ოტორინოლარინგოლოგი და ცხვირის პლასტიკური ქირურგი ბატონი დავით მამისაშვილი გამორჩეული პროფესიონალიზმის მიღმა, აუცილებლად მოგხიბლავთ თავისი დადებითი განწყობით, რაც ოპერაციის წინ ყველაზე მეტად სჭირდება პაციენტს. საკუთარ გამოცდილებაზე, ოტორინოლარინგოლოგიურ პრობლემებსა და ცხვირის პლასტიკური ქირურგიის ირგვლივ არსებულ აქტუალურ კითხვებზე ბატონმა დავითმა თავად გვიპასუხა.
დავით მამისაშვილი: პროფესიული არჩევანის გაკეთებისას ბევრი არ მიფიქრია, პირიქით, ძალიან სწრაფად მივიღე გადაწყვეტილება. ბავშვობაში ხშირად მაწუხებდა ყური და მიწევდა ვიზიტები ოტორინოლარინგოლოგთან, ალბათ ამან მიბიძგა, რომ ამ მიმართულებით წავსულიყავი. ამჟამად ჯანმრთელობის სახლში, ნიუ ჰოსპიტალსა და ჯეო ჰოსპიტალის ქსელში ვმუშაობ.
– პლასტიკური ქირურგიითაც ხართ დაკავებული, ბევრი გენდობათ და ეს ალბათ დიდი პასუხისმგებლობაა…
– რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანის ვიზუალურ ცვლილებას ეხება საქმე, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. არის პაციენტების კატეგორია, რომელიც მენდობა და ითვალისწინებს ჩემ რჩევას, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც ფოტოები მოაქვთ და მთხოვენ იდენტური ცხვირის გაკეთებას, რაც ხშირად შეუძლებელია, რადგან ის ცხვირი არ შეესაბამება მათ სახის პროპორციებს, არ ჯდება მის ნაკვთებში და შეიძლება, უარესი შედეგი მივიღოთ. ამიტომ ამ ყველაფერს დაწვრილებით გავდივარ პაციენტთან და ერთად ვირჩევთ მისთვის შესაბამის ცხვირის ფორმას.
– რამდენად ძლიერი ხართ ცხვირის პლასტიკაში?
– ვფიქრობ საკმაოდ ძლიერი ვარ, კიევში მიღებულ გამოცდილებას დაემატა ქართული პრაქტიკა რამდენიმე გამოცდილი ქირურგის გვერდით და ვფიქრობ, ბევრი კარგი შედეგი დამიგროვდა, რაც მთავარია, მყავს უამრავი კმაყოფილი პაციენტი, რომლებიც ახლა უკვე საკუთარ ახლობლებს მიგზავნიან, ქირურგისთვის მთავარია, როგორ შედეგს დადებს, რასაც მე ნამდვილად არ ვუჩივი.
– ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა ცხვირის ფილერით გასწორება, ამ მეთოდზე რა აზრის ხართ?
– დიახ, ნამდვილად ძალიან მოდური და პოპულარული გახდა ფილერი, ჩემი პირადი მოსაზრება დადებითი არ არის, ძალიან ბევრი უკუჩვენება აქვს და ხშირად არასასურველი შედეგით მთავრდება. ცხვირის ფილერით გასწორების დროს, ორგანიზმში შედის უცხო სხეული და ავსებს იმ ადგილს, შემდგომ ცხვირი ხდება მოდუნებული და შეიძლება სასურველი შედეგი პლასტიკური ოპერაციის შემდეგაც ვერ მივიღოთ. ამიტომ თუ ფიქრობენ პლასტიკურ ოპერაციას, ჯობს, პირდაპირ ეს ნაბიჯი გადადგათ.
– ტუჩის ფორმის ცვლილებაზე რას გვეტყვით?
– ტუჩებზე ძალიან იშვიათად მიწევს მუშაობა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, უფრო ხშირად, ყურებსა და ცხვირზე ვმუშაობ, თუმცა, როდესაც ვაკეთებთ „კურნოსა“ ცხვირს, იმ შემთხვევაში ხდება მანძილის შემცირება ტუჩსა და ცხვირს შორის, ზედა ტუჩი ფართოვდება და ზემოთ იწევა, შესაბამისად, უფრო გამოკვეთილი ხდება.
– ყველაზე რთული ოპერაცია რასაც წარმატებით აკეთებთ რა არის?
– ალბათ ცხვირის პლასტიკური ოპერაცია, ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო ოპერაციაა, რომელსაც თან ახლავს ბევრი გართულება და თითოეული უმნიშვნელო ნიუანსიც კი, გასათვალისწინებელია.
– ღია მეთოდით მუშაობთ?
– ღია მეთოდით ვაკეთებთ ცხვირის კონსტრუქციას, არ ვარღვევთ ანატომიურ სტრუქტურას. ღია მეთოდით, ქირურგი თითოეულ დეტალს აწყობს თვალის ხედვით, რაც დახურული მეთოდით არ ხდება.
– ბევრი პაციენტი მოდის თქვენთან ოპერაციის შედეგად „გაფუჭებული ცხვირით“?
– არც თუ ისე იშვიათია ასეთი პაციენტები და ეს ყველაზე რთული სამუშაოა. ასეთი ოპერაციების ხანგრძლივობაც მეტია, ასეთ დროს ზოგჯერ გვიწევს მასალის აღება ყურის ხრტილიდან და ცხვირში გადანერგვა, შემდეგ ხდება ამ ხრტილოვანი ნაწილებით ცხვირის კონსტრუქციის აწყობა.
– რა რჩევებს მისცემთ ჩვენს მკითხველს, როგორ ამოვიცნოთ და ავირიდოთ ოტორინოლარინგოლოგიური პრობლემები?
– უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი კვება, ვარჯიში და ჰაერის გამოცვლა. მშობლები უნდა იყვნენ ძალიან დაკვირვებული ბავშვებთან მიმართებით. როდესაც წელიწადში რამდენჯერმე მეორდება ანგინა, აუცილებელია, რომ ამოიკვეთოს ტონზილები, როდესაც არის სუნთქვის პრობლემები, ბავშვი ან თუნდაც ზრდასრული აჩერებს სუნთქვას, აუცილებელია სუნთქვის მოწესრიგება, რადგან სწორი სუნთქვა, ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი საწინდარია.
– გართულებებიდან როგორ დავიცვათ თავი?
– თუ ვირუსის ან ალერგიული ფონის შედეგად ძალიან დიდხანსაა ჩაკეტილი ცხვირი, შეიძლება წავიდეს სინუსიტი ანუ წიაღების ანთება და შემდგომ მოხდეს სხვადასხვა გართულებები, ამიტომ როდესაც ცხვირი ჩაიკეტება, პაციენტმა მაქსიმუმ 5 დღის განმავლობაში უნდა გამოიყენოს სისხლძარღვის შემავიწროვებელი წვეთები, ჩაიტაროს ფიზიოლოგიური გამორეცხვები და თუ გაგრძელდა ჩივილები, აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან.
– პანდემიის გამო თუ შემცირდა ოპერაციები და კოვიდის პირობებში, რამდენად საფრთხის შემცველია ოპერაციის დაგეგმვა?
– გეგმიურ ოპერაციებს ვაკეთებთ, თუმცა ბევრი პაციენტი პანდემიის პირობებში თავს არიდებს ოპერაციების დაგეგმვას, შესაბამისად შემცირდა. პაციენტი როდესაც გეგმავს ოპერაციას, უნდა ეცადოს, წინა პერიოდში ნაკლები კომუნიკაცია ჰქონდეს, ჩვენი მხრიდან, ყველა საოპერაციო პაციენტს უტარდება პისიარ ტესტი, მედ პერსონალი 2 კვირაში ერთხელ ვიტესტებით და ჯერ არ გვქონია შემთხვევა, რომ პაციენტი გართულებულიყოს კოვიდ ინფექციით.
– როგორ შეაფასებთ საკუთარ პროფესიონალიზმს?
– ვფიქრობ, ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ და ყველა ოპერაციას იდეალურად ვაკეთებ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, ერთ ადგილზე არ უნდა იდგეს ექიმი, უნდა განვითარდეს, ფეხი აუწყოს თანამედროვე მედიცინას.
– საოცრად დადებითი პიროვნება ხართ, აქტიური ხართ სოციალურ ქსელებშიც, ალბათ თქვენი განწყობა პაციენტებისთვისაც გადამდებია.
– მაქსიმალურად ვცდილობ, გავამხნევო პაციენტი და პოზიტიური განწყობით შევიდეთ ოპერაციაზე. თავადაც ვინარჩუნებ დადებით განწყობას, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს თავისი პატარ-პატარა სტრესები, მაგრამ ამას არავის ვახვევ თავს. რთულია, ამ პერიოდში პოზიტივის შენარჩუნება, მაგრამ ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას და კარგ განწყობას.
ვიდეო პოზიტიური განწყობისთვის – „ექიმებიც ვრეპავთ ხოლმე:)))“
ავტორი: ნინო მახარაძე
კომენტარები