საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სტუდენტებისთვის, ენერგეტიკის საკითხებზე საჯარო ლექცია წაიკითხა. საჯარო ლექციას ესწრებოდნენ სხვადასხვა თვითმმართველი უწყების წარმომადგენლები, სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი პირები.
დავით ნარმანიამ დეტალურად ისაუბრა დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის ფუნქციებსა და როლზე, მიმოიხილა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული მდგომარეობა. სემეკის თავმჯდომარემ საჯარო ლექციის მსმენელებს გააცნო სემეკის მიერ დანერგილი გამარტივებული კომუნალური მომსახურებები და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრაქტიკა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგები, სემეკის შიდა მენეჯმენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიები.
„დაინტერესებულები ვართ, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ იცოდეს ენერგეტიკისა
და წყალმომარაგების სექტორებში არსებული სიახლეები, დამოუკიდებელი
მარეგულირებელი კომისიის საქმიანობა. აღნიშნული ინფორმაცია განსაკუთრებით
ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო მოხელეებისათვის, ეთნიკური თუ ეროვნული
უმცირესობებისათვის, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოქალაქეებისათვის.
სწორედ ამ მიზნით, აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა უწყებებსა თუ
ინსტიტუტებთან. დღევანდელი საჯარო ლექციაც ემსახურება მეტი ინფორმაციის
მიწოდებას საზოგადოებისათვის.
სემეკს, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც,
სემეკის წარმომადგენლები გაუზიარებენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას სკოლის
მსმენელებს, რაც ხელს შეუწყობს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე უფრო
მეტი მოქალაქის ცნობიერების ამაღლებას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
კომენტარები