სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და სემეკის წევრებმა რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან, ქვემო ქართლის გუბერნატორთან გიორგი დოხტურიშვილთან და რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი შატაკიშვილთან ერთად ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების შესახებ შპს „რუსთავის წყლის“ პრეზენტაცია მოისმინეს და ადგილზე გაეცნენ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
„მოვისმინეთ კომპანიის გეგმა და ადგილზე გავეცანით მიმდინარე სამუშაოებს, რომლებიც ტარდება იმისთვის, რომ ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემაში მინიმუმამდე შემცირდეს გათიშვების რაოდენობა და გაუმჯობესდეს სასმელი წყლის მიწოდების ხარისხი. მოგეხსენებათ, სემეკის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2023 წლის ბოლომდე ქ. რუსთავში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას, სათავე ნაგებობას, გამოიცვლება მილსადენის ამორტიზებული მონაკვეთები, მოცულობითი სამუშაოები ჩატარდება ქუჩებზე, სადაც ყველაზე ხშირად ფიქსირდება დაზიანებები. სემეკის შესაბამისი დეპარტამენტი მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს მიმდინარე სამუშაოებზე. ამ ეტაპის მონაცემებით, კომპანია ასრულებს სემეკთან შეთანხმებულ საინვესტიციო გეგმა-გრაფიკს,“- აღნიშნა დავით ნარმანიამ შპს „რუსთავის წყლის“ მიერ მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას.
ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაციისათვის 2023 წლის ბოლომდე ჯამში 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. „რუსთავის წლის“ მიერ წარმოდგენილი გეგმის შესაბამისად, დღემდე განხორციელდა 200 მეტრი სიგრძის 400 მმ-იანი ფოლადის მილების რეაბილიტაცია. წელსვე, ქ. რუსთავში დაგეგმილია შოთა რუსთაველის სახელობის მოედნის მაგისტრალური ქსელის, ასევე 9 ძმა ხერხეულიძის, ლერმონტოვის, შევჩენკოსა და მარჯანიშვილის ქუჩების წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია.
კომენტარები