“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, მათი პარტიის ოფისზე თავდასხმა იყო. ანა წითლიძის ინფორმაციით, შტაბში ქართული ოცნების მხარდამჭერები მუქარითა და შეურაცხმყოფელი შეძახილებით მივარდნენ. როგორც წითლიძე წერს, ერთი- ერთი მათგანი იყო “ოცნების” აქტივისტი მამუკა ქორთუშვილი, ხოლო პროვოკაციას ხელმძღვანელობდა ოთარ კოდუა, “ოცნების” დელეგატის, დავით კოდუას მამა, რომელიც წითლიძის ცნობით, ოფისში მყოფ პირს დაემუქრა- “დათო კოდუას მამამ ჩემი შტაბის წევრს უთხრა -“დაგკუწავ და ენას ამოგაძრობო”.
ანი წითლიძემ თავდასხმასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგზეც ისაუბრა:
“ქართული ოცნების” დელეგატი დათო კოდუა მამამისს ოთარ კოდუას ავალებს, რომ “ერთიანობის” ოფისში შევარდეს ხელჯოხებით, დაემუქროს იქ მყოფ ახალგაზრდა გოგოებს, რომ მათ აკუწავს და ენებს ამოაცლის.
მე მინდა მათ მივმართო: თქვენი ისტერია მხოლოდ იმას მოწმობს, რომ იცით, პირწმინდად გაქვთ წაგებული 26 ოქტომბერს დარჩელიც,
ზუგდიდიც და სრულიად საქართველოც. ვერცერთი ასეთი მუქარით თქვენ ვერ დააშინებთ ჩვენი შტაბის ვერცერთ წევრს, ვერც დარჩელს, ვერც ზუგდიდს და ვერც საქართველოს და 26 ოქტომბერს დარჩელიც, ზუგდიდიც და მთელი საქართველო დაასრულებს სიღარიბეს და იზოლაციას და აირჩევს
კეთილდღეობას” – განაცხადა ანა წითლიძემ.
“ოცნების” დელეგატის, დავით კოდუას მამასთან, ოთარ კოდუასთან დღეს მთავარი არხი” მივიდა, თუმცა ის კამერებთან არ გამოჩენილა.
ცნობისთვის, ოფისი წინასაარჩევნოდ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა.
კომენტარები