სიკვდილის მოტყუება
ფილიპინების ზოგიერთ პროვინციაში, დღემდე, გარდაცვლილის ნათესავები და ახლობლები სიკვდილის მოტყუებას საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ცდილობენ. მიცვალებულს საუკეთესო ტანსაცმელში აცმევენ და სახლის ზღურბლთან სკამზე სვამენ. თუ მამაკაცია, მაშინ ხელში სასმელით შევსებულ ჭიქას და პირში სიგარეტით ათავსებენ, თუ ქალია, მაშინ კალთაში უდებენ ნაქსოვ კალათას ხილით.
რიტუალის მიზანია ყველამ დაინახოს, რომ გარდაცვლილს უნარი აქვს იცხოვროს. რამდენიმე დღის მანძილზე მეგობრები და ახლობლები მას ისე ექცევიან როგორც ცოცხალს, სხდებიან მის გვერდით, ესაუბრებიან, სვამენ „მასთან ერთად“, ხილს ჭამენ „მასთან ერთად“ მისი კალათიდან.
რამდენიმე დღის შემდეგ, კლიმატს, ბუნებას თავისი გააქვს და რაკი სიკვდილი არ ტყუვდება, სხეულს მარხავენ მიწაში, ან ტოვებენ კლდეზე დაკიდებულ კუბოში. არ არის მიღებული მიცვალებულის დიდხანს გლოვა და მისი უსულო ნეშტის გამო წუხილი.
სიკვდილი ნისიად
ინდონეზიაში უმეტესად მიცვალებულს რეგლიგიური რიტუალებით კრძალავენ, თუმცა, ცალკეულ კუნძულებსა და შორეულ პროვინციებში ჯერ კიდევ შეხვდები უცნაურ ტრადიციებს. ასე მაგალითად, ერთ ტომში ჩვეულებრივი ამბავია ის, რომ მიცვალებული საკუთარ ქელეხს უნდა ელოდოს მანამ, სანამ ოჯახი ამისათვის ფულს არ ააგროვებს. ეს ტომი საკმაოდ ღატაკად ცხოვრობს და მათთვის პრობლემურია დიდი სუფრის მოწყობა, მეორე მხრივ კი, ამის გარეშე დაკრძალვაც არ სურთ. მათ ასეთი გამოსავალი იპოვეს – არ თვლიან გარდაცვლილად, სანამ ფულს არ შეაგროვებენ. ამბობენ, რომ ავადაა და უვლიან – ესაუბრებიან, ტანსაცმელს უცვლიან, ბანენ. ასე გრძელდება მანამ, სანამ საჭირო თანხას არ ააგროვებენ, ეს შეიძლება ერთ წლამდეც კი გაგრძელდეს. აი, როცა თანხას ააგროვებენ, მაშინ იწყება უზარმაზარი ქეიფი, ყველა სვამს, ჭამს, მხიარულობს, ცეკვავს, მღერის. ამბობენ, რომ მათი ეს რიტუალი სიკვდილის ცეკვას ჰგავს, თუმცა, ჩემთვის ეს ნისიად, „პოსლეზე“ სიკვდილის ცეკვა უფროა.
ნაყიდი მიცვალებული და სტრიპტიზორები
წინასწარ, თავშივე უნდა ვთქვა ხაზგასმით, რომ ეს ტრადიცია არაა გავრცელებული მთელ ჩინეთში, იგი მხოლოდ გარკვეულ, მცირე ადგილებში გვხვდება და ჩინეთის ხელისუფლება ამ რიტუალებს აქტიურად ებრძვის.
ძველი ჩინური ტრადიციების მიხედვით, გარდაცვლილი მამრობითი და მდედრობითი ენერგიები უნდა იყოს დაბალანსებული და ამისათვის, გარდაცვლილი მამაკაცი, კარგია, თუ დაქორწინებული იქნება, ამ შემთხვევაში, დაკრძალვა ჩვეულებრივად მიმდინარეობს. აი, თუ გარდაცვლილი დაუქორწინებელია და “არასწორად” იქნა დაკრძალული, სჯერათ, რომ მაშინ მთელ ოჯახს უბედურება და ავადმყოფობა ემუქრება. ისინი ცდილობენ მამაკაცი ახალგაზრდა გაუთხოვარი გოგოს საფლავის გვერდით დაკრძალონ, მაგრამ სირთულე ისაა, რომ ასეთი სამარხის პოვნა ძალიან ძნელია. სწორედ ეს იყო ერთ–ერთი მიზეზი მიცვალებულთა შავი ბაზრის გაჩენის. ჩინეთის მთავრობა ამიტომაც ებრძოდა ყოველთვის ამ ტრადიციას.
კიდევ ერთი უცნაურობა, რასაც ასევე ჩინეთის ღრმა პროვინციებში შეხვდები, ესაა სტრიპტიზორების მიწვევა ქორწილში. მიზეზი საკმაოდ მარტივია – თვლიან, რომ რაც მეტი ადამიანი მოდის მათი ახლობლის ბოლო გზაზე გასაცილებლად, მით უკეთესი იქნება გარდაცვლილის იმქვეყნიური ცხოვრება. როგორ უნდა ჩართო ბევრი ადამიანი ამ სევდიან პროცესიაში? – მოაწყვე სტრიპტიზ სანახაობა. ასე რომ ზოგ დასახლებულ პუნქტში, სამგლოვიარო პროცესიას თან ახლავს მანქანები, რომელთა სახურავზე დამონტაჟებულია სპეციალური ძელები და მათ გარშემო სტრიპტიზიორები ტრიალებენ.
მძივები ფერფლისგან
სამხრეთ კორეაში, სადაც ბევრი ხალხია და მიწა კი – მცირე, მე-20 საუკუნის ბოლოს ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო კრემაციის პროპაგანდა. თუმცა, დაკორეელები თვლიან, რომ გარდაცვლილის ცხედარი აუცილებლად უნდა დამარხონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შემდგომ ცხოვრებაში უბედურებები ელის, ამიტომაც, ხელისუფლების მცდელობა არც თუ ისე წარმატებულია.
კრემაციის მსურველთა რიცხვის ზრდისთვის, დამკრძალავი კომპანიები ამ პროცესის პოპულარიზაციას ყველანაირად ცდილობენ, მაგალითად, წვის შემდეგ ფერფლზე დამატებით ზემოქმედებენ მაღალი ტემპერატურით, რაც იწვევს მათ კრისტალიზაციას. კრემაციის შედეგაც მიღებული მძივები შესაძლოა სხვადასხვა ფერადაც შეიღებოს, სურვილის შემთხვევაში. კორეელთა ნაწილი, ვინც ამ მომსახურები სარგებლობს, მიღებულ კრისტალებს, ლამაზ ბოთლში ინახავს.
ზეციური დაკრძალვა
ტიბეტელები თვლიან, რომ სიკვდილის შემდეგ გარდაცვლილის სული სამოთხეში უნდა წავიდეს და ფიქრობენ, თუ ცხედარს მიწაში დამარხავ, ეს არ მოხდება. გარდა ამისა, მთებში ძალიან ცოტა მიწაა დასამარხავად, ირგვლივ მხოლოდ კლდეები და ქვებია. გარდაცვლილის დაწვა ასევე არ არის გამოსავალი – ხეები ქვებზე არ იზრდება.
მაშასადამე, მათთვის „ზეციური დაკრძალვის“ რიტუალი ერთადერთი გამოსავალი იყო: ახლობლებთან დამშვიდობების შემდეგ მესაფლავეს ცხედარი მთებში მიაქვს სპეციალურ ადგილას. იქ რამდენიმე ჭრილობას აყენებს სხეულზე და ტოვებს. ტიბეტელებს სჯერათ, რომ ფრინველებს, რომლებიც ნარჩენებს ჭამენ, გარდაცვლილის სულს ცაში აჰყავთ. რამდენიმე თვის შემდეგ მესაფლავე ამ ადგილას ბრუნდება, აგროვებს ძვლებს, ფქვილსა და კარაქში ურევს და ისევ ჩიტებს აჭმევს.
მხიარული დაკრძალვა
ბევრს, ალბათ, ინტერნეტში უნახავს მოცეკვავე, მომღიმარი შავგვრემანი მესაფლავეები მხარზე კუბოთი. ეს არ არის დადგმული, ნამდვილი დაკრძალვის ფოტოა.
განაში მიაჩნიათ, რომ მიცვალებული უნდა დაიკრძალეს კუბოში, რომელიც უნდა იყოს სიმბოლური მისი განვლილი ცხოვრების. ამიტომაც, კუბოებიც განსხვავებულია. თუ მეთევზეა, მაშინ კუბო თევზის ფორმის იქნება. თუ მონადირე, მაშინ ანტილოპის სახით. ზოგი ჩვეულებრივ კუბოს ირჩევს. ასეა, თუ ის, განსხვავებული თუ ჩვეულებრივი კუბოებით დაკრძალვის ცერემონიალებს ერთი საერთო აქვთ – მხიარულება. ადგილობრივი წეს-ჩვეულებების მიხედვით, არ უნდა იტირო, არამედ მაქსიმალურად უნდა გაერთო. განას პანაშვიდები გრძელდება სამი დღე და ამ დროის განმავლობაში სტუმრები უნდა გაერთონ, იცეკვონ. სწორედ ამის ნაწილი ამხრებზე კუბოთი ცეკვა.
გარდა ამისა, განაში სტუმრები ვალდებულნი არიან გადასცენ გარდაცვლილის ოჯახს თანხა, როგორც ეს ხდება ქორწილებში. მიცვალებულის დაკრძალვის შემდეგ ოჯახი ითვლის შემოსავალს – თუ ის ხარჯებს აღემატება, მაშინ დაკრძალვა წარმატებულად და დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს.
რაც შეეხება საქართველოს, დაკრძალვის ჩვენ წეს–ჩვეულებებს, ვფიქრობ კარგად ვიცნობთ ყველანი, ამიტომ აღარ მოვყვები.
რთულად წარმოსადგენია საქართველოში და არამხოლოდ, რამდენ დეტალზე უწევს ჭირისუფალს ფიქრი, არადა, მას იმ მძიმე წუთებში მხოლოდ გლოვა სურს, მხოლოდ ის სურს, ახლობელი ადამიანი გააცილოს უკანასკნელ გზაზე.
გლოვის პარალელურად, ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს ვინ, როდის, როგორ „გააპატიოსნოს“ გარდაცვლილი, სად დაასვენოს პანაშვიდის გადასახდელად, რომელი კომპანიიდან გამოიძახოს კატაფალკა, დროულად მოვალ, თუ არა, როგორი სასახლე სჯობს შეუკვეთოს, სად, ვინ ჩაიტანს სასახლეს კიბეებზე, მზადაა, თუ არა, საფლავი, ტრაპეზისთვის რომელი დარბაზის არჩევა სჯობს და ა.შ., უამრავი დეტალია. ვინ წყვეტს ამ დეტალებს? – ადრე გარდაცვლილის ოჯახი ან ახლობლები წყვეტდნენ, ბოლო წლებია კი, თავისუფლად შეგვიძლია მსგავსი მომსახურება ვანდოთ დამკრძალავ ბიუროებს.
როგორ ავარჩიო?
ალბათ, ადამიანური ფაქტორით. კატაფალკას დაქირავებას ყველა შესძლებს, სარიტუალო დარბაზსაც ყველა მოამზადებს, მაგრამ ეს ისეთი რთული დღეებია, ძნელია ურთიერთობა გქონდეს ადამიანთან, ვისაც არ შეუძლია შენი წუხილის გაგება, გაზიარება. ყველა დეტალი მნიშვნელოვანია იმიტომ კი არა, რომ ასეა საჭირო და ტრადიციაა, იმიტომ რომ საყვარელ ადამიანს აცილებენ ადამიანები უკანასკნელ გზაზე. თანაგრძნობის უნარი ადამიანის ერთ–ერთი საუკეთესო მონაპოვარია. ამის გარეშე მომსახურებას ფასი ეკარგება.
რაც შეეხება ფასს, იქ, სადაც არაერთი განცხადებაა განთავსებული, ფასზე მოლაპარაკებაც შესაძლებელია, შეადარე ფასები და მომსახურების ხარისხი და იმის მიხედვით დაიქირავე დამკრძალავი ბიურო, რომელიც შენს ყველა თხოვნას და მოთხოვნას დეტალურად გაითვალისწინებს, ვისაც, გამოცდილება აქვს და იმ წვრილამანებსაც კი გაითვალისწინებს, რომლებიც არ გაგახსენდა, გადაგავიწყდა.
ყველას აქვს უფლება, გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე დრო გამოიყენოს გლოვისთვის, ემოციების გაცვლისთვის, ფიქრისთვის, მოგონებების გაცოცხლებისთვის და სულიერად დაღლილი ფიზიკურადაც არ გადაიღალოს.
ცხოვრება გრძელდება, ასეთია ბუნების კანონი, ჩემი გარდაცვალების მერეც გაგრძელდება ცხოვრება, მათ შორის, ჩემი ცხოვრებაც გაგრძელდება, იმ ადამიანებში გაგრძელდება, ვისაც ვემახსოვრები, ვინც ერთ ისტორიას მაინც გაიხსენებს და თუ მართლაც დედამიწაზე იტრიალებს ჩემი სული დაკრძალვამდე, არ მენდომებოდა, ჩემი საყვარელი ადამიანები დაკავებულნი იყვნენ თვლით, რამდენი კილო ლობიო უნდა იყიდონ, რამდენი კილო თევზი ეყოფა ქელეხს, მენდომებოდა, მეტი მომესმინა ჩემზე და საგზლად იმქვეყნად, მხოლოდ კარგი მოგონებები წამეღო.
დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ.
(R)
კომენტარები