ათენში მყოფი ქართველები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ და დახმარებას ითხოვენ – დახურულ ზონაში ამ დროისთვის დაახლოებით საქართველოს 50 მოქალაქეა.
მათი ნაწილი “მთავართან” საუბარში გუშინ მომხდარ ინციდენტს იხსენებს და ყვება, რომ მათ თვალწინ პაკისტანის მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ სადეპორტაციო სივრცეში არეულობა დაიწყო და დახურულ ზონაში ცრემლსადენი აირი გამოიყენეს, რა დროსაც ერთი ქართველი შეუძლოდ გახდა.
“მთავარ არხთან” თვითმხილველები ყვებიან, რომ მდგომარეობა ამ დროისთვის უკიდურესად მძიმეა და მათი არაერთი მიმართვის მიუხედავად რეაგირება ჯერჯერობით არ არის. საუბარია იმ სადეპორტაციო სივრცეზე, რომელიც მენიდში ამიგდალაზე მდებარეობს და იქ, მედიის ინფორმაციით, საქართველოს 50-მდე მოქალაქე რჩება, რომელთაც დიდი ალბათობით დეპორტაცია ემუქრებათ, თუმცა, ამ დროისთვის, ისინი ამ დახურულ ზონაში რჩებიან.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საელჩომ საბერძნეთში:
ინფორმაციისთვის:
ქ.ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, 2023 წლის 26 ივლისს, ღამის 2 საათზე დაიწყო არეულობა.
ადგილზე მობილიზებული იყო საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები.
ინფორმაციის მიღებიდან, საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა როგორც არსებულ ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისე ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან.
დაახლოებით ღამის 3 საათზე, როგორც შესაბამისმა სამსახურებმა და ასევე საქართველოს მოქალაქეებმა დაგვიდასტურეს, ადგილზე უკვე იყო სიმშვიდე და ყველა საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ. საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრელმსადენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა – მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები.
შეგახსენებთ, რომ ფორსმაჟორული/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს.
ცხელი ხაზი +306952220000,
კომენტარები