პოლიტიკოსი და დიპლომატი ზურაბ ჭიაბერაშვილი წერს:
“უკრაინის სამხედრო წარმატების დემოკრატიული ასპექტი.
ალბათ, ბევრ თქვენგანს უკვირს, როგორ დაკარგა “მსოფლიოში მეორე არმიამ” (როგორც უკრაინელები დასცინიან) ერთი თვის განმავლობაში 7 გენერალი.
ამერიკელი, ბრიტანელი და ავსტრალიელი ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები ამის 2 ძირითად მიზეზს ხედავენ:
– კომუნიკაციის რუსული გაუმართავი სისტემის გამო გენერლებს უწევთ (ა) ღია ტელეფონით სარგებლობა. უკრაინელები იჭერენ ამ საუბრებს და შედეგი ცნობილია; (ბ) ფრონტის წინა ხაზზე გასვლა და, შესაბამისად, შედეგი ცნობილია.
ამ სტატუსით თქვენი ყურადღება მივაპყრო მეორე ასპექტს, რაზეც ამერიკელი, ბრიტანელი და ავსტრალიელი ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები საუბრობენ – ესაა გადაწყვეტილებათა მიღება.
რუსულ სისტემაში არ არსებობს პირადი პასუხისმგებლობა და ინიციატივა თვით საშუალო რანგის ოფიცრების დონეზეც კი. ყველა ბრძანება გენერლისგან უნდა მოდიოდეს. თუ პირველ საკითხს დავუბრუნდებით (კომუნიკაცია), შედეგი (7 მოკლული გენერალი ერთ თვეში) ადვილად ახსნადია.
უკრაინული არმია 2014 წლიდან დასავლელმა ინსტრუქტორებმა მცირე ჯგუფებით ომისთვის გაწვრთნეს, რაც – საკუთრივ სამხედრო მომზადებასთან ერთად – დაბალი რანგის ოფიცრების დონეზეც კი კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილებათა მიღებისა და პირადი პასუხისმგებლობის უნარ-ჩვევებს გულისხმობს.
მოკლედ, როგორი ავტორიტარულიცაა ქვეყანა, მართვისა და კონტროლის (Command and Control) ისეთი სისტემა აქვს ჯარშიც. ასეთია “მეორე არმია მსოფლიოში”.
P.S.
გუშინ დასავლურ მედიაში განხილვის ერთ-ერთი ძირითად თემა იყო რუსების მხარეს ერთი სარდლობის არარსებობა ან არაეფექტურობა. ამერიკელი, ბრიტანელი და ავსტრალიელი ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები გვეუბნებიან, რომ ვერ ხედავენ ჩრდილოეთის (კიევი, ჩერნიგოვი), აღმოსავლეთის (სუმი, ხარკოვი, იზიუმი) და სამხრეთის (ნიკოლაევიდან დონბასამდე) ფრონტებს შორის კოორდინაციას. უფრო პირიქით, სახეზეა მათ შორის კონკურენცია რესურსებისთვის, რაც კიდევ უფრო ააშკარავებს “მსოფლიოში მეორე არმიის” მმართველობით უბედურებას.”
კომენტარები