
– ახალ გამომძიებელთან, ბაძგარაძესთან ყველაფერი გაახსენდა.
– თავად კალანდია რას ამბობს.
– ვერ იხსენებს.
– როგორ ახლა თქვენ იგივე ასაკის ბავშვზე ამბობთ, რომ 8 თვის მერე გაიხსენა რაღაც დეტალი და გინდათ იმას უჩივლოთ და აღძრათ სისხლის სამართლის საქმე, თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი ვერ იხსენებს რა ეჭირა ხელში, რა აჩვენა ბავშვებს?
– ვერ გაიხსენა რა ამოიღო ხელიდან. გულწრფელად თქვა, არ მახსოვსო.
– ვერ იხსენებს დღემდე?
– ხომ შეიძლება ინსტიქტურად ჩაიყო ხელი ჯიბეში და რაღაცა ამოიღო? კევი, სანთებელა.
– არა, არა, ის აჩვენებს 5 ადამიანს, კევს აჩვენებს?
– ჯანაშიაც იქ დგას, ბარბაქაზეც, იაშვილიც – ვერ ამბობენ რა არის ეს საგანი.
– ნივთი ფერადია?
– სურათი კი და ნივთი არა.
– როგორ წარმოგიდგენიათ მუქი ფერის კევი?
– ექსპერტს ვკითხე და შესაძლებელია სხვა ფერი სხვა ფერად გამოჩენილიყოო.
– ეგრე თითიც შეიძლება მაშინ არ ჩანდეს, ან სახელოში გაგრძელებული დაბოლოება…
– ამბობს, რომ ეს ნივთი რა ნივთია… რაღაცა საგანია, მაგრამ ვერ ამბობს რა საგანია.
– რა თქმა უნდა არ მოგითხოვიათ კალანდიას სამი თითი რა ზომისაა…
– გამომძიებელს არ ჩაუტარებია ეს კვლევა, ჯანაშია ამბობს, როცა სარალიძის ქვეშ ვიყავი მომწყვდეული, ჯიბიდან ამოვიღე დანა, გავხსენიო, შეშინება მინდოდა სარალიძისო, ვიქნევდი ჰაერშიო
– გჯერათ?
– ტყუილს ამბობს ამ ნაწილში.
– დანა მერე ამოიღო?
– ხო, მანამდე როგორ მოასწრებდა?
– იქნებ, დანა რომ ამოიღო მერე დაიწყო კონფლიქტი?
– რა კავშირი ჰქონდა სარალიძესთან ჯანაშიას? რატომ უნდა გასჩენოდა დანის ამოღების სურვილი?
– რატომ უნდა გასჩენოდა საერთოდ დანის ტარების სურვილი?
– დანის ტარება არის დანაშაული, კი ეს არის ჯანაშიას დანაშაული.
– მომწყვდეული მყავს, ფართხალებს, მეტიც, ცალი მუხლი აქვს მიწაზე, ვგუდავ, ჯიბიდან იღებს დანას, ხსნის და მირტყამს და ეს ხდება წამებში?
– ჯიბეში ჰქონდა, თავის ჯიბეში, განა სადმე ჰქონდა? თავისუფლად შეეძლო ხელი ჩაეყო ჯიბეში და ამოეღო დანა. რომ გათავისუფლდა, პირველი რეაქცია არის, გარბის და ყვირის გავიქცეთ. სარალიძე ჯერ კიდევ ფეხზე დგას, მერე წაიქცა საწყალი, თუ განზრახვა აქვს რომ მოკლას….
– 12 ჭრილობა აქვს ბატონო ზურაბ, დაჩეხეს, დაჩეხეს, მეტი როგორ უნდა მოეკლათ. რას მეუბნებით ახლა, სარალიძე და დადუნაშვილი რომ დაყარეს სისხლის გუბეში, მოკლულები არ ეგონათ, დაჭრილები ეგონათ?
– კი, დაჭრილები დატოვეს. განზრახვა რომ ჰქონოდა მოკვლის, რატომ უნდა გაქცეულიყო?
– თქვენი აზრით?
– თავს შველოდა…
– თქვენი აზრით, კიდევ ეშინოდა რომ სარალიძე ამდენი ჭრილობით გამოეკიდებოდა?
– არა, იმ მომენტში, როცა ფარდულში იყო მომწყვდეული. – დადუნაშვილი?
– დადუნაშვილი კიდევ სხვა მომენტია, დადუნაშვილის მკვლელობის გამართლების ერთ მიზეზსაც ვერ ვხედავ.
– სარალიძის მკვლელობის გამართლების მიზეზს ხედავთ?
– კი, ვხედავ.
– რას მეუბნები, თქვენ ხართ ტანმორჩილი კაცი, ვინმე თქვენზე მოსულ ადამიანთან რომ ჩხუბი მოგივიდეთ, უნდა იფიქროთ, რომ გცემს, თუ უნდა იფიქროთ, რომ გკლავს და დანა უნდა დაარტყათ? ამას ამართლებთ?
– სიცოცხლის უფლება იცით რას ნიშნავს? ამერიკულ განმარტებას გეუბნებით…
– ქართული მითხარით…
– ქართულიც ეგეთია, ყველას აქვს სიცოცხლის უფლება, აქვს უფლება, თუ აღიქვა რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, აქვს უფლება მიიღოს ზომები.
– თქვენ სარალიძის მამას ადებთ ხელს, ვაჭრობო უთხარით, მე ვარ ტენდენციური, რაკი კითხვებს გისვამთ?
– რას ლაპარაკობთ? სარალიძე არის პოლიტიკური პარტიების მსხვერპლი. ეგ არის გლეხი, უპატიოსნესი. მაგას ეშმაკობის თავიც არა აქვს, შესაძლებელია. მაგრამ მისი საუბარი იყო მუქარა.
– როგორ დაგემუქრათ?
– ჭკვიანად იყავიო, მითხრა, მეც და პროკურორსაც.
– ჭკვიანად ყოფნაში ცუდი რა არის.
– მე თქვენ გეტყვით ჭკვიანად იყავი, მოგეწონებათ?
– თქვენ მე სულ ტენდენციური მეძახეთ ცოტა ხნის წინ. კითხვებით წუხდებით? ეს კითხვები არის საზოგადოებაში, თქვენი და კიდევ ათი კაცის გარდა, არავინ ამბობს, კალანდია მართალიაო, არავინ.
– იმიტომ რომ ინფორმაციულ შიმშილში მოაქცია ხელისუფლებამ საზოგადოებამ. სხდომები დახურული იყო, სანამ ჩავერთვებოდი, ახლა გახსნეს და ისევ დახურეს, რომ არ გვენახა როგორი ხმის კანკალით ყვება ჯანაშია კალანდიაზე.
– რას ჰყვება?
– ჯანაშია ყვება, დავინახე კალანდიას ჟაკეტი ჰქონდა სისხლიანი და დანისმაგვარი საგანი ეჭირაო, თუმცა, შემდეგ თქვა, რომ ქურთუკი ეცვა კალანდიასაც… როგორ ნახა აბა, სისხლიანი ჟაკეტი? ამის მერე დააზუსტა ქურთუკის სახელო ჰქონდა სისხლიანიო. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ კალანდიას ქურთუკზე არ აღმოჩნდა სისხლი. ჯანაშია ამბობს, როცა ვთხოვე წყლის მოტანა კალანდიას, მაღაზიაში იყიდა და მომიტანა, როცა წყალი მომიტანა ქურთუკის სახელო ჰქონდა გარეცხილი და ხელი სველიო – დავიჯერო? ორ წუთში მოასწრო?
– დრო ვინ დაგიდგინათ? კამერების ჩანაწერები გაქვთ? რით ამტკიცებთ, რომ 2 წუთში მოხდა?
– არა, კამერების ჩანაწერები არა მაქვს. 12 მეტრია მაღაზიამდე, პატარა ჯიხურია ეზოში.
– დაბანას ვგულისხმობდი.
– შეიძლებოდა დაბანა 2 წუთში მოესწრო?
– ქურთუკი ხომ იმ დღესვე არ ამოუღიათ?
– გამომძიებელს არ მოსვლია თავში აზრად ქურთუკი ამოეღო, მოგვიანებით ამოიღეს.
– დარწმუნებული ხართ რომ იგივე ქურთუკია?
– ვიდეოზე ჩანს რა ქურთუკი ეცვა, ზუსტად იგივეს იყიდდა მაღაზიაში?
– თქვენ გჯერათ რომ კალანდიას არანაირი სისხლი არ ჰქონია ტანისამოსზე? როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ყველგან სისხლის გუბეა და კალანდია არ დაისვარა, არც შეესხა ჭრილობიდან სისხლი, ჯანაშია რომ კალანდიას მხარეს გამოიქცა? სარალიძე არ მოტრიალდა?
– რატომ უნდა მოტრიალებულიყო ის საცოდავი? ფარდული იყო 14 აგური გამრავლებული 5 სანტიმეტრზე სიმაღლეში და დავამატოთ 1 მეტრა, ორ მეტრამდე არ იქნება მთლად 1,80, 2 მეტრა იქნება ფარდულის სიმაღლე.
– თითო აგური 5 სანტიმეტრისაა? და ერთ მეტრას რატომ ამატებთ?
– აგურს რომ აგურზე დაადებთ, „რასტვორი„ ხომ უნდა იყოს? როცა ჯანაშიამ იგრძნო შვება, გამოიქცა და გაურბინა კალანდიას და კალანდიაც გამოეკიდა უკან.
(ადვოკატი მიხსნის, რომ 14 აგური 5 სანტიმეტრის – ეს არის 70 სანტიმეტრი და 70 სანტიმეტრ აგურს სჭირდება ერთი მეტრის რასტვორი – თუმცა ამ ანგარიშითაც, კი, ფარდულის სიმაღლე გამოდის 1,70 – თ.კ.). – ზურგშიც კი დაჭრილია სარალიძე და როგორ წარმოგიდგენიათ, რომ კალანდია არ დაისვარა, ფეხსაცმელიც არ დაესვარა?
– მენაბდეს აქვს ფეხსაცმელზე სისხლის კვალი. კალანდიას – არა. სისხლი აფრქვევდა, წარმოიდგნეთ რამხელა წნევიდან, 20-30 სანტიმეტრზე ჩანჩქერი გამოდიოდა.
– და მაინც და მაინც კალანდიას არ შესხმია?
– არ შესხმია, დედას გეფიცებით.
– ვთქვათ, მე ვარ კალანდიას ოჯახის წევრი – გადავყარე ჯანაშიას სისხლიანი ტანსაცმელი… (შეგახსენებთ, კალანდიას ოჯახში მივიდა გამოძიების ვერსიით ჯანაშია და იქედან გადაყარეს მისი სისხლიანი ტანისამოსი კალანდიებმა – თ.კ.)
– კი, ეგ ნამდვილად დანაშაულია… გეთანხმებით…
– თქვენ ამბობთ, რომ ბავშვმა, რომელმაც 8 თვის მერე ჩვენებაში რაღაც ჩაამატა, იმას უნდა უჩივლოთ, მაგრამ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფმა გადაყარა ტანსაცმელი, სხვისი შვილის ტანსაცმელი გადაყარა, რომ ყოფილიყო კალანდიას ტანსაცმელი დასვრილი, იმასაც გადაყრიდა, თუ არა?
– დანაშაულია, აშკარად, გეთანხმებით. მე ამ ოჯახთან დაფიქსირებული მაქვს, საჯაროდ ვეუბნები, რა დონის დოყლაპია უნდა იყოთ, რომ ეგ გააკეთო. კაკუბავას ბიჭი ერთი ჩემი ყოფილი სტუდენტია, მეორე ჩემი ძმაკაცია, ახლობელია ძალიან ჩემი.
– კიდევ მე მეძახით დაინტერესებულს?
– ხომ მკითხეთ, ფულს ვინ გიხდისო?
– არ გიხდიან?
– არა, უფასოდ არ ვმუშაობ ნამდვილად, ფულზე არ არის საუბარი, ორდერის თანხა გადამიხადა ბიძამ.
– კაკუბავამ?
– ხო. ბორიას პარლამენტიდან ხელფასი არა აქვს იცით? რა მილიონერი.
– არც ბიზნესი აქვს?
– რას ლაპარაკობთ, არა.
– კარგი, კარგი. სუბელიანი იქ არ იჯდა, როცა ტანსაცმელი გადაიყარა?
– კი, იმ სახლში იყო, ჯანაშიაც ნახა, კალანდიაც ნახა… კალანდიას ტანსაცმელი კი არ გადაყარა, ჯანაშიას ტანსაცმელი გადაყარა. რა დოყლაპია უნდა იყო, რომ ამხელა კაცმა, კაი, არა ხარ დიდი განათლებული მაგრამ, შუაგულ ქალაქში დღისით მზისით, მოხდა დანაშაული, სისხლიანი მოგიყვანეს ბავშვი, გასარეცხად შეაგდო ვანაში, ტანსაცმელი გადაყარა, სიმ ბარათები გადაყარა – ამითი საქმე დაფარა? უნდა აგოს პასუხი. საქმე კი არ დამთავრებულა კაცო, ჯერ სუბელიანის წინააღმდეგ, გრძელდება. სანამ სხვისგან გაიგებთ, გეტყვით, სუბელიანი ჩემი ყოფილი სტუდენტია, დაწერეთ ეგაც, რომ ტენდენციურია და მიკერძოებულიოთქო.
– დავწერ და იმასაც დავწერ, მე რო მეძახეთ.
– ყველა თქვენი პოსტი მაქვს ამოწერილი, ვაგროვებ, რომ შევაფასო რა როლი შეუძლია შეასრულოს საზოგადოების ამბოხებაში ტენდენციურ ჟურნალისტს.
– ჩემი პოსტების შეგროვების დრო თუ გაქვთ, კარგია. თქვენი როლი თუ შეაფასეთ, როგორც ტენდენციური ადვოკატის?
– ადვოკატი არსებობს არაკვალიფიციური და არა ტენდენციური.
– კარგი, არაკვალიფიციური ადვოკატის როლი შეაფასეთ.
– ტენდენციურ ჟურნალისტებს ვაგროვებ…
– მეც ვაგროვებ არაკვალიფიციურ ადვოკატებს და პირველი ხართ ჩემს სიაში.
– თუ ვერ დადებთ მტკიცებულებას, სასამართლოში გიჩივლებთ.
– ჯერ თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ ტენდენციურ ვარ, რაკი კითხვებს. თუმცა, არ მიკვირს, თქვენ სარალიძესაც კი უპირისპირდებით.
– სარალიძე არის ერთი პატიოსანი, გლეხი კაცი, რომელიც გამოიყენეს.
– არა, არა, ჩემთან ამბობთ სხვას და თქვით, პოლიტიკური გარიგებაშია შესულიო…
– მსხვერპლიათქო, გარგებაში შესული კი არა.
– გაჩვენებთ ახლავე სად ამბობთ, რომ პოლიტიკურ გარიგებაშია შესული ხელისუფლებასთანო, რომ ამბობთ…
– გუშინწინდელზე თუ ამბობთ, ეს არის ცალკე თემა, როცა გააკეთა განცხადება, შოთაძეზე რომ არ მაქვს პრეტენზიაო, ზაზას ეს მოქმედება არის ხელისუფლებასთან გარიგება, ახლაც ვიტყვი…
– თვალებში მიყურებდით და მატყუებდით, ანუ, თქვით და მტკიცებულება რა გაქვთ? გაურიგდა ხელისუფლებასო ამბობთ, მტკიცებულება რა გაქვთ?
– საქართველოს კონსტიტუციის ის ნაწილი, სადაც წერია გენერალური პროკურორის არჩევის წესი…
– რას მიხსნით ახლა, თუ არ მოგწონთ კონსტიტუციის რომელიმე მუხლი, თქვენ ხართ იურისტი და შეიტანეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. მე გეკითხებით, როგორ ადებთ ხელს ზაზას სარალიძეს გარიგებაში ხელს იურისტი, მტკიცებულებების გარეშე?
– მე ასეთ ჟურნალისტს არ შევხვედრივარ.
– ვერც შეხვდებით.
– საქართველოს კონსტიტუციაში წერია, როგორ უნდა აირჩეს გენერალური პროკურორი…
– მერე?
– გენერალური პროკურორი შეათანხმეს ზაზა სარალიძესთან დანიშნონ თუ არა.
– ჰაჰაჰა
– დაწერეთ ჰაჰაჰა
– დავწერ, დამამტკიცებელი საბუთი გაქვთ ხელში? ფაქტის გარეშე…
– მეც ვიწერ ამ საუბარს, მე ვიცოდი ვისთან მოვდიოდი, პირდაპირ მოვდიოდი მიხეილ სააკაშვილთან…
– ვაი, თქვენს პატრონს…
– მადლობა.
– ჩვენ ნაციონალები ვართ?
– ასე გეძახიან ხალხი.
– ვინ?
– არ ვიცი.
– თქვენ არ გაქვთ პასუხი და გარბიხართ? თქვენ მოხვედით დახოცილი ბავშვების საქმეზე სალაპარაკოდ და საუბარი გადაგყავთ პოლიტიკურ ჭრილში, როგორ არ გრცხვენიათ? ის მაინც თუ იცით, „ალიამ“ რა როლი შეასრულა 2012 წლისთვის?
– ზეპირად ვიცი ყველაფერი. ძალიან დეტალებში ვიცი ყველაფერი.
– რომ „ალია„ არის სააკაშვილის?
– აგერ არის სურათი?
– აქ ყველა ნივთს ისტორია აქვს, აქ სააკაშვილის ფოტოა, იქ დროშა ქართულ ოცნების, ყველა ნივთს ისტორია აქვს, ამის ახნა თუ მომიწევდა, არ მეგონა. ანუ „ალია“ სააკაშვილისაა ესე იგი?
– „ალია“ სააკაშვილისააო არ მითქვამს, მე გეუბნებით, მგონია, რომ ვესაუბრები სააკაშვილს, იმიტომ რომ სწორედ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ეკუთვნიან ვიღაც-ვიღაცები, არევა და დესტაბილიზაცია არის მაგათი ოცნება და რედაქციებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობოებს… უამრავი არიან.
– თქვენ ამბობთ, რომ ეს საქმე არის პოლიტიზირებული და ეს სჭირდება ოცნებას, ოცნება აყალბებს ხო? ხო ასე ამბობთ, და აქვე ამბობთ მერე, რომ ოცნებას კი არა, სააკაშვილს აწყობს და ამოირჩიეთ, რომელია ვარიანტის თქმას ცდილობთ…
– ქართულ ოცნებასაც აწყობს და სააკაშვილსაც…
– ორივეს აწყობს.
– კი.
– მაგრამ მე მაინც სააკაშვილი ვარ, თუ ბიძინა?
– ღმერთმა დაგიფაროთ, თქვენ ხართ იმ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი, რომელსაც დესტაბილიზაცია აწყობს…
– თქვენ, ვინც შვილმკვდარ მამას მტკიცებულებების გარეშე აბრალებთ რაღაცას, მიწერთ გაფრთხილების გარეშე – მე მდებთ ბრალს დესტაბილიზაციაში?
– იმიტომ რომ არ დაამახინჯოთ სიტყვები.
– არ სჭირდება დამახინჯება თქვენს სიტყვებს და ნამდვილად არ დამახინჯდება. თქვენ ამ საქმეს ასე ვერ მოიგებთ.
– მოვიგებ კი და ქვეყანა ჭამს ამ საქმით დიდ სირცხვილს.
თამო კეშელავა
ალია
კომენტარები