პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი უკრაინის რადას თავმჯდომარის რუსლან სტეფანჩუკის მიერ ქართველი დეპუტატებისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში ხისტი პასუხის გაცემა პოლიტიკურად გამართლებული არ არის.
ვოლსკის თქმით, შეუძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ რუსლან სტეფანჩუკს ან არ აქვს ინფორმაცია, ან არის გარკვეული კონსპირაცია, რომელიც არასწორი ინფორმაციის კინცენტრაციას განაპირობებს.
უკრაინის რადას თავმჯდომარე წერილში აღნიშნავს: „როგორ მოხდა, რომ დღეს, როდესაც რუსეთის ომი თქვენს მოძმე უკრაინაში სრულმასშტაბიანად არის გაჩაღებული, თქვენ გადაწყვიტეთ ვაჭრობის გაფართოება ქვეყანასთან, რომელიც თავს დაგვესხა ორივეს“.
ვოლსკის განმარტებით, 2020 წლიდან მიდიოდა საუბარი, რომ არ ყოფილიყო სანქცირებული ქართული პროდუქტები.
„ეს წერილი ყველას გაეგზავნა. როდესაც მეგობარი ქვეყნის შენი კოლეგა, თან ამ დონის წარმომადგენელი ამ ვითარებაში იმყოფება, ხისტი პასუხის გაცემა არც სწორი და არც პოლიტიკურად გამართლებულია. ემოციაზე აღარ ვლაპარაკობ, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ხალხი, ადამიანები იხოცებიან. ამ წერილთან დაკავშირებით შეიძლება მხოლოდ ერთის თქმა, ან ინფორმაცია არ აქვს, ან ჩვენ მოვიკოჭლებთ სწორი ინფორმაციის მიწოდებაში, ან არის გარკვეული კონსპირაცია, რომელიც ამ არასწორი ინფორმაციის კინცენტრაციას განაპირობებს.
რა რძის პროდუქტებზეა ლაპარაკი, 2020 წლიდან მიდიოდა ამ თემაზე საუბარი, რომ არ ყოფილიყო სანქცირებული ჩვენი პროდუქტები და განაცხადა რუსეთმა, რომ არ არის სანქცირებული. 15 კომპანია თვითონ წყვეტს, სად, რა, ვის მიაწოდოს. ამასთან, საქართველოს არ აქვს არანაირი რესურსი, მით უმეტეს, რძის რესურსი შიდა ბაზრის 15, თუ 10%-ის დაკმაყოფილებისთვისაც კი. რომელ ვაჭრობაზეა საუბარი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამასთან, ვოლსკიმ განმარტა, რატომ ვერ უერთდება საქართველო ეკონომიკურ სანქციებს.
„რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, ჩვენ ამ სანქციებს ვერ ვუერთდებით, ვინაიდან თანაზომადია და საგანგებოდ დამანგრეველი რესურსი აქვს თავად რუსეთს საქართველოს მიმართ. არათანაზომადია იმ რესურსებთან, რომელიც საქართველოს აქვს. გარდა ამისა, როდესაც ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად, ეს გარკვეულ რეაგირებას განაპირობებდა. მოსალოდნელიც იყო და აქტიურად დაიწყო რუსეთის მხრიდან საუბარი საქართველოს ტერიტორიაზე ბიოლაბორატორიების შესახებ. საქართველო მუდმივად იმყოფება საშიშროების და სამიზნის ქვეშ და ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმაც უნდა გაითვალისწინონ ეს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე, რომელსაც გააჩნია უამრავი სუსტი ადგილი, სადაც ოკუპანტს შეუძლია, დაარტყას და ქვეყანაში შეუქცევადი ნეგატიური პროცესები განაპირობოს.
საქართველოში უშიშარი და მამაცი ხალხია, მათ შორის მთავრობაც, რომელიც ზრუნავს როგორც ხალხზე, ასევე პასუხისმგებლობა აქვს აღებული ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებაზე. უსაფრთხოების გარანტიას ვერ შექმნის ვერც ხატია დეკანოიძე, ვერც მაჭუტაძე და ვერც ის ადამიანები, ვინც დღეს ხმამაღალ და ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს აკეთებენ, მათ შორის შეცდომაში შეჰყავთ ჩვენი კოლეგები და მეგობრები უკრაინაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება კითხვას, გაუგზავნით თუ არა საპასუხო წერილს უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს, – ვოლსკის თქმით, შექმნილ ვითარებაში წერილებით პოლემიკა სწორად არ მიაჩნია.
„უკრაინა ასეთ მდგომარეობაში როცა იმყოფება, სისხლში ცურავს აგრესორის და აგრესიის გამო, იმ სადისტური შეტევის გამო, აქ წერილებით პოლემიკის ატეხვა, მით უმეტეს, როდესაც ქვეყანაში გყავს მეხუთე კოლონა, რომელსაც შეუძლია, ეს გამოიყენოს ისევ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, სწორად არ მიმაჩნია. არ ვიცი, მთლიანობაში რას გადავწყვეტთ, მაგრამ მე წერილის მიწერა სწორად არ მიმაჩნია. სიმართლე თავის გზას ნახავს და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ყველა შეკითხვას, რომელიც უკრაინელ კოლეგებს აქვთ, პასუხი გაეცემა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
1 tv.ge
კომენტარები