საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილება მიიღო განახლებადი ენერგიების შესახებ ღონისძიებაში – „მომავალი განახლებად ენერგიაშია“. დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა სემეკის როლზე განახლებადი ენერგიების რეგულირების მიმართულებით და ყურადღება გაამახვილა ნეტო-აღრიცხვის სისტემაზე.
„სემეკმა ნეტო-აღრიცხვის რეგულაცია 2016 წელს დანერგა. რეგულაცია მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლის მოთხოვნებსა და საბაზრო პრინციპებზე.
მისასალმებელია, რომ ნეტო-აღრიცხვის ფარგლებში განახლებადი ენერგიების გამოყენება სულ უფრო და უფრო იზრდება. სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე საგრძნობლად არის გაზრდილი, რაც განპირობებულია სემეკის მიერ მიღებული ხელშემწყობი და წამახალისებელი რეგულაციებით. ბოლო მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 43 მეგავატს აჭარბებს.
სემეკის რეგულაციების შესაბამისად, საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების – მზის, ქარის, წყლის, მათ შორის ჩამდინარე წყლის გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას.
საგულისხმოა, რომ ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მზის პანელების საპროექტო და სამონტაჟო კომპანია „Green Energy“-ს საინფორმაციო ღონისძიების „მომავალი განახლებად ენერგიაშია“ მიზანს წარმოადგენდა განახლებად ენერგიებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს შორის მოსაზრებების გაზიარება. ღონისძიებაში მონაწილება მიიღეს სამთავრობო ორგანიზაციების, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა.
კომენტარები