„ენმს“ ერთ-ერთ ლიდერს სალომე სამადაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში თავად წერს.
„მეგობრებო, დამიდასტურდა უსიმპტომოდ მიმდინარე კოვიდ-19. ვარ თვითიზოლაციაში. I have tested positive for the Covid-19, I am feeling fine, just a little headache“, – წერს სამადაშვილი.
სალომე სამადაშვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
„გიორგი რურუას მონახულებას რომ ვცდილობდი, საპატიმროში შესვლამდე მომთხოვეს ტესტი გამეკეთებინა. რადგან ნებართვა გასცეს იმ პირობით, რომ ტესტს გავიკეთებდი. გავიკეთე გუშინ და სამწუხაროდ, დღეს დადებითი პასუხი მივიღე.
მხოლოდ თავის ტკივილი მაქვს, სხვა სიმპტომი არა. მკურნალობას სახლში განვაგრძობ, თვითიზოლაციაში ვარ. 112-ზე რამდენჯერმე დავრეკე და სამწუხაროდ, არ ირეკება. შემდეგ ჩემს დაზღვევას დავუკავშირდი და ახლა ოჯახის ექიმის დაკავშირებას ველოდები“, – ამბობს სალომე სამადაშვილი.
მისი თქმით, არ იცის საიდან დაინფიცირდა, რადგან არჩევნების პერიოდში პრევენციული ღონისძიებების მიუხედავად, უამრავ ადამიანთან ჰქონდა შეხება.
„ვფიქრობ, რომ ჩემს შემთხვევაში რთულია დადგენა, საიდან დავინფიცირდი. არჩევნების პერიოდში საკმაოდ ბევრ ადამიანთან გვიწევდა კავშირი, მიუხედავად იმისა, რომ პირბადე სულ მეკეთა, სამწუხაროდ, 100%-ით ვერ გვიცავს. მე გამიჭირდება ყველას დავუკავშირდე, რადგან ოჯახის წევრების გარდა, ყველას პირბადით ვეკონტაქტებოდი, გავაკეთე საჯარო განცხადება – ვინც თვლის საჭიროდ თავი გადაიმოწმოს. ვისთანაც შეხება მქონდა, გამიჭირდება რომ მე დავუკავშირდე.
პირბადეს მხოლოდ კამერების წინ, რამდენიმე წამით ვისხნიდი. ფაქტობრივად, სულ პირბადით ვიყავი. ვთვლი, რომ მაღალ საფრთხეს არ წარმოვადგენ სხვებისთვის. მინდა ადამიანები დავამშვიდო,თუ უსიმპტომო და მსუბუქი ფორმაა, საშიში ნამდვილად არ არის“, – განაცხადა სამადაშვილმა.
კომენტარები