საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სემეკის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარადგინა. დავით ნარმანიამ დეპუტატებს გააცნო ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარების ტენდენციები. კომიტეტმა სემეკი 2021 საქმიანობის ანგარიშს დადებითი შეფასება მისცა.
სემეკის 2021 საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, სხვა საკითხებთან ერთად დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატზე. სემეკის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ექსპერტების მიერ კომისიაში განხორციელებული სამუშაოებისა და აუდიტის საფუძველზე დადგინდა, რომ კომისიის საქმიანობის ხარისხი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისოდ აღიარებულ ხარისხის მართვის მოთხოვნებთან.
სემეკის თავმჯდომარემ დეტალურად მიმოიხილა რეგულირებადი სექტორები: „2021 წელს ეელექტროსადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 4.524.5 მგვტ შეადგინა. 2021 წლის იანვრის მეორე ნახევრიდან მარტამდე ენგურჰესი სარემონტო სამუშაოების გამო გაჩერებული იყო, მაგრამ, მიუხედავად აღნიშნულისა, 2021 წლის საბოლოო წლიური გამომუშავება, წინა წელთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, შიდა მოხმარება, 2011-2021 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საშუალოდ 4.2%-ით იზრდება.
2021 წელს ქვეყანაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა გაიზარდა 0.9%-ით და 2.5 მლრდ კუბ.მ შეადგინა. საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მოხმარებამ 2021 წელს 1,220 მლნ კუბ.მ შეადგინა, არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოხმარებამ კი 1,284 მლნ კუბ.მ-ით განისაზღვრა, საიდანაც 496 მლნ კუბ.მ თბოსადგურების მოხმარებას შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებრივი გაზი კვლავ რჩება ენერგიაზე საბოლოო მოთხოვნის დაკმაყოფილების უმთავრეს წყაროდ. 2021 წელს ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.4% დაკმაყოფილდა იმპორტით. საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანის რესპუბლიკა.
რაც შეეხება წყალმომარაგების სექტორს, წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიების მომხმარებელთა რაოდენობა 2021 წელს 2020 წელთან შედარებით გაიზარდა 5.8%-ით, რაც შეადგენს 63,329 აბონენტს. 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში წყალმომარაგების სექტორში ოპერირებდა წყალმომარაგების 9 ლიცენზიატი. მოსახლეობის 67%-ს სასმელი წყლით უზრუნველყოფს წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანია, ხოლო 33%-ს – ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულები“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ ანგარიშის წარდგენისას.
კომენტარები