პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ცუდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონების “ოცნების” საარჩევნო სიაში მოხვედრას. ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი გამახსენდა.
“ვარდების რევოლუციის” დროინდელ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის სიაში აღმოჩნდა ძალოსანი გიორგი ასანიძე, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი. იმ პარლამენტში მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მოგვიწია ერთად ყოფნა, რადგან ეროვნულ ბანკში გადავედი და პარლამენტი დავტოვე. გიორგი არა მარტო დიდი სპორტსმენი იყო, არამედ გონიერი პიროვნებაც, რომელსაც ბევრ საკითხზე საკუთარი საინტერესო აზრი გააჩნდა. არ იყო ღილაკზე მხოლოდ ხელისდამჭერთა კატეგორიიდან. იმ პარლამენტში ვოვა გუცაევიც იყო.
პარლამენტიდან წამოსვლის შემდეგ იშვიათად თუ ვხვდებოდი, თუ არ ჩავთვლით საზეიმო ღონისძიებებს. ერთხელ, ბიზნესმენთა დაჯილდოების საღამოზე, რესტორან “კრწანისში”, ორთაჭალაში რომ მტკვარს გადაჰყურებს, ერთ მაგიდაზე მოვხვდით. თხუთმეტი წლის წინანდელი საუბარი დღესაც კარგად მახსოვს. იცი რაზე ვნანობო? დაკარგულ წლებზეო. არ არის დეპუტატობა ჩემი საქმე, სპორტს უნდა დავუბრუნდე, ჩემს სფეროში მეტის გაკეთება შემიძლია ქვეყნისთვისო. გიორგი მწვრთვნელი გახდა. უკვე ორგზის ლეგენდაა, როგორც სპორტსმენი და როგორც მწვრთვნელი, რომელმაც მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები გამოზარდა. მისი და არა მარტო მისი, მთელი საქართველოს მთავარი სიამაყე ლაშა ტალახაძეა.
დარმუნებული ვარ, გიორგი არ ურჩევდა ლაშას ამ ნაბიჯს.
რატომ ვახსენე ვოვა გუცაევი. ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას მის ერთ ინტერვიუს მოვკარი თვალი, სადაც ამბობს, რომ ნანობს საქართველოს პარლამენტში ყოფნას, რადგან ეს იყო მისი ცხოვრებიდან დაკარგული ოთხი წელიწადი. იგივე გაიმეორა ეკა კვესიტაძის გადაცემაში, სადაც მეც მომიწია მასთან ერთად მონაწილეობა.
სპორტსმენისათვის ( თუ პოლიტიკოსად არ ჩამოყალიბდა) პარლამენტი დაკარგული დროა, მოცდენაა იმ საქმისგან, რომლის კეთებაც უკეთ შეუძლია. სავალდებულო არაა, რომ ეს საქმე სპორტის სფერო იყოს. ადამიანს უამრავი სარბიელი აქვს, თუნდაც ბიზნესი. დეპუტატობით მხოლოდ პატივმოყვარეობის ჭიას იკმაყოფილებენ. ზოგიერთები, “ფედერაციების ბობოლები” კარგ ფულსაც ტეხავენ, მაგრამ ეს სხვა საკითხია, არასპორტული საქციელის სფეროდან.”
კომენტარები