ჭიათურაში სასულიერო პირის ოჯახის წევრებზე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციას ძალადობა არ განუხორციელებია, ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.
„თქვენ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს, აგინეს მათ? ამაზე არსებობს უამრავი სამსახურები.
სამწუხაროა, როცა ასეთი რამ ხდება არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში. ამაზე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.
მე შევასწავლინე ჩვენს გენერალურ ინსპექციას ეს თემა. არაფერი არ მომხდარა. არსებობს ძალიან ბევრი სამსახური – პროკურატურა, სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორი, რომლებსაც შეუძლიათ მიმართონ და გამოიძიონ, გამოიკვლიონ და დავსაჯოთ ის ადამიანები.
მაგრამ მე გეუბნებით და ამას თამამად ვიძახი, ეს თემა არ მომხდარა, რომ (პოლიციელმა) ცემა ვიღაც, ან გარეთ ძალით წაიყვანა, შეუზღუდა თავისუფლება და ა.შ. არ არის ეს სწორი ინფორმაცია. მოიკვლევენ და ნახავთ.
მოკვლევა დასრულებული არ არის. ოპერატიული ინფორმაცია რაც მაქვს დარწმუნებით გეუბნებით, რომ ეს არ მომხდარა.
არანაირი ძალადობა სასულიერო პირის ოჯახზე არ ყოფილა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
კომენტარები