კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსში” იმყოფებიან ვაკის პარკში დაზარალებული მოზარდის კლასელები და მშობლები. მათი ცნობით, 13 წლის მოზარდთან ოჯახის წევრები უკვე შეიყვანეს და ბავშვი აჩვენეს.
მათივე თქმით, მეორე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც იაშვილის კლინიკაშია, შედარებით სტაბილურია და ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მშობლები ამბობენ, რომ მათ იცოდნენ, რომ კლასის დამრიგებელმა ბავშვების სკოლაში არყოფნის შესახებ საერთო მიმოწერაში შეატყობინა.
“დამრიგებლის მხრიდან ინფორმირებულები ვიყავით, როგორც კი ბავშვები არ გამოცხადნენ სკოლაში, ეგრევე დამრიგებელმა საერთო ჩატში მიგვწერა ყველას, ყველანი ვიყავით ინფორმირებულები და ვცდილობდით ჩვენს შვილებთან დაკავშირებას. ზოგმა გვიპასუხა და გვითხრა, რომ ვაკის პარკში არიან და ერთობიან და არაფერი არ იყო საშიში” ,- ამბობს მშობელი, ეკატერინე მაქაცარია.
შეგახსენებთ, ვაკის პარკის შადრევანში 3 მოზარდს დენმა დაარტყა. ერთი მათგანი, 13 წლის გოგონა, ხეჩინაშვილის კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ორი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
კომენტარები