“ალიასთვის” არაერთხელ მოუმართავთ ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით სოციალური დახმარება შეუწყდათ – მაგრამ, ყველაზე მეტად სულისშემძვრელია გაჭირვებული ოჯახის მდგომარეობა, რომელსაც სოციალურ დახმარებას უწყვეტენ მხოლოდ იმის გამო, რომ ისედაც გაჭირვებულს და გაღატაკებულს უკვდება ოჯახის წევრი.
მას შემდეგ რაც გია ვოლსკი გამობრძანდა და გაააკეთა განცხადება, რომ ბაღდათში მცხოვრებ ოჯახს ერთხელ – ოქტომბერში იმიტომ შეუწყდა დახმარება რომ კომუნალურზე ჰქონდა – ნოლი დანახარჯი, ხოლო ამჯერად, უბრალოდ სახლი შეიცვალეს, რადგან ოჯახის წევრი დაეღუპათ – “ალიამ” ისევ მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს კითხვით, ისევ ხდება სოციალური დახმარების შეჩერება ოჯახის წევრის გარდაცვალებისას?
გვიპასუხეს, რომ კი, ასეა, შეუჩერდება ოჯახს საარსებო შემწეობა, ოჯახის წევრის გარდაცვალებისას.
ვკითხეთ, რის საფუძველზე და გადმოგვიგზავნეს კანონი:
“მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №225/ნ
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტის მე-17 მუხლში ვკითხულობთ:
მუხლი 17. საარსებო შემწეობის გადაანგარიშება
“ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილების შემთხვევაში (გადაანგარიშება მოხდება ასეთი ფაქტის დადასტურების მომდევნო თვიდან)”
იმედია – სიტყვა გადაანგარიშების განმარტება არ მოგვიწევს! საუბარია ქულების გადაანგარიშებაზე, ახალი ქულების მინიჭებაზე და ახალი შემწეობის დანიშვნაზე – რომელიც შეიძლება მოხდეს საარსებო მინიმუმის დარიცხვის პირობებშიც და არ არის აუცილებელი შეჩერება, მით უფრო არ სჭირდება ამ პროცესს ორი თვე!
უჩერდება საარსებო შემწეობა ოჯახს, რომელსაც ოჯახის წევრი, ან წევრები დაეღუპა და სოციალური სამსახური ამ ფაქტის დადასტურების – ანუ, გარდაცვალების მოწმობების წარდგენის შემდეგ მომდევნო თვიდან დაიწყებს გადაანგარიშებას – თუ არაფერი მოემატა ოჯახს, ახლობლების გარდაცვალებით არსებული სულადობით გაგრძელდება საარსებო შემწეობის გადაანგარიშება!
ასე რომ გიორგი ვოლკს გადაეცით, სახელმწიფო არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ოჯახის წევრის, ბიძის გარდაცვალების გამო – ამ ოჯახს, ამ გარდაცვლილ ბავშვებს მშიერს დატოვებდა და საარსებო შემწეობას შეუჩერებდა.
მეტიც, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, მამას და ბებიას უნდა შეუწყდეს ახლა საარსებო შემწეობა და როცა გაუბედურებული მამა და ბებია წარადგენენ სოციალურ სააგენტოში გარდაცვალების 5 მოწმობას – ამ საბუთების წარდგენიდან ერთ თვეში დაიწყებთ გადაანგარიშებას ქულების!
ან არის მეორე ვარიანტი – არ შეუჩეროთ სოციალური დახმარება გაუბედურებულ ოჯახს და აღიაროთ, რომ კანონი უვარგისია და შესაცვლელი, კანონი მხოლოდ იმიტომაა მოგონილი, რომ ისედაც გაჭირვებულ ოჯახებს უფრო მეტად გაუჭირვოს! ადექით და შეცვალეთ კანონი – ესაა მეორე და გონიერი გზა!
და არის მესამე, თქვენი საყვარელი გზა – ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ოჯახს არ შეუჩერებთ სოციალურ დახმარებას, პირიქით, ჯიბიდან დაუმატებთ, რაკი ასე მაღალია საზოგადოების დრტვინვა – ხოდა, დაარღვევთ კანონს ამ შემთხვევაში ურცხვად – მაგრამ, კანონს არ შეცვლით!
და იმ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც დაეღუპებათ ოჯახის ერთი წევრი, ისევ შეუჩერდებათ შემწეობა, რომელსაც საარსებო ჰქვია, საარსებო და სიცოცხლისთვის და გადარჩენისთვის აუცილებელია.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები