ლევან ჯავახიშვილი
“ალიას” ესაუბრება ანალიტიკოსი სამხედრო სფეროში, ვახტანგ მაისაია.
– ბატონო ვახტანგ, მეჩვენება თუ რეალურად ასე მოხდა – ნატო-ს, ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის პირველი პირების ხისტმა განცხადებებმა რუსეთის მიმართ, დროში გაჭიმა რუსეთის შესაძლო თავდასხმა უკრაინაზე? ვგულისხმობ, სტოლტენბერგის, ჯო ბაიდენისა და ბორის ჯონსონის განცხადებებს. ასევე, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყება იმანაც ხომ არ შეაყოვნა, რომ დასავლეთი რუსეთს ეკონომიკური სანქციებით, ამჯერად, რეალურად დაემუქრა და ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა სამხედრო დახმარებაც აღმოუჩინეს უკრაინას?
– ეს არის დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის, ნატო-სა და რუსეთს შორის, რადგან “დასავლეთში” თავად რუსეთი ნატო-ს მოიაზრებს. რუსეთმა ნატო-ს გაუგზავნა იმ ხელშეკრულების პროექტი, სადაც მან მე-4, მე-5 და მე-6 მუხლებში გაწერა ის წითელი ხაზები, რომლის გადალახვასაც არ აპატიებს ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს, “კოლექტიურ დასავლეთს”, მოდით, ეს ტერმინი ვიხმაროთ, უფრო მრავლის მომცველია. რუსეთმა ულტიმატუმიც წაუყენა “კოლექტიურ დასავლეთს”, სამხედრო კუნთების დემონსტრირებაც მოახდინა უკრაინის საზღვართან. რუსეთის მიერ კუნთების დემონსტრირება არა მხოლოდ უკრაინასთან, ჩვენთან მიმართებაშიც მოხდა. ოკუპაციური ზოლის გასწვრივ სანგრების გათხრა, ოკუპაციის ზოლის კიდევ უფრო წინ წამოწევა, ჩვენი მოქალაქეების გატაცება, მათ შორის, 2008 წლის ომის მონაწილეებისა… ასევე, რუსეთის მხრიდან განხორციელდა კიბერთავდასხმა ჩვენი ქვეყნის სხვა და სხვა სახელწიფო ორგანოების სერვერებზე. ცხადია, ყურადღების ცენტრში უკრაინაა, მაგრამ გარკვეული სამხედრო სახის აგრესიული აქტივობები ჩვენს მიმართაც განახორციელა რუსეთმა. თქვენ მართალი ხართ, სტოლტენბერგის, ბაიდენისა და ჯონსონის შესაბამისი ტერმინოლოგიით გაკეთებულმა განცხადებებმა თავისი როლი ითამაშა. დასავლეთსა და რუსეთს შორის დაიწყო გამალებული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი. ეს არის ჰიბრიდული ომი, რომლის მხოლოდ ორ კომპონენტს იყენებენ მოწინააღმდეგეები – საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ და ვირტუალურ ანუ კიბერ ომს. ცხადია, ესეც დრამატულია, ეს მაინც ომია, მაგრამ კონვენციურ ომს ნამდვილად ჯობია. ჰიბრიდული ომის ორი ფაზა დარჩა – ეკონომიკური და სამხედრო და თუ აქამდე არ მივა საქმე, კარგი იქნება. დასავლეთი აპირებს ომის მესამე ფაზაზე გადასვლას, რუსეთს ეკონომიკური სანქციების დაწესებით ემუქრება. თუმცა, რუსეთზე წვრილ-წვრილი სანქციები არ მოქმედებს. რუსეთმა უკვე შესძლო ამ სანქციების ფონზე, თავისი ეკონომიკური სისტემის რეფორმირება. რუსეთმა შესძლო, ქვეყანაში 80%-იანი იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოების პროდუქციით. რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, გაიზარდა შიდა ინვესტიციების რაოდენობა. რუსეთი ყოველთვის ახერხებდა მძიმე ვითარებაში ერთიანობის შენარჩუნებას. არც ისე დაჩაჩანაკებული და ეკონომიკურად წაქცეული “დერჟავაა”, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ ზოგიერთები.
– გამოდის, რომ მითია, თითქოს რუსეთის ეკონომიკა მთლიანად დასავლეთზეა დამოკიდებული?
– ყველაზე საინტერესო ეგ არის, რომ რუსეთის ეკონომიკა არ არის დასავლეთზე დამოკიდებული. რუსეთს აღარ აქვს საგარეო ვალი, დასავლეთის ქვეყნების და ფინანსური ინსტიტუტების ვალი, რომელიც 2006 წელს სრულად დაფარა. ასევე, რუსეთმა მოახერხა ამერიკული ობლიგაციებისგან გათავისუფლება და დაიწყო აზიის მიმართულებით თავისი დავალიანებების გადანაწილება. რუსეთმა მოახერხა თანამედროვე ტექნოლოგიური ელემენტების განვითარება. მაგალითად, კრიპტოვალუტის სისტემისა. აითვისა თხევადი გაზის ტექნოლოგია. რუსეთში, “გაზპრომმა” შექმნა კომპანია “ნოვატეკი”, რომელიც თხევადი გაზის ექსპორტñიმპორტზე მუშაობს. “ნოვატეკი” თხევად გაზს აწვდის ამერიკასაც და ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით, თხევადი გაზის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და მიმწოდებელია სხვა და სხვა ქვეყნებისთვის. კურიოზული სიტუაციაა. რუსული სახელმწიფო ნაკლებად არის დამოკიდებული დასავლეთის ეკონომიკაზე, რასაც ვერ ვიტყვით რუსულ ელიტაზე. აქ არის ძაღლის თავი დამარხული. დასავლეთის სანქციები, რუსი ოლიგარქების, ჩინოვნიკების ამერიკაში და ევროპაში არებულ უძრავ ქონებას, ბიზნესს, იქაურ ბანკებში მათ ანგარიშებს შეუქმნის საფრთხეს.
– ამით დასავლეთი ცდილობს, პუტინს საკუთარი ხელისუფლების წარმომადგენლები, რუსული ელიტა დაუპირისპიროს და განხეთქილება ჩამოაგდოს მათ შორის? თუ სანქციები დაუწესეს, მათ მართლაც ბევრი ექნებათ დასაკარგი.
– კი, გარკვეულწილად ასე არის, რუსეთის ბომონდი დაზარალდება თუ სანქციები იქნება და რუსეთის სახელმწიფო-ნაკლებად. რუსეთმა ერთგვარი მახე დაუგო დასავლეთს, რასაც ულტრაñლიბერალები ვერ ხედავენ და მარტო იმაზე აპელირებენ, რომ ეკონომიკური სანქციებით რუსეთს ერთ კვირაში დაშლის დასავლეთი და დაამშევს. ფაქტებზე დაფუძნებულ საწინააღმდეგო არგუმენტს ეტყვი და და სათქმელი რომ აღარაფერი რჩებათ, რუსეთის მომხრეობას გწამებენ. ადრე თუ ლენინისტები იყვნენ, ესენი ტროცკისტები არიან. ცალმხრივად აკეთებენ ანალიზს, აი, რუსეთს გაზის მაგისტრალს, “ჩრდილოეთ ნაკადი-2” -ის მშენებლობას დაუბლოკავენ. სამაგიეროდ, რუსებმა უკვე შემოუგდეს “სამხრეთ ნაკადი”. იმაზე რატომ არ ლაპარაკობენ, რომ “სამხრეთ ნაკადიდანაც” გადის რუსული გაზი და მას პირდაპირ აწვდის აღმოსავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს? აგერ, ახლახან, უნგრეთის პრემიერი, ორბანი ჩასული იყო რუსეთში და გაზის მიწოდებაზე ახალი კონტრაქტები გააფორმა. ავსტრია რუსულ გაზზეა დამოკიდებული. ევროკავშირის ქვეყნებიდან პოლონეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები აქტიურობენ უკრაინის მხარდასაჭერად, დანარჩენები ცდილობენ, უკრაინის გამო საკუთარი ინტერესები არ დააზარალონ. ხმას არ იღებენ უნგრეთი, ავსტრია, იტალია, ესპანეთი და ბულგარეთიც კი. არც ეხმარებიან უკრაინას. ეს ქვეყნები “სამხრეთ ნაკადიდან” იღებენ გაზს და უკრაინის გამო ამაზე უარის თქმას არ აპირებენ, ჯერჯერობით ასეა, რადგან საწინააღმდეგო განცხადებები არ გაუკეთებიათ. თუ დასავლეთი “ჩრდილოეთ ნაკადი-2”-ის მშენებლობის დაბლოკვას აპირებს, რატომ არ ბლოკავს “ჩრდილოეთ ნაკადი-1”-ს, რომელიც უკვე ამოქმედებულია და ევროპის ქვეყნებს მიეწოდება გაზი გერმანიის გავლით? რა გამოდის ახლა? ორი ნაკადი მუშაობს, საიდანაც რუსეთი გაზს აწვდის თითქმის მთელ ევროპას და მშენებარე “ჩრდილოეთის ნაკადი-2” უნდა დაბლოკონ, საიდანაც დამატებით 95 მილიარდი კბ.მ. გაზი უნდა მიაწოდოს რუსეთმა ევროპას? ცოტა არ იყოს, ღიმილის მომგვრელი და უცნაური მუქარაა. “სვიფტიდან” გათიშვითაც ემუქრება დასავლეთი რუსეთს. “სვიფტი” საერთაშორისო საგადასახადო სისტემაა. ამან შეიძლება დასავლეთის სახელმწიფოებიც დააზიანოს. ელემენტარულად, თუ “სვიფტიდან” ჩახსნიან რუსეთს, ევროპის ქვეყნები ვერ მიიღებენ გაზს, ევროპა და სხვა ქვეყნები ვერ მიიღებენ იმ ნედლეულს, რასაც რუსეთი აწვდის მათ და ამის გამო, ძალიან დიდი ბიზნესები გაჩერდება მრავალ ქვეყანაში, აღარაფერს ვამბობ ევროპის მოსახლეობაზე, რომელსაც თუ გაზის მიწოდება შეუწყდათ უკრაინის გამო, მძიმე დღეში ჩავარდებიან. რუსეთი არ არის საბჭოთა კავშირი, რუსეთი საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაა და ჩართულია საბაზრო ეკონომიკის და სხვა საერთაშორისო გლობალიზაციის ყველა სისტემაში. ასე მარტივი არ არის რუსეთის სახელმწიფოსთვის სანქციების დაწესება. აქვე დავძენ, რომ გაზის ფასმა მოიმატა ასტრონომიულად 1500$ ღირს 1000 კბ.მ. გაზი, ნავთობის ფასი უახლოვდება 100 დოლარიან ნიშნულს. გაზსა და ნავთობზე ფასის ამგვარი მატება 2008 წლის აგვისტოს ომის წინ იყო. მაშინ 120$-ს მიაღწია ნავთობის ფასმა და გარდა იმისა, რომ ჩვენ ომი მოგვიგო, ტერიტორიები წაგვართვა, მაშინ რუსეთმა სოლიდური ეკონომიკური მოგებაც ნახა ნავთობის რეალიზაციით. ეს წინასაომარი პრელუდია მეორდება ახლაც. რუსეთმა დასავლეთიდან შემოსული ფულით შეძლო სამხედრო ტექნოლოგიების მოდერნიზაცია, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა…
– რამდენად რეალურია, რომ შეიქმნას “მცირე ანტატა” ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის მონაწილეობით და რას შეცვლის ეს ალიანსი?
– კარგი იქნებოდა ამ სამხედრო-პილიტიკური ალიანსის შექმნა, რადგან ეს ყველაზე რეალური გადადგმული ნაბიჯია რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაკავებლად. ამ ფუნქციების შესრულება კი ნამდვილად არ შეუძლია ნატო-ს, ეს გამოჩნდა კიდეც, იმიტომ, რომ უკრაინა არ არის მისი წევრი სახელმწიფო და მასზე ვერ განხორციელდება გათვალისწინებული ვალდებულებები. როგორც ჩანს, ბრიტანეთმა და პოლონეთმა მონახეს ოპტიმალური ვარიანტი, რომ რეალური დახმარება აღმოუჩინონ უკრაინას სამმხრივი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის სახით. ნატო არ არის ერთადერთი სამხედრო ალიანსი და შესაბამისად, მასზე არაა ასეთი ალიანსების ჭიპლარი გადაჭიმული. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამ აშშ-მა, ავსტრალიამ და ბრიტანეთმაც გააკეთეს ჩინეთის წინააღმდეგ. ამასთან, არსებობს კიდევ ერთი საკითხი – ის, თუ რამდენად ჩაერთვებიან ბრიტანეთი და პოლონეთი საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში. შესაძლოა, ეს უფრო პოლიტიკური დეკლარაციაა, რომელიც რუსეთზე ფსიქოლოგიური კუთხით არის გათვლილი. ვნახოთ, დრო გამოაჩენს ყველაფერს და ამ “მცირე ანტატის” შექმნის რეალობასაც.
– ბატონო ვახტანგ, ის შეიარაღება, რაც დასავლეთის ქვეყნებმა გადასცეს უკრაინას, რამდენად ადეკვატურია იმ სამხედრო ძალის წინააღმდეგ, რომელიც შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს დასავლეთის წინააღმდეგ?
– ძალიან კარგი კითხვაა. დასავლეთს ძალიან გვიან გაახსენდა უკრაინა. თავის დროზე ეს შეიარაღება რომ მიეწოდებინათ უკრაინისთვის, არ ეკეკლუცათ რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინისა დიდი ნაწილის ოკუპაციასა და ყირიმის ანექსიაზე, დღეს ვითარება გაცილებით სტაბილური იქნებოდა. პირდაპირ გეტყვით. უკრაინა არც საქართველოა და არც ბალტიისპირეთის რესპუბლიკები. უკრაინასთან ომი არ იქნება იოლი. უკრაინელებს საბრძოლო სულისკვეთება არ აკლიათ. მეორე მსოფლიო ომი, მარტო რუსების საბრძოლო სულისკვეთებას არ მოუგია, უკრაინისა და ბელარუსის წყალობითაც მოიგეს. თუ შეიძლება ასე ითქვას, უპირველესად, სლავური საბრძოლო და პატრიოტული სულისკვეთებით მოიგეს. თუმცა, საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებს არ ვუკარგავ ამ ომში ღვაწლს, გაღებულ მსხვერპლს, მაგრამ ფაშიზმთან ბრძოლის ავანგარდში ეს სამი ერი იდგა. ეს კარგად იციან რუსებმა, უკრაინელი თუ გაჯიუტდა, ტოლს არ დაუდებს რუს მებრძოლს. რაც შეეხება უშუალოდ თქვენს კითხვას, რაც უკრაინას მიაწოდა დასავლეთმა, ეს არის ზღვაში წვეთი. ცხადია, ეს შეიარაღება არ არის საკმარისი რუსეთის აგრესიის სრულად შესაკავებლად. დროის ფაქტორიც მნიშვნელოვანია, ზოგიერთი თანამედროვე ტიპის იარაღი გადასცეს უკრაინას და მათ ათვისებას, შესწავლას და გამოყენებას დრო სჭირდება. ცოტა ადრე რომ გადაეცათ, უკეთესი იქნებოდა. რაც უკრაინას მიაწოდეს, ტაქტიკური და თავდაცვითი სახის შეიარაღებაა. ტანკსაწინააღმდეგო, ჯავშანსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები. ეს შეიარაღება გათვლილია იმაზე, რომ რაღაც პერიოდის მანძილზე, რუსეთის ავიაცია შეაკავონ და არ ჩაიგდოს ხელში ჰეგემონობა ცაში. უკრაინული და რუსული ავიაციის შედარება შეუძლებელია, იმდენად დიდი უპირატესობა აქვს რუსეთს. თუმცა, თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მეშვეობით, შესაძლებელია რუსეთის შეკავება მოკლე პერიოდში მაინც. მინიმალური ადეკვატური თავდაცვის საშუალებები გააჩნიათ უკრაინელებს, მაგრამ თუ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები განახორციელა რუსეთმა, უკრაინის შეიარაღებული ძალები მას ვეღარ შეაკავებენ.
– რუსეთმა და უკრაინამ მინსკის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც, დონბასსა და ლუგანს უნდა მიეცეთ განსაკუთრებული სტატუსი. ეს სტატუსი მათ ავტონომიურ რესპუბლიკებად გადაკეთებას გულისხმობს. მინსკის შეთანხმებას ხელს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პოროშენკო აწერს ხელს. შემდეგ, “ნორმანდიის ოთხეულის” ფარგლებში და მინსკის შეთანხმების საფუძველზე, ხელი მოეწერა ახალ შეთანხმებას, რომელსაც ხელს პოროშეკო და უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი, ზელენსკი აწერენ. ამ შეთანხმების თანახმად, როდესაც ლუგანკსა და დონბასში შეიქმნება ავტონომიური რესპუბლიკები, მათ უკრაინის საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმნიშნელოვანესი საკითხების დაბლოკვის უფლება ექნებათ, შეეძლებათ, უკრაინის რადას გადაწყვეტილებას ვეტო დაადონ. რუსეთს შეთანხმების გარანტორებად გერმანია და საფრანგეთი დაუდგნენ. ლუგანსკისა და დონბასის ავტონომიებს რუსეთი გააკონტროლებს, ეს უცხადესია და გამოდის, თუ უკრაინამ მიიღო ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება, ეს ორი ავტონომია მას ვეტოს დაადებს. რუსეთს აქვს პოლიტიკური ბერკეტი, ომის გარეშე დაბლოკოს უკრაინა ნატო-ში. ასე არ არის?
– კი, ბატონო, თუ დორმანდიის ოთხეულის შეთანხმება სისრულეში მოიყვანეს, მაშინ ყველაფერი თავისით დალაგდება თავის ადგილას, უკვე რუსეთისათვის მომგებიანი ვარიანტით.
– ომის გარეშე?
– რა თქმა უნდა, ომის გარეშე. არ ვიცი, შესაძლოა, მხარეები აქეთკენაც მიდიან. მარტში ან აპრილში გაირკვევა ყველაფერი, მაშინ გაირკვევა, ომი იქნება თუ დიპლომატიური და პოლიტიკური მეთოდებით მოგვარდება კრიზისი.
კომენტარები