„ალიას“ ესაუბრება მწერალი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი.
– ახალ პრემიერად ღარიბაშვილი მოგვევლინა და ამბობენ, რომ მთლად 2012-იანელებს დაგინიშნეს პრემიერი, არა? თუ თქვენ მასე არ აღიქვამთ?
– ირაკლი მართლა 2012-იანელია, ბევრი იჩემებს 12-იანელობას, ნამდვილები დაირქვეს, მაგრამ ნამდვილი და ნამდვილი 2012-იანელი ირაკლია. ღარიბაშვილის დანიშვნა სწორი გათვლა იყო და დიდი შეცდომა იქნებოდა ახლა რომ დანიშნულიყო პრემიერად ადამიანი, რომელიც არ ასოცირდებოდა 2012 წელთან და არ ასოცირდებოდა იმ მემკვიდრეობასთან, რაც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა. 2 წლის წინ ვწერდი და თუ გახსოვთ, „ალიასთან“ ინტერვიუში ვთქვი, რომ ქართული ოცნება უნდა გაიშალოს, მე ვფიქრობ, ახლა ზუსტად ის ეტაპია, რომ ქართული ოცნება გაიშლება! თუ გახარია გადადგა იმიტომ, რომ გადადგა საბოლოოდ, გახარიას ბიოგრაფიაში ეს ჩაიწერება ძალიან ცუდად, მაგრამ თუ ის გადადგა იმიტომ, რომ მას გარკვეული შეუსაბამოები ჰქონდა თუნდაც ქართულ ოცნებასთან, მაშინ გასაგები ხდება. კანონზომიერებაა, როცა ნაყოფი მწიფდება, ის თავის კანს ტოვებს, წაბლს აქვს ასეთი თვისება, თხილს აქვს ასეთი თვისება…
– ღარიბაშვილს?
– არა, ღარიბაშვილი სად იქნება, იმ ფრთაზე, თუ ამ ფრთაზე, მნიშვნელობა არა აქვს. ქვეყანაში უნდა მოვიდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც არ დაემუქრება 2012-წლის მონაპოვარს და იმ პოლიტიკური ღვაწლის შედეგს, რომელიც მოიტანა ივანიშვილმა, თორემ, ეს კატასტროფით დასრულდება ქვეყნისთვის.
– რა გააკეთა ღარიბაშვილმა როცა შს მინისტრი იყო, ან როცა პრემიერი იყო? თუ გახსოვთ, თავად ივანიშვილი ჰყვებოდა სატელევიზო ინტერვიუში, ღარიბაშვილს მე ვუთხარი, არჩევანი გაეკეთებინა ხელისუფლებასა და ნათესავებს შორის და მითხრა, რომ გააკეთა არჩევანიო…
– გააკეთა არჩევანი, გადადგა. უშეცდომო არავინაა. როცა ჩიგოგიძე დადგა გურიაში, წარმატება ვუსურვე, მაგრამ მელიამ რომ გააკეთა განცხადება ვასილ ჩიგოგიძემ ექვსჯერ დამირეკაო, ფერფური მეცვალა. მაგას ვაყვედრი ქართულ ოცნებას, რომ მათი არჩევანი ზოგჯერ არის მარაზმატიკული და საზიზღრობა. არმაზ ახვლედიანი ყოველთვის აღნიშნავს, მე ვიყავი ქართულ ოცნებაში აღმასრულებელიო და ახლა ანადგურებს ქართულ ოცნებას განცხადებებით. ამ ადამიანებს ერთგულების ნატამალი არ გააჩნიათ, აი, ღარიბაშვილს კი გააჩნია ერთგულების სრული სიმყარე. მე არანაირი სიკეთე ქართული ოცნებისგან პირადად არასოდეს მიმიღია და არც მივიღებ, მაგრამ როგორ არ ვთქვა, რომ ღარიბაშვილს აქვს ერთი კარგი თვისება, ის არის ადამიანის ერთგული. არა ღალატი პოლიტიკაში, არა ღალატი მეგობრობაში, ის არის ბიძინა ივანიშვილის ერთგული.
– მილიონები თუ წაიღეს მისმა ნათესავებმა, როგორც ამბობენ, ეს ერთგულებაა? ქურდობა არ არის?
– პირადად ღარიბაშვილზე გეუბნებით. ერთგულება დიდი თვისებაა. მისმა ნათესავებმა რაც წაიღეს და კახეთში კლანი თუ შექმნეს, მაგისთვის ის პოლიტიკურად დაისაჯა და დატოვა თანამდებობა.
– მე არ მინდა ქურდობა დაისაჯოს მხოლოდ პოლიტიკურად…
– ედუარდ შევარდნაძეს მის ძმისშვილთან ურთიერთობაც არ ჰქონდა, მაგრამ, როცა დაბრუნდა შევარდნაძე საქართველოში, მისმა ძმისშვილმა უდიდესი ბიზნესები შექმნა. იმიტომ კი არა, რომ შევარდნაძე კარნახობდა ვინმეს – ქართველებს გვაქვს ასეთი თვისება, როცა ვიცით, რომ ეს მისი ბიძაშვილი, მისი ცოლისძმაა, მისი გავლენები ვრცელდება ჩვენზე და ისინი აღწევენ ყველაფერს. თქვენ თუ გგონიათ ღარიბაშვილი კარნახობდა ვინმეს, არიქა მაგას დაუთმეთ ბიზნესის სფერო და მიეცით სადავეებიო, ძალიან ცდებით…
– ხომ ხედავდა, რომ მისი ნათესავების გავლენების სფერო იზრდებოდა და ბიზნესები ემატებოდათ?
– გასაგებია, მასე ხედავდა შევარდნაძეც, რომ მისმა ძმისშვილმა მილიონები იშოვა და „გრიმიტობდა“, მაგრამ მაშინ უნდა დაყოლოდა მთელ სისტემაში ყველა სამინისტროს და უნდა ეთქვა, ჩემი ძმისშვილი არ გაიკაროო. ეს არის შეუძლებელი. ნათესავები ჩინოვნიკის თანამდებობით სარგებლობენ და არ უნდა ასარგებლო, ჩვენ ქვეყანაში სახელმწიფოებრივი თვითშეგნება არ არის…
– ვერავინ დამაჯერებს, რომ ციხის კადრებზე ივანიშვილმა არაფერი იცოდა, მაგრამ როდის გამოქვეყნდა, კი ვნახეთ. ანალოგიურად მოიქცა ღარიბაშვილიც – დავით გარეჯზე და იმ რუკაზე 2014 წელს გავიგე, მაგრამ მე მერე წავედი პოლიტიკიდან და გაჩერდა ეს საკითხიო… ან პროკურატურის მისამართი არ იცოდა, ან ახალი პრემიერის?
– პოლიტიკაში როცა რაღაცა მომგებიანი ფაქტები ამოტივტივდება, შეიძლება რაღაცა დაიჩემო და თქვა, რომ აი, ვიცოდი და შემეძლო… როცა პოლიტიკაში ხარ, მთავარია, რომ იმ მომენტში იყენებ… აბა, ჰკითხეთ პატრიოტთა ალიანსს, ვინ იდგა ამ კადრების უკან? ვისი დამსახურებაა, რომ ციხის კადრები გამოქვეყნდა? მაგრამ ჩვენ მაინც ვიძახით, ბიძინა იდგა ამის უკან… ქართველები მაგარი უმადური ხალხი ვართ, იმას რატომ არ ვხედავთ, რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, თუნდაც ქართულ კულტურაში? იმ ძეგლების შენახვაში, რომელიც წარსულს გვინარჩუნებს? მაგალითად, ოზურგეთში კომუნისტებმა ააგეს ბრეჟნევის დროს არაჩვეულებრივი თეატრი და დანგრევის პირას იყო, მილიონები ჩაიდო მის რესტავრაციაში, ასევე მოხდა სენაკში… ეს ყველაფერი მისი ხელით გაკეთდა. უამრავი რამ აქვს გაკეთებული…
– ბოლოს ოჯახი თეატრში როდის გყავდათ, ბატონო მერაბ? პანდემიამდე პერიოდს ვგულისხმობ.
– პერიოდია ისეთი, ვითარებაა ცუდი. ადრე, კომუნისტების დროს თეატრებს, მწერალთა კავშირს, მხატვართა კავშირს ხელისუფლება პატრონობდა… გამორჩეული ადამიანის არსებობის საძირკველი გახლდათ კულტურის მოღვაწეები – ეს ყველაფერი მოიშალა და თეატრი რომ შენდება, გამოიჩინე ნიჭი მსახიობმა და რეჟისორმა და დადგი სპექტაკლი. გსმენიათ, ალბათ, სოფელ ანატორის შესახებ, სადაც გაჩნდა ჟამიანობა, ე.წ. შავი ჭირი. სოფლის თავკაცებმა გამოაცხადეს თვითლიკვიდაცია, ყველა კოშკზე დააყენეს მეთოფურები, ააგეს აკლდამები და მთელი სოფელი ჩაიხოცა იმ აკლდამებში, რომ სხვა სოფლებზე არ გავრცელებულიყო შავი ჭირი. დღე და ღამე გავასწორე, დავწერე ეს რომანი, სახელად „ანატორი“, უამრავი მკითხველი მწერს, მაგრამ ტელევიზორში გამოდის ვიღაცა მწერლის სახელით, სისულელეებზე საუბრობს და საზოგადოებაში არ ჩანს ეს წიგნი, ჩემო კარგო, მიმიწვიეს სადმე? არ აინტერესებთ. ვითარებაა ასეთი, რომ თეატრი ჩაკვდა, ყველაფერი კომერციაში გადაიზარდა…
– გეთანხმებით, არ ჩანს. თუმცა, ჩვენ 2012 წელს არ გვიბრძოლია მხოლოდ იმისათვის, რომ თეატრები იყო გასარემონტებელი, მთავარი იყო სამართლიანობა, ჩვენი შვილების განათლება და ეკონომიკა. ამას არ ვითხოვდით?
– 2012-მდე როგორ ვიცხოვრეთ? იმდენი უსამართლობა იყო ჩადენილი, იმ სამართლიანობის აღდგენას მაცხოვრებელთა 30 პროცენტი უნდა შეწიროდა და ციხეებში უნდა წასულიყო. უამრავ ადამიანს ჩამოგითვლით, ვინც ნაციონალური მოძრაობის ქმედების გამო დაიღუპა. კობა დავითაშვილი, გასაგებია, მაგრამ გია მაისაშვილს ტყვია რომ მოხვდა დიდუბეში პოლიციის სამმართველოსთან, იცით? რეზინის ტყვიამ გაუხვრიტა შუბლი და სისხლი რომ სდიოდა. იქ ვიდექი… რამდენი უნდა დაეჭირათ?
– კი, ვიცით ეგეც და უარესებიც, „ალია“ ბევრ ასეთ ფაქტზე წერდა იმ დროს, როდესაც ხმამაღლა თქმასაც კი ვერავინ ბედავდა. ამიტომაც ვსვამ კითხვას ასეთი რიხით სამართლიანობაზე. კარგი, ვერ დაიჭერდნენ ყველას, ბევრნი იყვნენ, მაგრამ დაზარალებულებს მაინც დახმარებოდნენ, თქვენ თუ იცით, კობა დავითაშვილი გერმანიაში რომ ვერ წავიდა სამკურნალოდ, უფულობის გამო? წამლის ფულიც რომ არ ჰქონდა, ის თუ იცით?
– ხაზგასმით ვამბობდი და ვამბობ, ეს არის ქართული ოცნების უდიდესი ჩრდილი პოლიტიკაში და არაადამიანობა, რომ არმაზ ახვლედიანები მიყავდათ აღმასრულებლებად და ვინც თავი დადო ნაციონალური მოძაობის გასაშვებად, გვერდზე გაწიეს, ზუსტად ესაა 2012-იანელების ტკივილი.
– რა იმედი გაგიჩინათ ღარიბაშვილის მოსალოდნელმა გაპრემიერებამ?
– იმედი მაქვს, ნამდვილად. რაც არ უნდა საწყენი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მწერალი კაცისგან ამის თქმა, შეიძლება ლამაზი არ იყოს, უნდა ვთქვა, გარდაუვალია და ნაციონალური მოძრაობა უნდა დასრულდეს. ივანიშვილმა განცხადება გააკეთა, წავედი პოლიტიკიდანო, სააკაშვილიც რომ გააკეთებდეს ასეთ განცხადებას და ჩამოშორდებოდეს „ენმ“-ს, მელიას მაშინ ირწმუნებდა ბევრი… სააკაშვილი ასოცირდება იმ 9 წლიან უბედურებასთან და ამის დაბრუნება საზოგადოების დიდ ნაწილს არ უნდა. თუ ვინმეს არ უნდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში, დატოვოს პოლიტიკური ველი ნაციონალურმა მოძრაობამ და მეორე დღეს ქართველმა ხალხმა, სწორედ იმ პრეტენზიებისთვის, აი, რაც თქვენ გაქვთ კითხვის დასმის დროს, ქართული ოცნება შეიძლება გაუშვას ხელისუფლებიდან.
– დავუბრუნეთ ღარიბაშვილს, რას ელოდებით მისგან? რას გააკეთებს?
– დამისახელეთ, ბოლო 20 წლის განმავლობაში პრემიერი, რომელმაც რამე გააკეთა, დამისახელებთ, ჩვენ რომ დაუნახავები ვართ, ეგ ხომ ფაქტია?
– კი, მაგალითად, კვირიკაშვილმა 560 მილიონი გააკეთა, ცოტაა? როგორც მაშინ ამბობდნენ, ამდენი წაიღო…
– არ ინიშნება 90-იანი წლების შემდეგ პრემიერი ან პრეზიდენტი, ხალხს რომ სიკეთე მოუტანოს და რომც მოუტანოს ვერ დავინახავთ, როგორც ვერ ვხედავთ ივანიშვილი რა სიკეთეს აკეთებს, ვხედავთ მხოლოდ ცუდს. ამ ცუდის დანახვაში უდიდეს როლს თამაშობს წარსულის ძალები… თქვენ წარმოგიდგენიათ ხელისუფლებაში ნათელაშვილი, ბურჯანაძე, გუგავა?
– თქვენ წარმოგიდგენიათ ზარდიაშვილი, კობახიძე, მდინარაძე, თალაკვაძე?
– რომ არ წარმოვიდგინოთ ისინი, ვინც დაასახელეთ, ამიტომ უნდა იყოს კანონზომიერი ნაციონალური მოძრაობის დასრულება. ეს ადამიანები არ წარმოგვიდგენია და წარმოდგენილები არიან, აქეთ მოვიხედავთ და ნაციონალური მოძრაობაა, თუ ამ ადამიანებს არ წარმოვიდგენთ და გვერდზე გავწევთ, მოვა ნაციონალური მოძრაობა და ანუ უკიდურესობაში ვართ. ღარიბაშვილის გაპრემიერება არ არის კატასტროფა, ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი და როგორც არ უნდა იყოს, გეგმის მიხედვით დატოვა, შეგნებულად, თუ შეუგნებლად გახარიამ პოსტი, როგორ წარმოგიდგენიათ, ქართული ოცნების ახალი ფრთიდან დაინიშნებოდა პრემიერი? და მას გაჰყვებოდა ძველი მომხრეები?!
– ივანიშვილმა დანიშნა ღარიბაშვილი?
– არა. მე ვიცი ივანიშვილის პიროვნული თვისებები და მაქვს მის საახლობლოსთან ურთიერთობა და ვიცი, ახლა ნამდვილად არ ჩაერევა პოლიტიკაში, მაგრამ ქართული ოცნება ყოველთვის გაუწევს ანგარიშს, შეუთანხმებლად. არ საუბრობენ ამაზე, მაგრამ ივანიშვილი პოლიტიკაში აღარ დაბრუნდება, აღარ ჩაერევა პოლიტიკაში, მაგრამ მისი პოლიტიკური გავლენა, ყოველთვის იქნება, ვიდრე ქართული ოცნება იარსებებს. ანალოგიურია სასამართლოც. არ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო, ვიდრე ასეთი პოლიტიკური ზეწოლა იქნება… სასამართლო ფიქრობს, თუ გადავწყვეტ ისე, რომ ქვეცნობიერად ანგარიშს არ გავუწევ სახელისუფლებო პარტიას, მოვა ნაციონალური მოძრაობა. ამაში დამნაშავე ნაციონალური მოძრაობა არ არის?
– ბატონო მერაბ, ისე ნუ იზამთ, ნაციონალურ მოძრაობას მეტმა დაუჭიროს მხარი, თორემ, მურუსიძეს და ჩინჩალაძეს, თუ მარტო ნაციონალური მოძრაობის ეშინია და ენმ-ის გარდა, მათ თუ ვერავინ დასჯის, მაშინ ხალმა შეიძლება თქვა, მოვიდეს დაე და დასაჯოსო.
– ნაციონალური მოძრაობა რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, ისინი ქვას ქვაზე არ დატოვებენ – აი, ეს შიშია ხალხში. ასეთი შიში როცა არსებობს, სასამართლოც გადაწყვეტილებას იღებს ისე, რომ საშიშროება აირიდოს. გეთანხმებით, უდიდესი წვლილი აქვს ქართულ ოცნებას, რომ ნაციონალური მოძრაობა მონსტრად აქცია, რასაც იმკის, ამისგან იმკის, ბრიყვულად იქცეოდნენ, თუნდაც „რუსთავი2“-თან. როდის იყო „რუსთავი2“ არჩევნებს იგებდა, ჩემო კარგო? სულ ვწერდი, დაანებეთ თავი, ნუ აფიქრებინებთ საზოგადოებას, რომ გინდათ ჩაახშოთ, იყოს, ილაპარაკოს… 2012 წელს „რუსთავი2“ მიშას ჯიბეში იდო, მაგრამ მოიგო არჩევნები? ვერ მოიგო. არჩევნებს ვერაფერი გადაწყვეტს, თუკი ხალხში არ არის სიმპატიები ამა თუ იმ ძალის მიმართ.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები