„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, გიორგი რურუას გასათავისუფლებლად დაცვის მხარე მზადაა, გირაოს სახით, ნებისმიერი ოდენობის თანხა გადაიხადოს. ამის შესახებ „2020NEWS“-თან საუბრისას მედიამფლობელის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა:
-მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებები იქნა სამი მოსმენით მიღებული, არა ერთი განცხადება გაკეთდა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მათ შორისაა: სენატორ რიშის განცხადება, ამერიკის ეროვნული თავდაცვის აქტში შესწორების პროექტი, სადაც რურუა მოხსენიებულია, რაც ცალსახად ადასტურებს იმას, რომ საერთაშორისო აქტორებისთვის კვლავ მნიშვნელოვანია, გიორგი რურუას გათავისუფლება.
გიორგი რურუა ციხეში იმყოფება პოლიტიკური გადაწყვეწტილების გამო. ის იმყოფება ციხეში არა იმიტომ, რომ მას პრობლემა ჰქონდა კანონთან, არამედ იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა პრობლემა მის სამოქალაქო აქტივიზმთან და მის კრიტიკასთან ხელისუფლების მიმართ.
აქედან გამომდინარე, რადგან ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამის საფუძველზე იმყოფება საპატიმროში, მე ვერ ვიტყვი, რა პოლიტიკური გადაწყვეტილება შეიძლება იქნას მიღებული მომავალში.
ცხადია, რომ გიორგი რურუას ბედი გადაწყდება პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე იმიტომ, რომ საქართველოში დღევანდელი მოცემულობით, რომელიც არის ჩვენს შემთხვევაში, მოსამართლე არ არის მიუკერძოებელი არბიტრი, რომელიც საქმის მასალების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს. ის ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს და რა პოლიტიკურ დაკვეთაც იქნება ის გადაწყდება.
გირაოსთან დაკავშირებით ჩვენ თავად გვქონდა შუამდგომლობა დაყენებული. რამდენჯერმე ვითხოვეთ გირაოთი პატიმრობის შეცვლა და თუ კი ამ ფორმით იქნება მიღებული აღკვეთის ღონისძიება, ჩვენ ცხადია, შევასრულებთ სასამართლოს განჩინებას.
კომენტარები